– სად ცხოვრობ?
– ერლიხის ქუჩაზე, ოცდაოთხ ნომერში.
– მეც მანდ ვცხოვრობ. შენ ვერ გიხსენებ.
– კიბეზე თუ ვინმე შეგხვდათ, გვერდზე იხედებით. დიდი ხანია გიცნობთ. თქვენ ხართ პროფესორი კინი, თუმცა ლექციებს არ კითხულობთ. დედაჩემი ამბობს, რომ არაფერი პროფესორი თქვენ არ ხართ. მე მაინც მგონია, რომ ხართ, იმიტომ რომ ბიბლიოთეკა გაქვთ. წარმოდგენაც კი შეუძლებელია, ისეთი რამეაო, მარიამ, ჩვენმა მოახლემ. მეც მინდა ჩემი ბიბლიოთეკა მქონდეს, როცა გავიზრდები. სავსე უნდა იყოს ყველანაირი წიგნით, ყველა ენაზე, მათ შორის ჩინურზეც. ახლა კი უნდა გავიქცე.
– ეს წიგნი ვინ დაწერა? გახსოვს კიდევ?
– მენ-ძიმ, ფილოსოფოსმა მენმა. ზუსტად 2250 წლის წინათ.
– მშვენიერია. შეგიძლია, ერთხელ ჩემს ბიბლიოთეკაშიც მეწვიო. ჩემს ეკონომ ქალს უთხარი, რომ მე დაგრთე ნება. ჩინეთისა და ინდოეთის ფოტოებს გაჩვენებ.
– რა კარგია! მოვალ! აუცილებლად მოვალ! დღეს საღამოს შეიძლება?
– არა, არა, ყმაწვილო. სამუშაო მაქვს. ერთ კვირაზე ადრე არ გამოვა.
პროფესორი კინმა, ამ მაღალ-მაღალმა, ხმელმა მამაკაცმა, სწავლულმა, რომლის ძირითადი სპეციალობა სინოლოგია იყო, ჩინური წიგნი გაბერილ პორტფელში ჩადო, გულზე რომ ჰქონდა ახუტებული, პორტფელი გულდასმით ჩაკეტა და გონიერ ყმაწვილს მზერა იქამდე არ მოაცილა, ვიდრე ის თვალს არ მიეფარა. ბუნებით სიტყვაძუნწი და პირქუში იყო და ახლა საკუთარ თავს საყვედურობდა, გადაუდებელი აუცილებლობის გარეშე საუბარი როგორ გავაბიო.
კინს ყოველდღიურად თითო საათი – დილის შვიდიდან რვამდე – სეირნობისთვის ჰქონდა გამოყოფილი და ამ დროს ყველა წიგნს ათვალიერებდა, რომლებსაც გზად ვიტრინაში გამოფენილს დაინახავდა. კიდევ ერთხელ რწმუნდებოდა, რომ ირგვლივ სულ მაკულატურა და ნაგავი ვრცელდებოდა და ეს თითქოს ახარებდა კიდეც. თვითონ ხომ ამ დიდი ქალაქის უმნიშვნელოვანესი კერძო ბიბლიოთეკის მფლობელი იყო. ხოლო ამ ბიბლიოთეკის უმცირესი ნაწილი სულ თან დაჰქონდა. სწორედ ეს ვნება იყო ის ერთადერთი, რის უფლებასაც იგი ამ მკაცრ და მუშაობით დატვირთულ ცხოვრებაში საკუთარ თავს აძლევდა და სწორედ მან გახადა იძულებული, რომ სიფრთხილის წესები შემოეღო. საკმარისი იყო ნებისმიერი წიგნი, ყველაზე ცუდიც კი, დაენახა, რომ მისი შეძენის დაუოკებელი სურვილი უჩნდებოდა. საბედნიეროდ, წიგნის მაღაზიათა უმრავლესობა მხოლოდ რვა საათის შემდეგ იღებოდა. ხანდახან რომელიმე შეგირდი, უფროსის ნდობის მოპოვებას განსაკუთრებით რომ ცდილობდა, სამუშაოზე ყველაზე ადრე მივიდოდა, სხვებს გარეთ დაელოდებოდა, მერე კი პირველივე თანამშრომელს გასაღებს საზეიმოდ გამოართმევდა და რაც შეიძლება ხმამაღლა იყვირებდა: „შვიდი საათიდან აქ ვარ აყუდებული!“, ან: „შიგნით ვეღარ შევსულვარ!