ეკატერინე ჭავჭავაძის მიერ საგულდაგულოდ შენახული და ჭაბუკ ილიასათვის ნაანდერძევი, ბარათაშვილის ხელნაწერების რომანტიკულად მოუთმენელი, თრთოლვით გადაწერილი ტექსტებიც გავიხსენოთ; და „ბედი ქართლისას“ სათაურის კალიგრაფიაც… ტატოს ფაქსიმილეც ხომ გახსოვთ? ილიას ფაქსიმილე ავიღოთ: ორმაგი „ჭან“-ით და ფრთოსანი დაბოლოებით. „ვაჟა-ფშაველა“ – სრული ვერსიით. „აკაკი“ – აკაკი წერეთლისეული სივრცეში გაფრენილი „კან“-ით… და როგორი თავშეკავებული გემოვნებით სვამს თავის ყდებსა თუ შმუცტიტულებში ამ უკვდავ ფაქსიმილეებს ლადო გრიგოლია! ამ ფაქსიმილეებში ხმა მოისმის, მწერლის ხმა! და იქნებ, იმ ხმის მაგიაც კალიგრაფიულად აღბეჭდილი სიტყვა რომ გამოსცემს! ხმისა, რომელზეც ამდენს ლაპარაკობს ა. მ. რემიზოვი თავის ავტობიოგრაფიულ წიგნში „Подстрежёнными глазами“, თავისი კალიგრაფიის მასწავლებელს – ალექსანდრ როდიონოვიჩ არტემიევს რომ იხსენებს, ზედმეტსახელით „Вий“. სწორედ ამ მემუარულ თხზულებაში მოგვითხრობს რემიზოვი, როგორ მუშაობდა თავის „ხელზე“ გოგოლი; და როგორ „შემოესმა“ ამ დროს „შინელის“ გმირის ჰაბიტუსი. გადაწერისას ხვდებოდა, თურმე, დიდი მწერალი, რომელი ასო-ნიშანი იყო მისი ფავორიტი, ანდა რომელი ასო იყო თავად. და ამ დროს მის სახეზევე ამოიკითხავდით იმ ასოებს, მისსავე კალამს რომ გამოჰყავდაო! მიმიკისა და მიმიკრიის მთელი თეატრია! ხელნაწერი ტექსტის რეცეფციის პროცესში ავტოგრაფის ორნამენტული და ემოციური სიგნალები რუსმა ფუტურისტებმა მოგვცეს. 1913 წელს იწერება ვ. ხლებნიკოვისა და ა. კრუჩიონიხის მანიფესტი „Буква как таковая“. მანამდე კი, 1912 წლის ოქტომბერ-დეკემბერში, გამოდის პირველი ლითოგრაფიული წიგნაკები: „Старинная любовь“, „Игра в аду„, ნახევრადკუსტარული გამოცემები, “Скоморошьи альбомчики„, როგორც უძახდა აღშფოთებული ალ. ბენუა უნიჭიერესი ლარიონოვის „ჯამბაზობებს“. ტფილისურმა ავანგარდმაც გაიზიარა რუს ფუტურისტთა გრამატოლოგიური ეგზერსისები. რომელი ერთი ჩამოვთვალოთ: ილია ზდანევიჩის წიგნის „Янко круль албанский „-სა თუ ტერენტიევის „Редкость нежности„-ს, ანდა ი. დეგენის „Смерть буржуа„-ს ყდები. მოხდა ისე, რომ ქართულმა წიგნის მხატვრობამ ფუტურისტული პარადიგმა ვერც მოგვიანებით მოინელა და კოლონიური კულტურის საზღვრებშივე ჩატოვა. სხვაობა, შრიფტის ქართულ გაგებასა და ფუტურისტულ პარადიგმას შორის განსხვავებად ვერ იქცა. მით უფრო, რომ მალე სტალინურმა ტოტალიტარიზმმა ჩინური კედელი აღმართა – ჩაკეტილი და მიუწვდომელი კედელი. მერე და მერე ამ კედლის მიღმაც გადაიხედეს ჩვენმა მხატვრებმა. თავად მწერლებიც დაინტერესდნენ საკუთარი წიგნების ფორმით. სტამბაში ათენ-აღამებს მურმან ლებანიძე და გოგი წერეთელთან შეხმატკბილებული გამოსცემს თავის დიდსა თუ მცირე კრებულებს. გოგი წერეთლის, როგორც პოლიგრაფიული პროექტირების „მაისტერის“ გემოვნება, პოეტურ სიტყვასთან მიმართებაში ჩამოყალიბდა. ესაა მთელი სპექტრი – რთული სიმბოლიკიდან წიგნური ნიშნის კლასიკურ სტერეოტიპამდე. გოგი წერეთელს, როგორც გამოცდილ დაზგურ გრაფიკოსს, წიგნიც – განშლის კომპოზიციით დაწყებული, შრიფტის გარნიტურით დამთავრებული – თვითგამოხატვის სცენად წარმოუდგება და ოსტატურად ათანხმებს დეტალს – მთელთან.
ასე აღწევს მხატვარი იერარქიულ ჰარმონიას „უმნიშვნელო“ ხაზშიც, ლაქაშიც… სიცარიელეშიც კი ნიშნურ ხასიათს ჭვრეტს და ყველა პირობას გვიქმნის, რათა წავიკითხოთ წიგნი. ტექსტი კი არა, მთელი წიგნი!

