VI

     კაპიტალიზმს წიგნის წიგნის გამომცემელი ჰყავს; სოციალიზმს – გამომცემლობა. ახლა ჩვენშიც ბრუნდებიან გამომცემლები; და სიამოვნებით გამოსცემენ ზღაპრებს. კაცობრიობის „ბავშვობის“ ამ სანუკვარ სათამაშოებს… და მხატვარიც უშურველად შედის ამ კეროლისეულ სასარკეთში, როგორც ყოფიერების ხალხური იდეალის გაცისკროვნებულ სამოთხეში. ზღაპრის ქართულ ილუსტრაციათაგან ცოტაა „ზღაპრული“ ილუსტრაცია. და მაინც, ზღაპარში უფრო ეხსნება მხატვარს ტექსტის ილუსტრირებული მარგინალიზაციის კარი. ზღაპარი უფრო ჰგუობს დასურათების გაკრულ ხელწერას. ასეთი „ფაქსიმილეები“ უფრო კარგად მეზობლობენ შრიფტის გრაფიკასთან; უფრო სიმპათიურად გამოიყურებიან; უფრო წიგნურნი არიან. ვითარება რთულდება, როცა ილუსტრაციები, სადაც ლიტერატურული და იკონიკური რიგები აჭრილია და ტექსტს ეძალება ასოციაციების თავისუფალი ნაკადი. პარალელური რიგები მხოლოდ მაშინ ჩანს, როცა მხატვარი ლიტერატურული კლავირის ნოტების მიხედვით მღერის; თავის სუბიექტურ ფიქრსა თუ გრძნობას მარტოოდენ საკუთარი ხმის ინტონაციაში, ინტერპრეტაციაში „აბანდებს“… ოღონდ, როცა ილუსტრატორი მუსიკასაც თხზავს, ძალაუნებრივად გამოხშირავს ხოლმე ორიგინალის მელოდიას. სწორედ ამგვარ ტოპოსში იბადება ასოციაციური ილუსტრაცია. „А свободный стих-это слюна, на которую обращаешь внимание тогда, когда она бешенна„ – წერდა ბორის პასტერნაკი. ეტყობა, ასოციაციურ ილუსტრაციასაც მაშინ აქვს ფასი, როცა „ცოფებს ყრის“. ასეთი არტისტული ცოფიანობა კი რჩეულთა ხვედრია! და ბოლო მარგინალია: პიი სერვიენი ამბობდა, ბუალო თეთრ ლექსებს წერდა რითმებით; ბანვილი – სტრიქონში დამატებულ რითმებსო. წიგნის გრაფიკაშიც ასეა: არიან მხატვრები, რომლებიც ილუსტრაციის სურათს ხატავენ; და არიან მხატვრები, რომლებიც ასურათებენ…

დაუსრულებელი ფუგა

პარიზი. მაზარინის ქუჩა. 1975 წელი. 24 დეკემბერი. შობის ღამე. აი, ისეთი, ილიაზდის რომანში – „Восхищение“ რომაა აღწერილი. ილიაზდის ჩაი მოუნდება. შედის ოროთახიანი ატელიეს ვიწრო სამზარეულოში, აიღებს ჩაიდანს და… კვდება… უჩვეულო ხმის გაგონებაზე ილიაზდის ცოლი შედის სამზარეულოში და კედელზე მიყრდნობილი ქმარი ხვდება. უკვე მკვდარი, ჯერ ისევ ფეხზე მდგომი… ასე აღესრულა დიდი ფუტურისტი, მერე კვაზიდადაისტი, და ბოლოს, თავისი დროის ყველაზე ლამაზი და ნიშნეული წიგნების გამომცემელი. ეტყობა, ასე უნდა მომკვდარიყო ზდა – მოკრძალებული ღიმილით იტყვის მისი ქვრივი, ელენ ზდანევიჩი. წვანან ახლა პარიზთან ახლოს, ლევილის სასაფლაოზე, ილიაზდი და მისი მეორე ცოლი, აფრიკელი პრინცესა იბირონკე აკინსემოინი. ამ საბრალო ქალზე საკონცენტრაციო ბანაკიდან გამოყოლილი ჭლექით რომ დაიღუპა, ილიაზდმა 1943 წელს იქორწინა. 49-ში ილიაზდი გამოსცემს წიგნს – „Poesie de mots inconnus“ („გამოუცნობ სიტყვათა პოეზია“). ამ ანთოლოგიაში შეაქვს იბირონკეს ლექსები იორუბას ენაზე- არტოს, ბალას, კრუჩიონიხის, პოპლავსკის, შვიტერსის ლექსების გვერდით ბეჭდავს. წიგნს მატისის ილუსტრაციები ახლავს. საფლავზე კი, ელენის „პროექტით“, დიდი ამონიტის ანაბეჭდია. როგორც „Восхищение“-ს ყდაზე გამოსახული იდუმალი ნახატის ანარეკლი. დიდებული სპირალი, მარადისობის წრებრუნვაში, ყოველივე მიმდინარეს გარდასულთან რომ აკავშირებს. ვინ იცის, ეგებ, ოდესმე მაინც აღდგეს ეს მშვენიერი ერთობა!

 

 

 

 

 

1 2 3 4 5 6 7 8 9