(ნაწყვეტი რომანიდან)

 

“ერთის ბადე ძალიან ახლოსაა, მეორისა კი ძალიან შორს”

ელპის და დილას დედას გაიდსიის რამდენიმე უბანში ეგულებოდა საყვარელი კაფე და გულგრილად გვერდს ვერც ერთ ფილიალს ვერ უვლიდა. კოფეინის მაცოცხლებელი სურნელი, მინიატურული ნამცხვრები, სტერილურად გარეცხილი ჭურჭელი და სიგარეტზე აკრძალვა საკმარისი მიზეზები იყო კეთილგანწყობისთვის. იქაური ყავის პირველივე ყლუპი აჯერებდა, რომ ამიერიდან უკეთ გაუმკლავდებოდა სირთულეებს, ახალ-ახალი ფერის ძაფით ყველაზე მეტად გაცრეცილი იმედის ნაკუწის კემსვასაც კი შესაშური ენთუზიაზმით იწყებდა.
ათ სექტემბერს, დილაადრიან უცებამ უფროსი ქალიშვილი წარმატებული უფროსკლასელების დაჯილდოების ღონისძიებამდე მიაცილა, საყვარელი კაფეც იქვე, ქუჩის გადაღმა აღმოჩნდა. ფინჯანი ყავა შეუკვეთა, წინ დაიდგა, არომატი ხარბად შეისუნთქა და თვალები დახუჭა.
უმცროს ქალიშვილზე ფიქრი კატეგორიულად არ უნდოდა, როგორც გამწყრალი დიასახლისი ცელქ კატას, ისე დევნიდა პატარა დილას წარმოსახვიდან. ხანგრძლივი ძალისხმევის შემდეგ თვალწინ ელპი დაუდგა, აკურატული, გემოვნებიანი, მოწესრიგებული, სლაიმალივით პრაგმატული და ამავე დროს მალკოვივით მგრძნობიარე. დიდი გოგონაა, სულაც არ სჭირდება გაცილება და კუდში დევნა, მაგრამ, როდესაც მალკოვი ქალაქში არ არის, მეუღლეს სთხოვს გოგონების მიმართ გაორმაგებული ყურადღება გამოიჩინოს. უცებაც თანახმაა, განსაკუთრებით მას მერე, რაც დაქალიშვილებულ ელპის მამაკაცები მზერას აყოლებენ.
ქუჩის მოპირდაპირე მხარეს შეკრებილი მშობლები ვერავის ამჩნევენ, ხმამაღლა საუბრობენ და გამვლელ-გამომვლელს გასავლელ ადგილს არ უტოვებენ.
“-ძნელი წარმოსადგენია, ასეთი უწესრიგო და უდისციპლინო ადამიანების შვილები როგორ არიან საუკეთესო მოსწავლეები”, – გაიფიქრა უცებამ, თუმცა, შხამიანი ტრიქოცისტი სწრაფადვე ჩამალა და ყავა დააგემოვნა, – “რა გაეწყობა, ესოდენ ჯანმრთელ მალკოვსა და უცებას ხომ გაუჩნდათ სუსტი და უმწეო დილა… ისევ დილა!”
კიდევ ერთი ყლუპი, ძალისხმევა და წუხელ ნანახი, მაკოტო სინკაის* ანიმე “ხუთი სანტიმეტრი წამში” გაახსენდა. უყურებდა და ელპის განსხვავებულობაზე ჯავრობდა. მაგრამ ახლა იმედი მიეცა, რომ ელპი უსათუოდ იპოვიდა წიგნების, ციფრების, კითხვისა და გამოთვლების მოყვარულ თავისნაირს. ელპის არ გაუჭირდებოდა.
“- ელპი, ელპი, ელპი! დღევანდელი დღის პირველ ნახევარში მხოლოდ ელპი!”
ელპის წარმატებები იმდენად ჩვეულებრივი გახდა, ყურადღება მოაკლეს. თუნდაც ახლა, მართალია იმ მშობლების გვერდით დგომა ეთაკილება, მაგრამ როგორი სიხარულითა და სიამაყითაა სავსე, ალბათ ცამდე იფრენდა დილას განსაცდელი ბემოლის ნიშანივით ნახევარი ტონით დაბლა რომ არ აჟღერებდეს მის ემოციებს.
კიდევ ერთი ყლუპი და ცრემლები აწვება, გონებაში მადლობას უხდის და ეფერება ელპის. მალკოვი რომ დაბრუნდება, დეტალურად მოუყვება, როგორ გაულამაზა ათი სექტემბრის უმძიმესი საათები უფროსმა ქალიშვილმა. მოუნდა ელპისთვის საჩუქარი ეყიდა ან სადმე დაეპატიჟა, მერე რა, რომ დღეს “ამის დრო” არ არის? ელპის კუთვნილი განცდები რატომ უნდა ჩაახშოს?!
ქუჩაში რამდენიმე დაჯილდოებული მოსწავლე გამოჩნდა, უცება აჩქარდა, ყავის ჭიქა გამოსცალა და მიუხედავად ოპტიმისტური განწყობისა, ახალი ფერის ვერც ერთი ძაფი ვერ მოიძია დილასთვის. იმედის უკანასკნელი ნაკუწი საბოლოოდ შემოერღვა. გაიდსიის აგურისფერ შენობებზე თითქოს მხოლოდ მისთვის გამხელილი სუბლიმური გზავნილი ამოიკითხა, რომელიც აუწყებდა, რომ დილა მშობლების კუთვნილ ცხოვრებაში ბოლომდე ვერ დარჩებოდა. თავისდა გასაკვირად, მზადყოფნაში აღმოჩნდა და ქალაქის გამოტანილი ვერდიქტი მშვიდად მიიღო. ახლა მთავარი იყო, მოზღვავებული კოფეინის ფონზე გაკეთებული აღიარება არავისთვის გაემხილა, იმედებში აჰყოლოდა დანარჩენ ოთხს: ქმარს, მაზლს, უფროს და პატარა ქალიშვილს.
უცება ქუჩაში გავიდა, წვიმის სურნელი ღრმად ჩაისუნთქა, მალე ელპიც გამოჩნდა, აღელვებულმა გამოარღვია მშობლების კორდონი, დედა თვალებით მოძებნა და ხელი დაუქნია.

1 2 3 4 5 6 7