 

* * *

     და ბოლო პაუზაც: წიგნის ქრონოტოპში დაპაუზების არაერთი ხერხი არსებობს, თუნდაც, მსხვილი ლიტერინიციალით აღნიშნული სათაური. მხატვრულად კი რელევანტური მაინც ორნამენტია – შრიფტის გვერდით სემიოტიკურად ორნამენტი მუშაობს. ორნამენტი დროდადრო გადართავს ხოლმე მკითხველის ყურადღებას და თავისებურ „მუსიკალურ მომენტად“ აღიქმება. 35 წელი დაშვრა დავით კაკაბაძე პროექტზე – „ქართული ჩუქურთმის გენეზისი“ და ისე წავიდა ამ ქვეყნიდან, რომ 1947 წლისათვის უკვე დასრულებულ კვლევათა სინთეზი აღარ დასცალდა (თუ არ დააცადეს). კაკაბაძის ინტერესის საგანი წნულის ელემენტია. „წნულში არის აბსტრაქტობა, განყენებულობა, არამიწიერობა, არარეალურობა _ რითაც ხასიათდება ქრისტიანობა“ – წერდა მხატვარი. ერთ-ერთი ხელნაწერის არეზე კი ასეთი წარწერაც გაუკეთებია: „ორნამენტი – პლასტიურობა – პლასტიურობა – საგნის სივრცეში ჩაყენება“… მით უფრო სპეციფიკურია ორნამენტის „ჩაყენება“ წიგნის სივრცეში. ორნამენტი წიგნისთვის „ჭარბი“ ელემენტია; თითქოსდა, ზედმეტიც… თუმცა, ამ ზედ-მეტობაში საკუთრივ ესთეტიკური ვალიორიზაციის ხარისხიც იგულისხმება. წიგნის მატერიალური სუბსტრატისაგან განყენებული ასო-ნიშნები და თავად წიგნის კითხვის ტექნიკა – სტრიქონიდან სტრიქონზე დაუბრკოლებელი მოძრაობა ქაღალდის ისედაც „უთვისებო“ ფონს მით უფრო შეუმჩნეველს ხდის. ამასობაში, ნიშნურად დემატერიალიზებულ სივრცეს ორნამენტი აცოცხლებს და წიგნის გვერდს, კითხვისას სიცარიელედ რომ აღიქმებოდა, პლასტიკური ხედვითი რიგით მოსავს. ორნამენტი სტამბური ქაღალდის ზედაპირს მარტოოდენ ფაქტურულ-ტაქტილურ აქტივობას კი არ ანიჭებს, არამედ შრიფტის გრაფიკაშიც მომეტებულად აღნიშნავს მის დეკორატიულ-რიტმულ ხაზულობას. ფურცლის სიბრტყესთან შეფარდებული ორნამენტი ავლენს ქაღალდის ბუნებას – მისმა აღმქმელობითმა წონამ შეიძლება კიდეც დაამძიმოს გვერდი, ანუ წიგნის ფურცელი, მომეტებული სიმკვრივისა და სისქის ილუზორულობით დატვირთოს; ანდა, პირუკუ – შეამსუბუქოს… ძველ მანუსკრიპტთა მასიური ფერადოვან-ლაქობრივად დაყურსული ორნამენტი სავსებით შეესაბამებოდა პერგამენტის სიმძიმეს. აი, დღევანდელი წიგნი კი სულ უფრო და უფრო მსუბუქდება. წიგნი მუდამ ბიფუნქციონალურ იერს ატარებდა; ორი ფუნქციონალური კონტური გამოიყოფა მასში: უტილიტარული და ესთეტიკური (თუნდაც, მეტაესთეტიკური). ორივე მათგანი თავისებურად მიილტვის „პირველობისაკენ“; ორივე მათგანი ფლობს მეტ-ნაკლებად კონსტანტურ დისკურსს და რაც მთავარია, თითოეული ავლენს თავის რელევანტურ კულტურულ-მასტრუქტურირებელ ფუნქციას;
სასიცოცხლო ფუნქციას, რომელსაც პ. ბოგატირიოვისამებრ, „ფუნქციის ფუნქციაც“ შეიძლება ეწოდოს. წიგნი მაინც წიგნად რჩება. წიგნად, როგორც „აზრის ხომალდად“… ეს ფრენსის ბეკონის მეტაფორაა. ბეკონისა, რომელიც დასძენს: „თუკი ხომალდის ნაგებობა ხელოვნების სასწაულად გვეზმანება, რამდენად უფრო ფასეული უნდა იყოს დამწერლობათა მნიშვნელობა“… მართლაცდა, დამწერლობაა ის ღუზა, კულტურის ნავსადგურში რომ ჩაუშვებს წიგნს. ბორხესისა არ იყოს, ამქვეყნად ყველაფერი გაწიგნებისთვისაა განკუთვნილი. მარსელ პრუსტი კი ესე იტყოდა: „ეს წიგნი მარტო წიგნია?!“

