თამარ აბაკელიასაც ავად დასდევდა ქობულაძის ლანდი, თუმცა მისი სკულპტურულად მეტყველი ლიტერატურული გმირები ნახატითაც, კომპოზიციითაც, რიტმიკითაც, კოლორიტითაც, ფაქტურითაც, ტიპაჟითაც იცნობა და მიუხედავად ერთგვარი „გლეხურობისა“, პლასტიკური ფრაზირების ოსტატად გვევლინება. „საბჭოთა საქართველოში“ ნებისმიერი წიგნი იდეოლოგიური ტექსტი იყო; ამ „ტექსტის გაფორმება“ კი – მისი ესთეტიზაციის ტეხნე. წიგნად ტექსტსა და მის ვიზუალურ ხატს შორის დაძაბულობის ველი იკრძალებოდა… აი, ვიზუალურ ხატსა და მის იდეოლოგიურ კომენტარს შორის დაძაბულობას რაც შეეხება, ჯერ კიდევ 1970-იან წლებში მოსკოვურმა კონცეპტუალურმა სკოლამ სურათში იდეოლოგიური ტექსტის „ჩასმით“ რომ გააფეტიშა, ამგვარი სვლა ჩვენში ფიქრადაც არავის გაუვლია. საინტერესოა, რომ რუსეთში საბავშვო წიგნების ილუსტრაციას, როგორც მეხამრიდს, აფარებდნენ თავს ანდერგრაუნდის ბინადარნი. ჩვენში კი საბავშვო წიგნი, ელემენტარულად, ემიგრაციის ზონა იყო, საიდანაც უკან – „სერიოზულ ხელოვნებაში“ ვეღარ ბრუნდებოდნენ. 1949 წელს ნახშირში დახატული ოპუსით – “ნორჩი სტალინი ქართველ გლეხებს უკითხავს „არსენას“ – სცადა მხატვრის კარიერის დაწყება შალვა ცხადაძემ, თუმცა, ცოტა ხანში, სვანეთის ციკლის ავტოლითოგრაფიების გავლით, ჟურნალ „დილას“ შტატიან ილუსტრატორად „ჩარჩა“. ქართული საბავშვო წიგნის მხატვრები ინფანტილურ არტისტებად გადაგვარდნენ და ამ ემიგრირებულმა ბავშვობამ რაიმე კონცეპტუალურად ღირებული იდეის განსახორციელებლადაც ვერ ივარგა. თუმცა, ეგზემპლიფიცირების მცდელობა მაინც იყო. თუნდაც, შურა ბანძელაძისეული „ვეფხისტყაოსნის“ ფურცლების სახით… ნიშანდობლივია, რომ ერთ დაზგურ ფურცელს პოემის ტექსტის გარდა მინაწერი მიყვება, ელემენტარული კალენდარული მარგინალიით, რომ ამა და ამ დღეს პოროსის რეზიდენციაში პუჩისტების ტყვეობიდან გაათავისუფლეს საბჭოთა კავშირის პრეზიდენტი -მიხეილ გორბაჩოვი. ასე გაიწოვს ხოლმე „დიდ დროს“ მცირე დრო… ეგზემპლიცირების საინტერესო ფორმატს მიაგნო მამია მალაზონიამ სულხან-საბას იგავების – “სიბრძნესიცრუისა“ დასურათებისას. მერე და მერე, ერთგვარი კომიქსური დისკურსის სიმულირებით განავრცო და მეტაილუსტრაციულ მეთოდადაც კი აქცია. სხვა საქმეა აპროპრიაციის ის მექანიზმი, რომელსაც მალაზონიამ მიაგნო, როგორც დეციტაციის უშრეტ წყაროს და თავისი იშვიათი გემოვნებისა და ინტერსტილური დისციპლინის წყალობით შემოგვთავაზა წიგნის ეგზემპლარული VS