ჩანართი ელპის დღიურიდან

გიდსიური კალენდრის თანახმად “დიდიხნისწინ”, ჩემი მშობლები შეყვარებულები რომ იყვნენ, დროს არ აღრიცხავდნენ და არც წვიმაში სველდებოდნენ, არ არსებობდა მობილურები და ბევრ გაიდსიელს სახლში ტელეფონიც არ ჰქონდა. სამაგიეროდ, ქუჩებში იდგა უამრავი სატელეფონო ჯიხური, ადამიანები თავაწეულები და კისერმოღერებულები დადიოდნენ (არასმარტფონსჩაშტერებულები), ერთმანეთს უღიმოდნენ, თვალებში უყურებდნენ და იმახსოვრებდნენ.
გაიდსიური სატელეფონო ჯიხურები კი რა თქმა უნდა, აგურისფერი იყო!
როცა მამას თავის სათაყვანებელ ლაბორატორიაში ღამის მორიგეობა უწევდა, დედა სატელეფონო ჯიხურში გადასახლდებოდა ხოლმე და თან მიჰქონდა პლედი, ბალიში, მაღვიძარა, ორცხობილები, საოჯახო ფოტოსურათების ალბომი, მადუღარა, (არა, მადუღარას სად შეაერთებდა)? არაფერიც არ მიჰქონდა – უბრალოდ გაურკვეველი ვადით შედიოდა ჯიხურში და, როგორც მაშინ ამბობდნენ, ტელეფონზე ეკიდა.
დედა (ისევე როგორც ნებისმიერი შეყვარებული ადამიანი) დაღლას ვერ გრძნობდა, ამიტომ მისი სხეული დამოუკიდებლად მოქმედებდა და მექანიკურად ხან ერთ კედელს მიეყრდნობოდა ბეჭებით, ხან მეორეს შუბლით, ხან მესამეს საჯდომით, ფეხსაცმელს გაიხდიდა, თითის წვერებზე შედგებოდა, შესაძლოა, სიგარეტიც მოეწია: კარი გაეღო, “თუ შეიძლება უკან დაიხიეთო”, – ზრდილობიანი მზერით ენიშნებინა სატელეფონო ჯიხურთან ჩამწკრივებულ რიგში პირველი ქოლგიანი გაიდსიელისთვის, ნაღვლიანი თვალებით შეეხედა ღრუბლებისთვის და მუხლში მოხრილი, ფეხსაცმლისამარა დარჩენილი ტერფი მინაზე მიებჯინა.
არ მესმის, რას ემსახურებოდა მალკოვის ღამის მორიგეობა თუ დრო მაინც საუბარში გაჰყავდა (ყოფილა შემთხვევა, დედას და მამას ერთი ან ორი ფილმი თავიდან ბოლომდე მოუყოლიათ ერთმანეთისთვის), ჩემი აზრით, ჯობდა კინოში წასულიყვნენ, ან უცება ლაბორატორიაში შეპარულიყო.
მოვა დრო და მიხვდებიო, მეტყოდნენ ახლა მშობლები, ჩემს დღიურს რომ კითხულობდნენ. რა თქმა უნდა, იმასაც მაგრძნობინებდნენ, რომ სიყვარულის არაფერი გამეგება. მეგობრების წრეში წარსულს რომ იხსენებენ, სულ იმას გაიძახიან, სწორედ მსგავსი მომენტები გიტოვებს განუმეორებელ გემოსა და სურნელსო. ვერაფერს ვიტყვი, სანამ მსგავს გემრიელსურნელოვანგაუგებრობაში მეც არ აღმოვჩნდები.
და როდის აღმოვჩნდები? არ გეგონოთ რიტორიკული შეკითხვა დავსვი და პასუხი არ მჭირდება! – პასუხი, რომელიც დაახლოებით ასე ჟღერს: თუ დავეთნხმებით მოსაზრებას, რომლის მიხედვითაც (საკონფერენციო ტონი შემომიტევს ხოლმე) პირველ ქალიშვილს დედის ბედი უმეორდება, მაშინ მარტივი არითმეტიკული მოქმედებებით შესაძლებელი გახდება გამოვთვალოთ შემდეგი: რადგან ქალიშვილის დედა ოცდაორი წლის გათხოვდა, ქალიშვილი კი ამჟამად თექვსმეტისაა, ექვს წელიწადში გარდაუვალ ცვლილებებს უნდა დაელოდოს. ერთ დღეში გაცნობილ ბიჭს გამოთვლებითა და კვლევებით გამოტენილი, ზემოხსენიებული ქალიშვილის პროცესორი ვერ გადაამუშავებს, ასე რომ, საოცნებო სუბიექტისადმი ინტერესი დაახლოებით სამ წელიწადში (ორიც დასაშვებია) უნდა გაუღვივდეს.
ანუ, მადმუაზელ ელპი, ახლოვდება ჟამი, როდესაც ლაკმუსის გაწითლებას შეძლებთ (როგორც ამ პროცესს მამა განმარტავს) ან უცნობი ფერები აიმღვრევა (უცება ©).
გარდა ამისა, ისიც ყურადსაღებია, რომ დედა და მამა ერთმანეთს სკოლიდან იცნობდნენ. აქედან გამომდინარე “ის” ლაკმუსის ქაღალდი თუ აკვარელის, ჯერაც უცნობი ფერით სავსე ქილა ახლომახლო დაიარება (სლაიმალისთვის ჭოგრიტის საყიდლად რომ წავალ, ერთი ჩემთვისაც უნდა შევიძინო)!
1+1=2 – ერთი და ერთი ორნია…
ხომ ხედავთ, რა დღეში მაგდებს გამოთვლები!!! კომუნიკაციის ევოლუციაზე ვსაუბრობდი და ლამის საქორწილო კაბის თარგი გამოვჭერი!!! არა და, რამდენიმე აბზაცის წინ უბრალოდ იმის თქმა მინდოდა, რომ მივლინებაში წასულ მამებსა და ქმრებს შეგვიძლია ნებისმიერ წამს შევავლოთ თვალი; რომ მუდმივად კავშირზე ვართ, მაგრამ სულაც არ გავცემთ მეტ სითბოს; რომ მალკოვთან დღევანდელი ვიდეო-ჩრთვა ისეთი წვიმიანცრემლიანი აღმოჩნდა, ვინატრე, ნეტავ ისევ სატელეფონო ჯიხურები იდგას გაიდსიაში-მეთქი!!!
ნეტავ, როგორ ხასიათზე დადგებოდით, მამათქვენს რომ ეთქვა, სისხამ დილით, უცხო ქალაქის ცარიელ ქუჩაში ბეჰემოთჰს გადავაწყდიო. ამსობაში კი აბაზანაში ჩაკეტილი დედათქვენი მსოფლიო ოკეანის შენაკადად ქცევას ლამობდა.

1 2 3 4 5 6 7