ელიას კანეტი (Elias Canetti – 1905-1994) – ავსტრიელი მწერალი, დრამატურგი, კულტუროლოგი, სოციალური მოაზროვნე, ნობელის პრემიის ლაურეატი (1981). დაიბადა ოსმალეთის იმპერიის ქალაქ რუსჩუკში (ამჟამად რუსე, ბულგარეთი). წარმოშობით იყო ებრაული (სეფარდული) ოჯახიდან, რომელშიც ლადინოზე საუბრობდნენ.

კანეტიმ ბავშვობა და ახალგაზრდობა გაატარა დიდ ბრიტანეთში, შვეიცარიაში, ავსტრიასა და გერმანიაში. დაამთავრა ვენის უნივერსიტეტის ქიმიის ფაკულტეტი. 1938 ავსტრიის ანშლუსისადმი პროტესტის ნიშნად დატოვა ქვეყანა და ჯერ პარიზში, შემდგომ კი ლონდონში გადასახლდა. გარდაიცვალა ციურიხში.

ქართულად ჯერჯერობით ითარგმნა ელიას კანეტის მხოლოდ ერთი წიგნი – „მარაკეშის ხმები“ (გამომცემლობა „ინტელექტი“, გერმანულიდან თარგმნეს ეკატერინე რაისნერმა და ნატალია ნადირაშვილმა).

„დაბრმავება“ ელიას კანეტის პირველი და ყველაზე მნიშვნელოვანი ნაწარმოებია. იგი დაიწერა 1931-32 წლებში და 1981 წელს ნობელის პრემიით აღინიშნა. გთავაზობთ ორი თავის თარგმანს  ამ ნაწარმოებიდან.

 

ნაწილი I

თავი სამყაროს გარეშე

გასეირნება

 

– რას აკეთებ, ბიჭო?

– არაფერს.

– მაშ, აქ რატომ დგახარ?

– ისე.

– კითხვა იცი უკვე?

– როგორ არა.

– რამდენი წლის ხარ?

– ცხრის, ახლახანს შემისრულდა.

– რა უფრო გიყვარს, შოკოლადი თუ წიგნი?

– წიგნი.

– მართლა? აი, ყოჩაღ! აი, თურმე აქ რატომ მოსულხარ.

– დიახ.

– რატომ მაშინვე არ მითხარი?

– მამაჩემი მიშლის.

– ჰო? რა ჰქვია მამაშენს?

– ფრანც მეტცგერი.

– უცხო ქვეყნებში გინდა წასვლა?

– დიახ. ინდოეთში. იქაურობა ვეფხვებითაა სავსე.

– კიდევ სად?

– ჩინეთში. იქ ვეებერთელა კედელია.

– ალბათ სიამოვნებით გადაძვრებოდი, არა?

– არა, ეგ იმხელაა და იმსისქე, მაგაზე ვინ გადაძვრება. მაგიტომაც ააშენეს.

– ამდენი საიდან იცი! ეტყობა, ბევრს კითხულობ!

– დიახ, სულ ვკითხულობ. მამაჩემი არ მიჩერებს წიგნებს. სიამოვნებით ვისწავლიდი ჩინურ სკოლაში. ორმოცი ათას იეროგლიფს ასწავლიან თურმე. ერთ წიგნში ვერც ჩაეტევა.

– მასე გეგონოს.

– დავითვალე.

– ჰო, მაგრამ სწორად ვერ დაგითვლია. მოეშვი ამ ვიტრინას. რაც მანდ აწყვია, არც ერთი არ ვარგა.  აგერ, ჩანთაში ბევრად უკეთესი წიგნები მიწყვია. მოიცადე, გაჩვენებ. იცი, ეს რა დამწერლობაა?

– ჩინურია! ჩინური!

– გონებაგახსნილი ბიჭი ყოფილხარ. ჩინური წიგნი გინახავს აქამდე?

– არა, ჩემით მივხვდი.

– ეს ორი იეროგლიფი არის “მენ-ძი”, ანუ “ფილოსოფოსი მენი”. ეგ იყო უდიდესი ადამიანი, მთელ ჩინეთში ჰქონდა სახელი განთქმული. 2250 წლის წინ ცხოვრობდა და მის ნაწერებს დღემდე კითხულობენ. ხომ იმახსოვრებ, რასაც გეუბნები?

– დიახ. ოღონდ ახლა სკოლაში მეჩქარება.

– მაშ,  სკოლაში რომ მიდიხარ, გზადაგზა წიგნის მაღაზიებს ათვალიერებ ხოლმე? შენ თავად რა გქვია?

– ფრანც მეტცგერი, როგორც მამაჩემს.

 

1 2 3 4 5 6 7 8