Video chat

– გხედავ, ჩემო ციყვო! აბა, როგორ ჩაიარა დაჯილდოებამ?
– მამ, როგორ ხარ? ყველაფერი რიგზეა, დედა გამყვა, თუმცა, დაჯილდოება სულაც არ ყოფილა დღის მთავარი თემა. ჰოსპიტალში ვიყავით. სლაიმალი იქ დაგვხვდა.
– როგორ არის?
– კარგად. ჭოგრტი მინდაო, მასხრობდა. ხომ იცი, როგორც ყოველთვის ჩვენს გართობას ცდილობდა… თუ დედაზე მკითხე?.. დედას აკვარელის ახალი ფანქრები ვუყიდე, ახალ ფერებზე დამთანხმდა, იმ წუთას გამიხარდა, მაგრამ მერე მივხვდი, რომ მისთვის სულერთი იყო.
– ხო.
– როგორ ფიქრობ, დედა კიდევ დახატავს?
– ხო.
– მამ?
– ხო, აქ ვარ, ახლავე!
– სად წახვედი, ვერ გხედავ.
– ერთი წუთით, ელპი!
– გაცივდი? სურდო გაქვს?
– ხო.
– სლაიმალი ამბობდა, თბილისში ისე წვიმდა, მდინარე ადიდდაო. ხომ არ შეგცივდა? დასველდი?
– ხო.
– რა ხო?
– ეტყობა დავსველდი, ელპი! ერთი დღის წინ ზაფხული იდგა, წუხელ კიდევ ცა ჩამოიქცა.
– მად რა თვეა?
– ივნისი.
– ჩვენთან ისევ აირია თვეები, მამ, რა უბედურებაა, ერთხელ გაჩნდე და ისიც აგურისფერ ქალაქში, სადაც მუდამ წვიმს და კალენდარს ვერ ენდობი!
– არ იდარდო, ხომ იცი, წლის ბოლოს ყველაფერი დალაგდება, წრე შეიკვრება და თვეებიც დაბალანსდება. ასეთია გაიდსია.
– არაფერიც არ ვიცი, მამა, მხოლოდ გაიდსიიდან გაღწევა მინდა!
– არაფერიო მაშინ ნუ ამბობ.
– მაშინ, ერთის გამოკლებით არაფერი, გამოთქმა მისაღებია?
– ვიცი, ახლა გგონია, სხვაგან აჯობებს. ზოგჯერ თვეები დადგენილ რიგს მიჰყვება, მაგრამ მხოლოდ გარეგნულად. აი, აქ, ორი წლის სამყოფი ნალექი ერთ დღეში მოვიდა, მდინარემ მანქანები, ადამიანები და ზოოპარკიც თან გაიყოლა. დილით ადრე გავედი გმირთა მოედანზე, გახსოვს, ზოოპარკთან ახლოს მოედანი, ზემოდან ცირკის შენობა გადმოჰყურებდა. ხშირად დამყავდი, პატარა რომ იყავი.
– მახსოვს, მაგრამ ასე მგონია, ეგ გაიდსიაში იყო.
– აქაურობა ახლა ისეთი შეცვლილია, მაინც ვერ იცნობ. ამ დილით კი მოედანი მდინარის კალაპოტს ჰგავდა, გარშემო ქვიშა, მცენარეები, ხის ტოტები ეყარა, ნაკადულები მოედინებოდა. თითქოს, სპეციალურად ჩემთვის მოაწყვეს დეკორაციებიო, მივდიოდი და…
– ტიროდი ხომ?.. ისევ ვერ გხედავ, მამ.
– ჩემთვის მივდიოდი და… რას ვხედავ? ვერასოდეს ვერ გამოიცნობ, ციყვო! ხიდის ქვეშ ბეჰემოთი დავინახე. წარმოიდგინე, მთელ ქალაქში, შუა მოედანზე მხოლოდ მე და ბეჰემოთი ვიდექით.
– მამა, ხომ კარგად ხარ? ბეჰემოთი აკლდა მაგ “დეკორაციებს!”
– კი, კი, ყველაფერი რიგზეა, უბრალოდ ეს სურდო… დამაცადე, კიდევ ავიღებ ხელსახოცებს, დამელოდე.
– ტირის!
– რაო? რას ამბობ?
– ანუ ბეჰემოთი შეგხვდა არა?.. დადიოდა შუა ქალაქში თავისთვის! საოცარია, ვერაფერს იტყვი!
– არ გჯერა?
– არ ვიცი, მამა, ძალიან უცნაურად იქცევი.
– აკრიფე გუგლში Hippopotamus in Tbilisi და დარწმუნდები. აქ ახლა შუა ქალაქში ვეფხვებს, იაგუარებს და ლომებს დასდევენ. ასე რომ, მე გამიმართლა, უწყინარი ბეჰემოთი რომ შემხვდა. ცრემლიანი, სევდიანი და დამფრთხალი ჰოიპოპოტამუსი. შენ კიდევ გაიძახი, გაიდსია უნდა დავტოვოო.
– დღესაც წვიმს?

1 2 3 4 5 6 7