ტირაჟირებული, ხელნაწერი VS დაბეჭდილი ყოფიერების ქართული არტისტული სივრცისათვის ინოვაციური მოდელი. მხატვრული, ლიტერატურული და თეორიული პრაქტიკა ამგვარი გამონაკლისების ფონზე ქართული წიგნის მხატვრობაში მაინც გათიშული იყო. 1910-20იანი წლების ფუტურისტული წიგნის დისკრეტული ტრადიციაც თბილისური მოდერნიზმის ერთ, ფაქტობრივად, ამოხეულ ფურცლად დარჩა… არადა, თუნდაც, კირილე ზდანევიჩის „ფიროსმანის“ ბენო გორდეზიანის მიერ დახატული ყდაც კი საკმარისია, წარმოვიდგინოთ, როგორი ვიზუალურ-დისკურსული რესურსი დარჩა აუთვისებელი. რას იზამ? რომ იტყვიან, „სისტემა იყო ასეთი“! საბჭოთა კავშირში ვერ იხარებდა ვერც მასობრივი, სავსებით ანონიმური და იდეოლოგიურად ნეიტრალური მხატვრული ფენომენი და ვერც – ნორმატიულად მოდერნისტული „მაღალი ხელოვნება“. დიდ ხელოვნებას რაც შეეხება, წიგნის მხატვრობაში და საერთოდ გრაფიკაში, ის მაინც ქობულაძის ამარა აღმოჩნდა, თუმცა, ეს უებრო მაესტრო მალე „გაზარმაცდა“ და საბჭოთა კლასიკოსის შარავანდედში შთაინთქა მისი ტალანტი.

 

ინტერლუდია №2

     1975 წელია. ყველასაგან მივიწყებული ირაკლი თოიძე თბილისში ჩამოდის. როგორც სიმბოლისტი ვიაჩესლავ ივანოვი იტყოდა, „Солгатьивмаломнехочу“: შურა თოიძე მირეკავს – ირაკლი მოისეევიჩი უნდა გაგაცნოო. ენგელსის ქუჩაზე ცხოვრობდა მხატვრის და – ერთ დროს პოპულარული მსახიობი, საუკეთესო ქართველი „დეზდემონა“; თავის განუყრელ მეუღლესთან, ცნობილ კომუნისტ ვლადიმერ (ვოვა) მაჭავარიანთან ერთად. მათი ფანჯრები გაჰყურებდა ინჟინერ სარქისიანის ულამაზეს სახლს მაჩაბლისა და ენგელსის კუთხეში. ამ სახლის მეორე სართულის აივნიდან ლავრენტი ბერია იყურებოდა ხოლმე. ბატონმა ირაკლიმ ჩემი პორტრეტის დახატვა შემომთავაზა. მეტი რა მინდოდა – ახლადშეღინღლული ყმაწვილი უნდა დავეხატე მხატვარს, ერთ დროს დიდ სტალინს რომ ხატავდა! მოიმარჯვა იტალიური ფანქარი და… რატომღაც თვალიდან დაიწყო. თან, ძველ ამბებს ყვებოდა… ამდენი ხნის მერეც ვერ მალავდა ანთიპათიას „ფორმალისტებისადმი“. ყრმობისდროინდელი ლექსიც წამიკითხა: „ხომ კარგია საქართველო, ხომ ლამაზი Mმთა-ველია, გაუმარჯოს ლადო გუდათს, რომ ოსეთში პირველია!“ მოლექსედ ვერ ივარგა; სამაგიეროდ, ჩინებული ოსტატი დადგა. ვირტუოზულად ფლობდა ფანქარსა და ნახშირს. მსოფლიოს ხალხთა დიდი ბელადისადმი მიძღვნილი სერიაც ნახშირში გაუკეთებია. ამ სერიის ერთი ყველაზე ტირაჟირებული ფურცელი იყო „სტალინი დედასთან ერთად“. ამ უკვდავ თემაზე აპოლონ ქუთათელაძესა და თამარ აბაკელიასაც უმუშავიათ. აბაკელიასეული სურათი მოგვიანებით ვნახე კარლო კალაძესთან. თავიდანვე ქუდბედიანი აღმოჩნდა ირაკლი თოიძის არტისტულ-პოლიტიკური კარიერა. 