– დღეს, ვითომც არაფერი მომხდარაო. ქალაქი, როგორც წესი, ერთეულების უბედურებას არ იმჩნევს, დაიქცევა, აშენდება და მზესაც უსირცხვილოდ მოიხდენს… ასე იქნება გაიდსიაშიც, დილას მერე უდარდელად მოვა გაზაფხული.
– მამ, რა თქვი, ვერ გავიგე!
– მზესაც უსირცხვილოდ მოიხდენს-მეთქიიი!
– ეგ კი გავიგე… ბოლოს რა მიაყოლე.
– განსაკუთრებული არაფერი.
– წვიმა გაიდსიიდან ხომ არ ჩაიტანე თბილისში?
– მაგას ნუ გაახმაურებ, თორემ ბეჰემოთთან ერთად ჩამსვამენ გალიაში.
– მენატრები, მამ, და როცა ხუმრობ, გულზე მეშვება. ისე კი, ძალიან მაშინებ შუა ქალაქში მოსეირნე ცხოველებით. რა ვქნა, აღარ ვიცი, რომელ წყალში გადავვარდე, ხო, ზუსტადაც რომელ წყალში!!! შენთან წყალდიდობაა, აქ გაიდსიაა თავის სტიქიაში, იქით აბაზანაში შეკეტილი დედა! როდის გამოვა თავისი დაწითლებული თვალებით შემთხვევით შენ ხომ არ იცი?
– უთქმელი სიტყვებისგან რომ გათავისუფლდება, დედას ხომ იცნობ? შეეშვი.
– შეეშვი, შეეშვი! დილაზე არავინ ვსაუბრობთ, ატყობ?..
– … ხო…
– მალკოვ, ცოტა ბლომად წამოიღე ეგ ხელსახოცები, დამტანჯა შენმა ლოდინმა!
– ხო.
– კარგი, დილა არა, დედა არა, მაშინ შენს სემინარებზე ვისაუბროთ. როგორ მიდის საქმე?
– ყოჩაღი გოგო ხარ, ელპი.
– ანუ, სემინარზე რა ხდება?
– ბევრი რამ ხდება, საქმე უამრავია. წუხანდელმა კატაკლიზმებმა კიდევ უფრო აქტუალური გახადა ჩვენი თემები, დღეს ტევა არ იყო, იმდენი მსმენელი მოვიდა.
– რა თქმა უნდა, ისე ვის ახსოვს მეცნიერება!
– ყველამ ვიცით, რომ ნებისმიერი უბედურება ადამიანის დამსახურებაა, ვაღიარებთ, რომ საკუთარ დანაშაულში ჩვენივე ნებით თავს ვიხრჩობთ, მაგრამ მოსმენა არ გვსურს, უფრო სწორად, ვისმენთ, მაგრამ ზედაპირულად, გააზრება გვეზარება.
– აბა რა, მხოლოდ მზამზარეულ, ზემოთ აწეულ ცერზე დაწკაპუნებაა ჩვენი მოქმედების უმთავრესი ალგორითმი. რას ეძებ, მამ?
– ერთი ლექსიდან უნდა წაგიკითხო ნაწყვეტები… გადმოგითარგმნი შეძლებისდაგვარად.
– რა ლექსია?
– “პოლიეთილენის პარკის სიმღერა”.*
– ოჰოოო, რა საინტერესოა!
– მისმინე: “მოლეკულები და ატომები ჩემში ისე მჭიდროდ ეკვრიან ერთურთს, შენ არც კი დაგესიზმრება, ადამიანო!.. შენ ნებაყოფლობით მომყიდე სული და მის სანაცვლოდ კეთილდღეობა და კომფორტი მიიღე…”
– საინტერესოა. ვინ დაწერა?
– აქაურმა საბავშვო მწერალმა. რამდენიმე წლის წინ კონკურსზეც გაიმარჯვა, მაგრამ ზოგიერთებს ისე გაულანძღავთ… კინაღამ ცოცხლად შემჭამესო, დღეს გვიყვებოდა.
– კი მაგრამ, რატომ?
– აბა რა გითხრა. წესრიგისმოყვარულ საზოგადოებას რას გაუგებ. “მწვანეთითება ტისტუ”* ხომ გახსოვს: ახლის აღმომჩენს ვდევნით, ოღონდ ჩვეული ყოფითი რიტმი არ დაგვირღვიოს, მერე დრო და მოვლენები მის სიმართლეს რომ დაადასტურებს, ძეგლს დავუდგამთ.
– ტისტუ ბოლო დროს ხშირად მახსენდება, მამა, ვოცნებობ, დილას პალატას ესტუმროს ყვავილებიანი საბნის მოსაქსოვად.
– ტისტუმ ადამიანებს ვერ გაგვიძლო და სიკვდილსაც ვერაფერი მოუხერხა.
– მამ, კიდევ გადმომითარგმნე მაგ ლექსიდან რამე.
– მოიცა, აი, ეს: “ნაგვით ვივსებ მუცელს, მერე აყროლებულ ნაგავსაყრელზე ვმშობიარობ და ვბადებ ნაგავს – შენს ნარჩენებს, ადამიანო!”
– მამა, ოკეანეების ადგილს საბოლოოდ პოლიეთილენი დაიკავებსო. მართლა შეიძლება ასე მოხდეს?
– შეიძლება, რატომ არა, ადამიანის ნარჩენებმა წალეკა დედამიწა, უფრო სწორად, ჩვენმა არასწორმა ნარჩენებმა. დღეს ერთმა ამერიკელმა ქიმიკოსმა ისაუბრა სრულიად ახალ პრობლემაზე, თურმე, მიწაში გვამები აღარ იხრწნება, სასაფლაოებს ოცდაათ წელიწადში ერთხელ ვეღარ ანახლებენ და ეს ყველაფერი კონსერვანტებით გატენილი საკვების ბრალია. ადამიანი გარდაცვალების შემდეგაც აგრძელებს დედამიწის გადაგვარებას.
– “ვმშობიარობ და ვბადებ ნაგავს – შენს ნარჩენებს, ადამიანო!” ჩავიწერე. წამოიღე რა ეგ ლექსი.
– რა თქმა უნდა, შეხედე, “პოლიეთილენის პარკის სიმღერა” ბუკლეტებზე დაბეჭდეს, საჭირო ფოტოები დაურთეს და ქალაქში არიგებდნენ.
– ძეგლი დაუდგეს, არა?
– ასე გამოდის.

1 2 3 4 5 6 7