– როგორ მოიფიქრე?
– ეს მე არ მოვიფიქრე, არსებობს ასეთი სოციალური ვიდეო-რგოლი, ქალს ქიმიოთერაპიის კურსის შემდეგ, სოლიდარობის ნიშნად თავგადაპარსული დაქალები ხვდებიან და … ოოო, დედა, რა გატირებს?.. დედააა!.. გეყო!
– რა საოცარია, რატომ ადრე არ თქვი. ეს უნდა გაგვეკეთებინა.
– ვაპირებდი, მაგრამ დილამ გამოსაშვები საღამოსთვის ვარცხნილობა ამირჩია, მთხოვა, ზაფხულამდე არ შეიჭრა და როცა სალონში წახვალ, მეც თან წამიყვანეო. უარს ხომ ვერ ვეტყოდი! მოკლედ, რაც არის არის, ასე მოხდა! ისევ სლაიმალი რეკავს… მოვედით, ბიძიააა!
– აქ გააჩერეთ, ნუ მოაბრუნებთ, ქუჩაზე ჩვენით გადავალთ, მადლობა. ხურდა დაიტოვეთ. წამოდი ელპი, ცოტა ფეხით გავიაროთ.
უცება თითქოს გზას ძალით იგრძელებს, რამდენიმე ნაბიჯით მეტს გაივლის ჰოსპიტლამდე და მერე მივა. “მერე” სულ იქ იქნება. დედა-შვილი კაპიუშონებში მალავს თმას, ამას სინქრონულად, შეთანხმების გარეშე აკეთებენ და გაკვირვებულები უყურებენ ერთმანეთს ცრემლმორეულ თვალებში, ორივეს ეუხერხულება გრძელი ცხენისკუდები – ერთს ჟღალი, მეორეს წაბლისფერი.
შუქნიშანზე, მწვანე რგოლში სარეკლამო სლოგანივით იკლაკნება: “20-30 ცხენისკუდა”. ორივე ხედავს თუ ორივეს ეჩვენება? გაიდსია კი ვითომც აქ არაფერიო, ცას უყურებს და წვიმას თავს აფარებს.

***

– სად ხართ, გოგოებო, ამდენ ხანს?
– სლაიმააალ, მოვაღწიეთ!
– სლაიმალ, როგორ ხარ?
– აბა, რა ამბები გაქვთ? რატომ წამოგიხურავთ კაპიუშონები, ისევ წვიმს?
– დამაჯილდოვეს, სლაიმალ, დედას ფანქრები ვუყიდე, შენ რა გიყიდო, მითხარი, ნუთუ ამქვეყნად არაფერი გინდა, ყველაფერი გაქვს?
– არა, არც ასეა საქმე. მაგალითააად … ჭოგრიტზე უარს არ ვიტყოდი.
– ჭოგრიტი?
– ჭოგრიტიო!
– სლაიმალ, რას დაეძებ, აღიარე!
– მართლაც, რას დაეძებს სლაიმალი?
– ჭოგრიტს თუ მაჩუქებთ, მივაგნებ და მერე უსათუოდ გაჩვენებთ, გოგონებო.
– სლაიმალ, დღეს დაჯილდოებაზე შენი და მამას ყოფილი მასწავლებელი შემხვდა, მოიცა, გავიხსენო, სესილიიი… გვარი არ მახსოვს.
– მისისმოცვისბუჩქი! ეგ იქნებოდა!
– რა-ა? ასე ეძახდით?
– ისევ ასწავლის?! ისევ სკოლაშია?! ისევ ისეთი ცოცხალია ნეტავ?!
– ყველაზე მეტად ცოცხალი დედამიწის ზურგზე!
– ეტყობა, მოცვის ჩაის დამსახურებაა, ძალიან უყვარდა. გუშინ დილით ვფიქრობდი მაგ ქალზე, რატომღაც გამახსენდა.
– დაჯილდოების დროს, ჩემი გვარი გაიგო, მოვიდა და ორივე მოგიკითხათ, შენ და მამა. რომლის შვილი ხარო, მკითხა, მალკოვის-მეთქი, რომ ვუპასუხე, ორივე კარგი ბიჭი იყო, მაგრამ მამაშენის ტვინში სრულიად ამოუხსნელი ქიმიური რეაქციები ხდებოდაო.
– ჰო-ჰოოო!.. მართლაც!!!
– მე კი პირიქით მეგონა, ბიძია, შენ უფრო მაგარი მეგონე.
– რა სისულელეა, ელპი, მე ავანტიურისტი ვიყავი და დავრჩი კიდეც ავანტიურისტად, ისე დავამთავრე სამედიცინო უნივერსიტეტი, ექიმიც ვერ გამოვედი, მართვა ვარჩიე. მალკოვს კი, ხომ ხედავ, სად აღარ იწვევენ. მამაშენი საუკეთესო ქიმიკოსია მსოფლიოში.
– ქიმია დღეს არ მიხსენოთ, რაშიც ქიმია გაერევა, არაფერი ვარგა, არც ჰაერი, არც საკვები, არც ნიადაგი. შიშისმომგვრელი და შემზარავი ტერ-მი-ნი-ა! ხომ ხედავთ, უსაყვარლეს და უნაზეს დილასაც მისწვდა და ყველაზე ლამაზი ჟღალი თმა გაუნადგურა…
– გეყო ელპი, დღეს შეურაცხადივით იქცევი! სლაიმალ, მალკოვი შეგეხმიანა?
– არა, უცება, ან რა უნდა ეთქვა. დღეს შენც არ დაელოდო მალკოვისგან რამეს. შევეშვათ. ჩვენ ერთად და ჩვენს ქალაქში მაინც ვართ. წარმოიდგინე, მალკოვს როგორ უჭირს. თან, თბილისში ისეთი წვიმა მოსულა, გაიდსია მონაგონიაო. მდინარეს მანქანები წაუღია. რა გაკვირვებულები მიყურებთ, არ გაგიგიათ? მთელი დღე აშუქებდნენ ჟურნალისტები.
– ტელევზორი ორი დღეა არ ჩაგვირთავს. ეს უბედურება გვაკლდა. ნეტავ, მალკოვი როგორ არის?
– ტელევიზორი არ ჩაგირთავთ? უსხედხართ მაკოტო სინკაის ანიმეებს და ჩუმ-ჩუმად ცრემლებს ღვრით, არა? ჩემი ბრალია, ყურადღება მოგაკელით, გოგოებო. უცება, ნუ გაქვს ასეთი სახე, კარგად არის მალკოვი, მალკოვს რა უჭირს!
– საიდან იცი?
– უცება!.. ექიმი მოდის, წამოდით… ახლა მაინც მოიხადეთ ეს კაპიუშონები.

 

1 2 3 4 5 6 7