1927 წელს მოსკოვში ფენს „ილიჩის ნათურას“. ცოტა ხანში მისი ნატურა სტალინი ხდება; და ზედიზედ ოთხგზის აჯილდოებს საკუთარი პრემიით საუკუნოდ ანგაჟირებულ ფავორიტს. ოცი წლის შემდეგ დახატავს უზარმაზარ სურათს_“Выступление И. В. Сталина на торжественной собрании, посвященном XXX годовщине Великой Октябрьской Социалистической Революции„. რამხელა სათაურები იცოდნენ ამ სოცრეალისტებმა?! მოსე თოიძესაც საკმარისად მოეპოვებოდა ასეთი ნარატივები! მაგ: „ი. ბ. სტალინი და ი. მ. კალინინი თბილისის მთავარი რკინიგზის სახელოსნოებში 1900 წელს“; ანდა, „ამხანაგი სტალინი გამოდის ქართლში გლეხების დასაცავად 1995 წელს“. ერთი თანამედროვე რუსი პოსტავანგარდისტის ლექსის სათაურს ჰგავს – “Речьтов. К. У. Черненкона…„ და ა.შ. ირაკლი მაისეევიჩის სურათის ნარატივი 1941 წლის 6 ნოემბრის ისტორიული სხდომაა; მეტროსადგურზე „Маяковская“. ტრიბუნაზე ამხანაგი სტალინი დგას; სახეზე მშვიდი, თუმცა გადამდები ენერგია აწერია… პრეზიდიუმში არიან ამხანაგები: ვ. მ. მოლოტოვი, ლ. პ. ბერია, გ. მ. მალენკოვი, ლ. მ. კაგანოვიჩი, ა. ი. მიქოიანი… პირველი სტალინური დაფნა ამ სურათისთვის დაადგეს მხატვარს.
ერთობ მოიწონა 48 წელს გამოცემული ქართული პოეზიის ანთოლოგიისა და საქართველოს ისტორიისათვის დართული ილუსტრაციები პუბლიკამ. რაც მთავარია, ბელადს მოეწონა და ისევ საკუთარი პრემიით დაადასტურა მოწონება. ამის შემდეგ თოიძე ილუსტრაციას არ მიკარებია. შორს იყო ერთ დროს მისი სახელი. ბავშვმაც კი იცოდა, ვინ იყო… საბჭოთა კავშირის სახალხო მხატვრის ტიტული კი მაინც არ აღირსეს; და არც საბჭოთა იმპერიის სამხატვრო აკადემიაში „გააწევრიანეს“. თბილისში ჩამოსულ მხცოვან მხატვარს – ინით თმაშეღებილ ჩია ბერიკაცს ვეღარც ცნობდნენ თანაქალაქელები. . . სხვა ხალხის ისმოდა აქ ჟრიამული… ერთი წელიც და, სურათების გალერეაში გალა-გამოფენა მოუწყვეს. ჩემი პორტრეტიც გამოფინეს. საღამოს რესტორან „დურუჯში“ ბანკეტზე ყველა მცნობდა. კაკო ძიძიგური თამადობდა… შუაღამემდე ვულხენდით. შინამდე გამცილებლებში მეც გახლდით. შორი გზა ავირჩიეთ ენგელსის ქუჩამდე. უკანა გზაზე მაჩაბელს დავუყევი მარტო. ბერიას ყოფილ „ვილაში“ ფანჯრები ჩაბნელებული იყო.

