მკაცრ გეომეტრიზებულ მოდულში „ჩაჭრილ-ჩაკარაბაკებული“ მცენარეული ორნამენტი განაპირობებს თითოეული გვერდის პლასტიკურ არტიკულაციას, მისი სივრცული სუნთქვის სიხშირესაც და გრაფიკულ-ინტონაციურ კილო-კავთა რეპერტუარსაც. გამახვილებული კუთხეებით აქცენტირებულ რომბში, სწორკუთხედსა თუ კვადრატში ორგანულად ამოიზრდება გემოვნებიანად სტილიზებულ მცენარეულ ხვიარათა რულადები; აჟურული ორნამენტული მაქმანებით გაწყობილი კომპოზიციებით იმოსება გრიგოლიასეული განუმეორებელი ფორზაცები და შმუცტიტულები, საზედაო ასო-ნიშნებით, დამოუკიდებელ გრაფიკულ-საკონცერტო ნომრებადაც რომ იკითხება. ესაა წიგნის ხელოვნების მთელი მუსიკა! გრიგოლია ისეთივე აუღებელი სიმაღლეა ქართულ მხატვრულ შრიფტებში, როგორც სერგო ქობულაძე – ილუსტრაციაში. თუმცა, ამ დიდმა „ნეოკლასიცისტმა“ წიგნის მთლიანი ანსამბლის გათვალისწინება მარტოოდენ „ქართული ხალხური ზღაპრების“ ჟანრულ კროკებში სცადა; და ისიც, ყდის, ფორზაცისა და ტიტულის ო. გუროსეული „გაორკესტრებით“. ერთი მხრივ, გრიგოლიას, ხოლო მეორე მხრივ, ქობულაძის ყველაზე ერთგულ „კრებით“ არტისტულ კონსოციატად დავით გაბაშვილი გვევლინება. დუდა გაბაშვილის „თბილისის არქიტექტურა“ თუ „ძველი ქართველი ოსტატები“ ყდა-ტიტულის ფაქტურა-ტექსტურისა და შრიფტულ ლიტერათა სინკოპირებული რიტმიკის მკაფიო ნიმუშებია. მხატვრის ტემპერამენტისთვის ახლობელი აღმოჩნდა ბოკაჩოს „დეკამერონი“. რენესანსული გრავიურების ერთგვარი ალუზია-რემინისცენციებით გაჯერებულ სუპერყდასა და თავსამკაულებში კულტურული ეტიკეტიცა და გრაფემათა სტილისტური ჰომოგენურობაც თანაბრადაა დაცული. ვაჟა-ფშაველას სამყარო აღმოჩნდა ქართული წიგნის ხელოვნებაში თეიმურაზ ყუბანეიშვილის, გოგი ოჩიაურისა და ლევან ცუცქირიძის საშვი. ყუბანეიშვილის „სტუმარ-მასპინძელი“ და „გველისმჭამელი“ თავისი მკაცრი ექსპრესიული აქრომატული რეფრენებით შმუცტიტულთა და თავსართ-ბოლოსართთა გრაფიკულ ლექსიკას ეხმიანება. გოგი ოჩიაურს, როგორც გრაფიკოსს, ვაჟა-ფშაველას მითოპოეტურ სამყაროში ხალხურფოლკლორული აქცენტებითა და ლატენტური ორნამენტული (ოღონდ, არა „ბაიათურად“ სტილიზებული) ნახჭით შევყავართ. ოთხივე ფურცელი ორგანულად ჯდება წიგნურ ფორმატში და ტექსტუალურ კაბადონსაც მოხდენილად ერითმება. თენგიზ მირზაშვილი წიგნის გრაფიკაში ლონგფელოს წიგნით – „სიმღერა ჰაიავატაზე“ შემოვიდა. ჩუბჩიკასეული წიგნი, ფერადოვანი სილუეტების გაკრული ხელითა და „გაქცეული ნაწერით“, შრიფტთან თამაშის უჩვეულო პრეცენდენტია. ქართულ წიგნში, „ესპანური კლასიკური ეპიგრამა“ იქნებოდა ეს, თუ „ვაჟა-ფშაველას პოეზია“, მირზაშვილმა უსიმპათიურესი „გლეხური სტილი“ შემოიტანა. თუშური ფარდაგების ორნამენტი წიგნის გრაფიკული დიზაინის ფაქტურად აქცია და შრიფტის, როგორც ნაწერის, სპონტანური ვერსიაც შემოგვთავაზა. შრიფტი თავად იქცევა ხოლმე ორიგინალური დაზგური სურათების თემად; ასე იქმნება ოთარ ჯიშკარიანის მრავალწლიანი „ანბანთქება“, ასომთავრულის „ჩარჩოში“ ჩასმული შრიფტული კომპოზიციების ეს თავისებური „ოდა“. მხედრული გრაფემებით მოთხრობილი „ისტორანი“ დამოუკიდებელი „სურათებია ანბანის ცხოვრებიდან“ – ასო-ნიშანთა ერთგვარი CV -Curucvilum Vitae. მთელი ეს გრაფემული სახილველი _ ასომთავრულისა და მხედრულის ჩანაცვლებული ტრანსკრიპციებით ქართული არქიტექტურული ძეგლებისა და მინიატურების გრაფიკულ სილუეტებთანაა გარითმული და ერთობლიობაში, ქართული ანბანის სემანტიკური კოდებისა და ლექსიკოდების მომხიბვლელ ვიზუალურ სცენად რეპრეზენტირდება. ამ პერიოდშივე ითხზვება ქართული ასომთავრულის რამაზ პატარიძისა თუ თამაზ ჩხენკელისეული თეორიული ტრაქტატები. შრიფტი, თავისი კანონიკური შტამბებით, ისევ რჩება წიგნის მხატვართა საჯილდაო ქვად. დავით დუნდუა „გრიგოლიას მოდულში“ აგრძელებს მუშაობას „საბჭოთა საქართველოში“ (გამომცემლობას ვგულისხმობ); ოთარ ჯიშკარიანი წლების განმავლობაში განსაზღვრავს „მერანის“ მიერ გამოცემული წიგნების გემოვნებიან იმიჯს და როგორც ქართული ლიტერატურული პერიოდიკის ყდების ავტორი, ქართული შრიფტის ახალ პლასტიკურ ვარიაციებს გვთავაზობს. ჯემალ ლოლუა ნახატი შრიფტებით აავსებს თავის ილუსტრირებულ წიგნებს, რომელშიც „საჟურნალე გრაფიკის“ ინერციაც იგრძნობა და სიმპათიური ჰუმორიც.