     P P.S. ამ ათიოდე წლის წინ დევიდ ჰემონსმა ასეთი ჟესტით განაცვიფრა პუბლიკა: არტურო შვარცის მიერ მარსელ დუშანის შესახებ დაწერილი მონოგრაფიის 160 ეგზემპლარი ძველი აღთქმის მოოქროვილ ჩარჩოში ჩასვა, კოხტა სანიშნეც ჩააწება და თანამედროვე ხელოვნების „კატეხიზმოდან“ ასე აკინძა ერთგვარი იდეოლოგიური რედი-მეიდი, სახელად „ჰემონსის ბიბლია“. აი, ჯონ ლატამი კი, აქტუალური ხელოვნების ეს „წმინდა აღმსარებელი და სალოსი“, 50 წლის განმავლობაში წიგნების განადგურებაზე „მუშაობდა“ – დაწვით! ფურცლების ამოხევითა თუ ნაკუწებად ქცევით „კანონიკურ ტექსტებს“ კი არ ქმნიდა, არამედ უკვე არსებულ წიგნებს იყენებდა, როგორც რედი-მეიდს და მათი მეოხებით ასაბუთებდა „ხდომილობის სტრუქტურის“ თეორიას. ამ „მედიაიდიოტის“ (ნოამ ჯუნ პეიკის გამოთქმაა!) 1966 წლის ლონდონური პერფორმანსიც გავიხსენოთ: არტისტმა ორ კოშკად აღმართა წიგნები და ცეცხლის წაკიდებით მოახდინა დემონსტრირება იმისა, რომ წიგნები მათი განადგურების მომენტში არსებობს. და მაინც, ხელნაწერებისა არ იყოს, წიგნები არ იწვიან…

 

II ნაწილი პრელუდია

     იყო ასეთი მხატვარი – ჰენრი ფიუზელი… წარმოშობით შვეიცარიელი, ცხოვრების დიდი ნაწილი ინგლისში გაატარა. 1782 წელს სამეფო სამხატვრო აკადემიის ყოველწლიურ გამოფენაზე წარმოდგენილი ერთი სურათით – „ღამის კოშმარი“ – აალაპარაკა პუბლიკა. გოიას „კაპრიჩიოსებს“ ადარებენ ხოლმე ამ ტილოს… მაკბეტის ფანტასტიკური პერსონაჟებითა და დანტეს ჯოჯოხეთის იკონემებით dახუნძლული „სამი ალქაჯიც“ კოშმარულ ნარატივზეა აგებული. ვერნერ ჰოფმანი წერს – ფიუზელი გენიალური მანიერისტია, საკუთარი თავის პაროდირებას რომ ახდენსო… „ფიუზელი – მინიშნების, ციტატისა და პარაფრაზის ოსტატი“… კასპარ ლატავერთან მეგობრობდა – “ფიზიონოგმიკის“ ორტომეულის განთქმულ ავტორთან. ამ წიგნის ფრანგული და ინგლისური გამოცემებისთვის ხატავდა ფიუზელი დანტეს ჯოჯოხეთის პერსონაჟებითვე პროვოცირებულ ლეონარდოსეულ გროტესკულ თავებს. ლატავერი წერს ფიუზელის შესახებ ჰერდერს: „მისი ხედვა ნაპერწკალია, მისი სიტყვა – ელვა. ის არ ხატავს პორტრეტებს, მაგრამ მისი თითოეული სახე წმინდა წყლის ჭეშმარიტებაა და ამიტომაცაა კარიკატურა“.

 

1 2 3 4 5 6 7 8 9