– დედა, კიდევ კარგი აქ ხარ და შესასვლელში არ დამხვდი! იცი რა ხდება იქ, შენობასთან? არ მესმის რატომ შემომეხვია ამდენი უცნობი მშობელი, მაწვებოდნენ, გამოსვლის საშუალებას არ მაძლევდნენ. დისტანციის დაცვა მათთვის სრულიად უცხო ცნებაა! მითხარი, მხოლოდ ჩვენთან ხდება ასე? შენ გინახავს აფრიკაში, აცრების რიგში როგორ დგას ხალხი? გინახავს! რა თქმა უნდა, გინახავს და მოხიბლულხარ. ჩვენ რა გვჭირს? “გილოცავ, ჩემო სიცოცხლევ, ჩემო სიამაყევ, ჩემო სიხარულო!!!” ამას სახლში ვერ ეტყვიან შვილებს? რა საჭიროა ემოციების აფიშირება? ვერ ვიტან სხვის დასანახად წარმოთქმულ ფრაზებს. საღამოს სოციალურ ქსელში თავიანთ დიპლომებს გამოფენენ, “ლაიქების” შეგროვებას დაიწყებენ, მომიწონეო, ერთმანეთს მიწერენ. ნეტავ სინამდვილეში რა მოგვწონს? ვხვდებით კიდეც როგორ გავაუფასურეთ ეს “მოწონება” და მეტი დამაჯერებლობა რომ შევმატოთ ნათქვამს, ახალი უაზრო გამოთქმებით ვამტკიცებთ: “ოღონდ მართლა!..”
– ელ-პი-დე!
– ბატონო!
– ყველა შენ გიყურებს.
– ძალიან კარგი, მიყურონ! იქნებ, რამე გაიგონ! იქნებ, აღარ “დამალაიქონ”, შეიგნონ რომ არ არის აუცილებელი ყველაფერზე ცერის მაღლა აწევა!
– გინდა ტარტზე დაგპატიჟო? ტარტი ნაღების კრემით და მოცვის კენკრით არ გინდა?
– რა სისულელეა, რა დროს ტარტია, მერე დილა? საერთოდაც არ მესმის აქ რატომ ხარ, მე მარტო ვერ წამოვიდოდი ან სლაიმალი ვერ მომაკითხავდა?
– ელპი, მე… მე შენი სიხარულის დანახვა მსურდა. იცი… პალატაში სანამ გადაიყვანდნენ, სანამ დილას გადაიყვანდნენ, დრო იყო… ჰო, ბედნიერებით დაუფიქრებლად ვისარგებლე, მეტი უნდა მეფიქრა, მაპატიე.
– დედააა, ნამდვილი მონსტრი ვარ! შენ კი არა, მე უნდა მაპატიო, ჭკუიდან გადამიყვანეს ჰიპერ-აქტიურმა დედიკოებმა. მოიცადე… სლაიმალი მირეკავს, მოიცადე. ა-ლოოო! ხო, სლაიმალ, კარგი, კარგი… დედა, სლაიმალი უკვე ჰოსპიტალშია, დილა ჯერ არ გადაუყვანიათ პალატაშიო. მოგაკითხავთ, თუ გინდათო.
– არ შეაწუხო, რა სისულელეა, უკვე ტაქსის ვაჩერებ.
– არა, სლაიმალ, ტაქსიში ვსხდებით, მალე მოვალთ… დილასთან უჩვენოდ არ შეხვიდე. მოიცა, დედა, არ გააჩერო, დედა, ტარტი მერე იყოს და აი, იმ მაღაზიაში შევიდეთ, აკვარელის ფანქრებს გიყიდი საჩუქრად. ახალ ფერებს აგირჩევ.
– კარგი, თანახმა ვარ.
– მართლა?.. დედა, მართლა?
– ჰო!
– იღიმი?
– ჰო!
– მართლა იღიმი!
– ეს “დილა” შენ გეკუთვნის!
– კარგი, მაპატიე ხომ?
– აბა რა!
– დედა, რატომ არ ხატავ ნამდვილი აკვარელით, ფანქრებს რატომ ამჯობინებ?
– ფანქრებს ნაკლები დრო და ადგილი სჭირდება.
– შენ ყველაზე კომპაქტური ადამიანი ხარ დედამიწაზე. სლაიმალი მეუბნება, რომ მალკოვი უცებას გარეშე მთელ ქალაქში ნაწილ-ნაწილ გაიფანტებოდაო.
– მთელ სამყაროში.
– ხოოო… მამა ბოლო დროს უშენოდ მოგზაურობს. იცი, ასე მითხრა, არ მეგონა, თბილისს ხელმეორედ რომ ვნახავდი, უცება გვერდით არ მეყოლებოდაო.
– როდის გითხრა?
– დილით მომწერა.
– დღეს მე არ შემხმიანებია.
– შენ თუ მიწერე?
– არა.
– ნუ გწყინს. ისიც შენსავით განიცდის. აი, ამ ორ მწვანე ფანქარს გყიდულობ, და ესეც იყოს, თითქოს მწვანეა და თითქოს არა.
– თეთრიც მინდა.
– თეთრსაც ვამატებ. აგურისფერი აღარ ვიყიდოთ, წაიღო ტვინი აგურისფერმა!
– გაიდსიას უხდება!
– ზოგჯერ მძულს გაიდსია!
– ასე ნუ ამბობ!
– თავგზააბნეული, კალენდარდაკარგული, წყალწაღებული გაიდსია! სხვაგან გადავსახლდეთ, არ გინდა?
– აგურისფერი.
– მწვანე და თეთრი!
– ფერებზე ვდაობთ? კარგი, გავედით, ტაქსის ვაჩერებ, ელპი!
– დედა, იცი, მინდოდა დღეს მე, შენ, სლაიმალს და მამასაც, აქ რომ ყოფილიყო, ყველას თმა გადაგვეპარსა, მერე დილას საყვარელი ზღაპრების პერსონაჟები დაგვეხატა თავზე და ისე დავხვედროდით ჩვენს თმაგაცვენილ…

1 2 3 4 5 6 7