 

* * *

     ქრისტეშობიდან 2000 წელიც ჩამოდგა. მამია მალაზონიამ „ხელთა აღიხუნა დავითნი“ და ბიბლიური სიტყვის შიდა ფორმისა და მის ტემპორალურ ბუნებაში დაუნჯებული მელოსური სუბსტანციის ტრანსკრიფცია სცადა. მალაზონია თავისებურ დიაკრიტიკულ ფსალმატებსაც გვი-ხატავს და ღვთაებრივად ინსპირირებული პოეტური სიტყვის გარდა მუსიკურ ფრაზათა ვერბალურად მოუხელთებელ მელოდიასაც გვთავაზობს… ელეგანტურ ტეხნესთან შერწყმული არტისტული წარმოსახვის სიმდიდრე ფსალმუნთა თავდაპირველი სინერგიისა და სინესთეზიის გან-ხილვით გამოიხატება. ესეც – ერთგვარი დასასრული წიგნისა და დასაწყისი ნაწერისა! პრო-გრამა… პრო-გრამა – პიკტოიეროგლიფიკური ნაწერით გამოხატული… იდეოგრაფიული აბრევიატურებით, ნიშან-ინდექსამდე თუ ემბლემატურ ნიშნებამდე დაყვანილი დიაგრამებითა თუ „გრაფიკებით“ – ყოველივე „სიტყუა შუენიერის“ განსახოვნებას ემორჩილება. მხატვრის „ორივე კალამი“ სულ მოძრაობაშია… თითქოსდა, სულ იმის ცდაშია, დაგვარწმუნოს – „ნაწერი თამაშია“ და „ჭეშმარიტი ნაწერი არ არსებობს“. და იმაშიც დაგვარწმუნოს, რომ „თავად მოძრაობა, რომელიც სხვაობას წარმოშობს – განსხვავების უცნაური გრაფიკაა“. ეს მეცნიერების არაფონეტიკური და საყოველთაო ნაწერი, თეორემა კი არაა, არამედ პიკტოიეროგლიფური თეატრია, რომელიც იმაზეც მიგვანიშნებს (resp. წარმოგვიდგენს), რომ ტექსტგარეშე რეალობა საერთოდ არ არსებობს. თუმცა, „ეს მოსაზრებაც არაფერს ნიშნავს“, რადგანაც „იაზროვნო – ესაა საქმიანობა, რომელიც ჯერაც არ დაგვიწყია. იაზროვნო – ნიშნავს საკუთრივ საწერ-კალმით ითავო ეპისტემა. და მეც, ჩემი საწერ-კალმითა და კალიგრაფიით, განვაგრძობ: ამასწინათ ბიზანტიელი მხედართმთავრის, კეკავმენის „სტრატეგიკონის“ შვიდასგვერდიან კორპუსში, ამ ტექსტის გამომცემლის, მთარგმნელისა და კომენტატორის, აკადემიკოს გენადი ლიტავრინის წერილი აღმოვაჩინე; მამაჩემისადმი მოწერილი. უცნაური კალიგრაფია! ასოები მარცხნივ იყო გადახრილი… და კანდინსკი გამახსენდა: მარჯვნივ გადახრილ ასოებს შინ მივყავართ, სახლში, მარცხენა ხაზულობას კი – შორეთშიო…