 

III

     ალექსანდრე პიატიგორსკი ამბობს – და ამას იური ლოტმანიც ეთანხმება – ტექსტი ერთიან მნიშვნელობას ფლობს და ამ მიმართებით შეიძლებაო განვიხილოთ, როგორც დაუნაწევრებელი სიგნალი. იყოს „რომანი“; იყოს „დოკუმენტი“; იყოს „ლოცვა“… ეს ნიშნავს, ტექსტი განსაზღვრულ კულტურულ ფუნქციად რეალიზდეს და გადმოსცეს რაღაც ტოტალური მნიშვნელობა. თითოეული ამ ტექსტთაგანი მკითხველის მიერ მინიშნებათა ერთგვარი წყობით განისაზღვრება; და ამიტომაც, სხვა ტექსტისადმი გადაცემის მინიშნება ახალ მნიშვნელობათა წარმოქმნის ერთი არსებითი საშუალებათაგანია. ახლა ასე ვიტყვით: ესაა ერთი მედიის სხვა მედიაციაში ტრანსლაციის საზღვარი. ილუსტრაციაც ასეთივე საზღვარია. საზღვრის ცნება კი განსხვავებულად მანიფესტირდება განსხვავებული ტიპის ტექსტებში. ჩვენ წინაშეა დასაწყისი და დასასრული ტექსტებისა, სტრუქტურულად რომ განიფინებიან დროში. ამგვარი დასაწყისისა და დასასრულის ნიშნებია ჩარჩო_ფერწერაში, რამპა_თეატრში. ილუსტრაციის ხელოვნებაში ეს „ჩარჩო-რამპა“ ჟანრულადაა დიფერენცირებული. პიერ კლოდელი ამბობდა, ლექსის მამული ფურცელია, პროზისა – წიგნიო. ამ გაგებით, პროზის (რესპ. დრამის) ილუსტრაცია წიგნის კონტინუუმშია რეპრეზენტირებული. პოეზიისა – წიგნის ფურცლის დისკრეტულობაში. ტექსტის იერარქიულობას მისი იკონიკური სუბსტიტურობაც ესატყვისება. საზღვარი კი მკითხველს აჩვენებს, რომ საქმე აქვს ტექსტთან და ამდენადვე გამოიხმობს მხატვრულ კოდთა შესაბამის სისტემას. რიგი ელემენტებისა ერთი რომელიმე საზღვრის სიგნალებია, სხვა ელემენტები კი, რამდენიმე თანმხვედრი პოზიციების სიგნალები.
მაგალითად, თავის დაბოლოება – წიგნის ბოლოდაც გვევლინება. წიგნის მხატვრობაშიც ბოლო ილუსტრაცია წიგნის დასასრულიც შეიძლება იყოს. ახლა სხვა „ილუსტრაცია“: კონკრეტული თავის საზღვრები იერარქიულად დომინირებენ სტროფის საზღვრებზე; რომანის საზღვარი – საკუთრივი ტექსტის საზღვარზე და ა.შ. საბოლოო ჯამში, სტრუქტურული თანაფარდობის „დასურათებითაც“ იძლევა მხატვარი ტექსტის წიგნადი დასაზღვრის სიგნალებს. სხვა „ნარატივია“ ტექსტის დაყურსულობა შინაგანი საზღვრებით, გადატანებით, სტროფულობით, თავებად დაყოფით… მხატვარი ამგვარ ტეხნეს ტექსტის ილუსტრაციის გა-წყვეტის შემთხვევაში უნდა ითვალისწინებდეს. ეს უკვე ტეხნეზე მეტია. ამგვარი გა-თვალისწინება წიგნის მხატვრის ლამისაა ონტურ-ონტოლოგიური თვისებაა! ასეა, ნამდვილი წიგნის ნამდვილი მხატვარი შეუმცდარი სიზუსტით გრძნობს მხატვრულ ტექსტს, როგორც სისტემას; გრძნობს ტექსტის მდუმარებასაც და ხმაურსაც; ხმაურსაც და მძვინვარებასაც… გია ეძგვერაძე მიყვებოდა, შურა ბანძელაძე „არსენას ლექსზე“ მუშაობისას როგორ ავალებდა თავის ქალიშვილს, პატარა რუსიკოს, მასაც დაეხატა ილუსტრაციები. ნათქვამია, ბავშვი დაასაქმე და შენც უკან მიჰყევიო… ეტყობა, მხატვარიც „მიჰყვებოდა“, რათა შეენარჩუნებინა აუთენტური აისთეზისი; რათა, გრაფიკული ტექსტი არ ჩაეყლაპა ესთეტიკას… შურა ბანძელაძემ „არსენას ლექსი“ მართლაც რომ თავიდან ბოლომდე – გამომცემლობა „ნაკადულის“ ლოგოდან, წიგნის სარედაქციო მონაცემების ბლოკის ჩათვლით დაასურათა და პრინციპულად „საბავშვო წიგნი“ დახატა, რითაც დიფერენციის ველიც შემოგვთავაზა; ველი – მაღალ“ და „რეპრეზენტაციულ“ ხელოვნებებს შორის. აქ უკვე სტალინი კი არ უკითხავდა გლეხებს „არსენას“, არამედ დიდი მხატვარი „უკითხავდა“ არსენას ლექსს პატარა მხატვრებს; უკითხავდა და აძლევდა ჰეროიკულის, როგორც კვაზიინფანტილურის მაღალმხატვრულ მესიჯს. „მაღალმხატვრული“ – როგორი საბჭოური ტერმინუსია არა?! ერთიცაა: როცა ბანძელაძე ხატავს საბავშვო წიგნს, ამით თავის „სერიოზულ ხელოვნებას“ უმატებს ფასს. იმ დროს, როდესაც გუდიაშვილი ასურათებს „სიბრძნე-სიცრუისას“ იგავებს, ანდა, ფარჯიანი ხატავს ზღაპარს „ერთგული და მოღალატე ცოლები“, ამით თავიანთი „სერიოზული ხელოვნების“ პროფანაციას მოასწავებენ. სხვათა შორის, ასევე „ამცირებდა“ (sic.) „ნიანგის“ ჯემალ ლოლუასეული კარიკატურები მისივე წიგნის გრაფიკის ერთი შეხედვით საკმაოდ გაწაფულ ენას. სამაგიეროდ, თენგიზ მირზაშვილისეული „ალადინის ჯადოსნური ლამპრის“ ილუსტრაციები სულაც არ ჩრდილავენ ვაჟა-ფშაველას ჩუფჩიკასეულ „სტუმარ-მასპინძელს“. „სტუმარ-მასპინძელისა“ და „გველისმჭამელის“ ემბლემატურ დრამატიზმამდე აზიდვას ეცადა თ. ყუბანეიშვილი. ილიას „ოთარაანთ ქვრივის“ მშრალი ლითოგრაფიული ნარატივის შემდეგ დიდრონი ფერადოვანი ლაქების კონტრასტებითა თუ ყრუდ მოგუგუნე ფონთა სიშავიდან ამოხაპული სინათლისმიერი ჭავლით შეძლო ვაჟასეული ლანდშაფტური ანტურაჟისა და მითო-პოეტური ანდრეზული სამყაროს შეძლებისდაგვარი გრაფიკული კოლერაცია. გავა ცოტა ხანი და ანტიპენკოს კამერით გადაღებული თენგიზ აბულაძის „ვედრებაში“ ეს დისკურსი მთელი ესთეტიკური ვალენტობით ამოძრავდება. ვინ მოთვლის, რამდენი წიგნი დასურათებულა საბჭოთა საქართველოში; მათ შორის, ამავე სახელწოდების გამომცემლობაშიც; მათ შორის, რამდენი „პოეტი-მილიციონერის“ წიგნი…

 

1 2 3 4 5 6 7 8 9