ერთი შეხედვით, ელემენტარული ასოციაციური მისტიფიკაციაა – მარჯვნივ მოძრაობა ხომ უფრო ბუნებრივად გვეჩვენება, „მემარცხენე“ აქტივი კი – გაცილებით პასიურად… დიახ, არც ერთი ასო არ გამოიყურება ნეიტრალურად, ნებისმიერი გრაფემა ასოციაციებს იწვევს. სტრიქონი, ანდა ასოთა რიგი შეიძლება მყარადაც იდგეს ადგილზე და შეიძლება სწრაფი ნაბიჯებითაც დაიარებოდეს – აქედან მოდის კურსივი. სწორედაც, ფართი ანიჭებს შრიფტს მძიმე და სოლიდურ, ანდა მსუბუქ და ჰაეროვან იერს. ჰორიზონტალურ თუ ვერტიკალურ ელემენტთა გამოყოფით კი – იოლი ამბავია – გაზვიადების, შემსუბუქების, დამცრობისა თუ გადარბენის „იმპრესიებმა“ იძალოს მკითხველ-მაყურებელში. საშუალო სიმაღლისა და საზედაო და საქვედაო ელემენტთა თანაფარდობის ცვალებადობით, შრიფტი შეიძლება აღვიქვათ, როგორც „საქმიანი“, „მდგრადი“, „მედგარი“, „დამიწებული“, „ჰარმონიული“, ანდა „აფორიაქებული“ და „ფანტაზმატური“ სანახაობა… სტრიქონი, მუსიკის დარად, შეიძლება, ცეკვავდეს, როკავდეს, დახტოდეს, ყირაზე გადადიოდეს; და შეიძლება, ფორთხავდეს, იჭიმებოდეს, პაუზას აკეთებდეს… ამიტომაც არაა უცხო შრიფტის ხელოვნებისათვის მუსიკალური ტერმინუსები – ანდანტე, ფორტისიმო, პიანო… მით უფრო ნიშანდობლივია შრიფტის ჟესტი, თუნდაც ის, ფერწერაში მხატვრის ხელწერას რომ ვეძახით. ისევ შრიფტის ისტორიას გადავავლოთ თვალი: ვნახოთ, როგორი ელეგანტურობა გამოსჭვივის ე. რ. ვაისის „ანტიკვაში“; ანდა, როგორი ჰარმონიაა ჰერმან ცანფის „პალადინოში“, არტისტული ტეხნესა და რელიგიური ექსტაზის რაოდენი ნაზავია რუდოლფ კოხის შრიფტებში; და რაგვარი მიმქრალი სიმშვიდე – „დიმინუენდო“ და რეფლექსიური თვითჩაღრმავებაა ჯოვანი მორდენშტეინისეული დანტეს „ანტიკვაში“… რუსული კალიგრამებიც ვნახოთ: XVII საუკუნე – პატრიარქ ნიკონის ხელით გამოყვანილი ფართო და მყარი არქიტექტონიკური ნახევრადმთავრული; ნერვულად აციბრუტებული, მოუთმენელი „პოლუუსტავი“ პროტოპოპ ავაკუმისა; ნატიფი და თვითდარწმუნებული სწრაფწერა გრაფ შერემეტიევისა; ფორიაქისა და მორჩილების ზღვარზე მყოფი გაკრული ხელრთვა ბოიარინა ფეოდოსია მოროზოვასი… ვასილი როზანოვს აქვს არაჩვეულებრივი დაკვირვებანი კ. ნ. ლეონტიევის ხელნაწერებზე… „Ум Леонтьева, скажу, гений его – წერდა „Уединённое“-ს ავტორი, – был какой-то особенный. Нужно бы преложить снимки с почерка его, -этого женского почерка…“ და თავად როზანოვის „პოჩერკი“?! რაღაც უსასრულო „გასმები“ საზეიმო როკვისა, ცარგვალის გაცისკროვნებულ ოაზისებში… მსუბუქიცა და მარადისობის მოწილეც, მომცროცა და მოუხილავიც… მხიარულიცა და საიდუმლოდ ნაწერიც… ცინის ეპოქის – ხუანშენისეულ კალიგრამას ჰგავს, ქარვისებრ გამჭვირვალე ჭიქაში მოლივლივე ჩაის მოგაგონებს… ეს ის ხუანშენია – იანჩჟოუს განთქმულ რვა სასწაულმოქმედთაგან ერთ-ერთი მათგანი! რაღა ჩინეთში გავრბივარ?! აგერ, თამარის ქალურ-მეფური ხელრთვა გავიხსენოთ! თუნდაც, თამარის მდივნის კალიგრაფია; ანდა, კალიგრაფია ჩვენი ქართული სიგელ-გუჯრებისა… სულხან-საბას ხელწერაც ხომ გახსოვთ?! გნებავთ, გეორგიევსკის ტრაქტატზე იმედითა და თვითრწუნებით აღვსილი „ერეკლე“, „ე“-ზე შესქელებული გრაფიკით… გურიის მღვდელმთავართა ხელთნაწერები და ბეჭდები როგორია?!

1 2 3 4 5 6 7 8 9