“ ასეთი გულმოდგინების დანახვაზე კინი იოლად ავარდებოდა; თავს ძლივს იკავებდა, რომ მაღაზიაში მათ კვალდაკვალ არ შესულიყო. უფრო პატარ-პატარა სავაჭროების მფლობელთა შორისაც გამოერეოდნენ ხოლმე ადრე ადგომის მოყვარულები, რომლებიც რვის ნახევრიდან უკვე ფართოდ გამოღებულ კარებში ფუსფუსებდნენ. ამ ცდუნებათა შემხედვარე კინი თავის წიგნებით გაბერილ პორტფელს განსაკუთრებულად დაჰკანკალებდა. გულში უცნაურად იკრავდა, ისეთი მანერა გამოემუშავებინა, რომ სხეულის რაც შეიძლება მეტი ნაწილი უნდა ყოფილიყო ჩართული ამ ჩახუტებაში. ძველი, გაცვეთილი კოსტუმის ქვეშ ნეკნებით პორტფელს კარგად შეიგრძნობდა ხოლმე. მკლავი პორტფელის გვერდითა ჩაღრმავებაში ზუსტად თავსდებოდა. წინა მხრით ქვემოდან აკავებდა. გაფარჩხული თითებით კი ყველა ჯიბეს სწვდებოდა, რომელსაც მოისურვებდა. ამ გადაჭარბებულ სიფრთხილეს პორტფელის შიგთავსის ღირებულებით ამართლებდა. ხომ შეიძლებოდა, შემთხვევით ძირს დავარდნოდა, ან უცბად საკეტი გახსნილიყო… ყოველ დილას, სახლიდან გამოსვლამდე, ყველაფერს საგულდაგულოდ ამოწმებდა, თორემ ეს უძვირფასესი განძი ხომ დაეღუპებოდა. მას ხომ ამქვეყნად ყველაზე უფრო დასვრილი წიგნები ეზიზღებოდა.
იმ დღესაც უკვე სახლში ბრუნდებოდა და ერთ-ერთ ვიტრინასთან შეჩერდა. უცბად წინ ვიღაც ბიჭი დაუდგა. კინმა ეს ენით აუწერელი უზრდელობად ჩათვალა. ადგილის მეტი რა იყო. ყოველთვის ვიტრინისგან ერთი მეტრის მოშორებით დგებოდა; ამის მიუხედავად, ნებისმიერ ასოს ძალზედ იოლად არჩევდა. მხედველობას ნამდვილად არ უჩიოდა; იმ ორმოცი წლის ადამიანის კვალობაზე, დღე და ღამ წიგნებს და ხელნაწერებს რომ ჩაჰკირკიტებს, ეს მართლაც რომ საგანგებოდ აღსანიშნი ფაქტი იყო. ყოველი დილა იმას უდასტურებდა, თუ რა კარგად უჭრიდა თვალი. ამ ერთმეტრიანი დისტანციის დაცვით იგი გამოხატავდა თავის უპატივცემულობას, რასაც ეს ყველას დასანახად გამოფენილი წიგნები მის საკუთარ ბიბლიოთეკაში დაცული, უცხო თვალისაგან საიმედოდ დაფარული რთული ნაწარმოებებისაგან განსხვავებით იმსახურებდა. ბიჭი ტანად პატარა იყო, კინი კი არანორმალურად მაღალი. ბიჭი მას ვიტრინას ვერ დაუფარავდა. უბრალოდ, პატივისცემის საკითხი იყო. სანამ კინი შენიშვნას მისცემდა, გვერდზე გადგა, რომ კარგად შეეთვალიერებინა. ბიჭი წიგნების სათაურებს მიშტერებოდა და ტუჩებს ნელ-ნელა, უხმაუროდ ამოძრავებდა, ერთი წიგნიდან მეორეზე მოთმინებით გადადიოდა. დროდადრო თავს უკან ატრიალებდა. ქუჩის მეორე მხარეს, მესაათის სადახლოს თავზე უზარმაზარი საათი ეკიდა. რვას ოცი წუთი აკლდა. პატარას აშკარად ეშინოდა, არ დაგვიანებოდა, ეტყობოდა, მნიშვნელოვან რამეზე მიეჩქარებოდა. უკან მდგომ ბატონს ყურადღებასაც არ აქცევდა. შეიძლება, კითხვაში ვარჯიშობდა. შეიძლება, სულაც სათაურებს იზეპირებდა. თითოეულ მათგანს ერთნაირად და მიუკერძოებლად ეპყრობოდა. ზუსტად მიხვდებოდი, იმ წუთას სადაც იყო გაჩერებული.
კინს შეებრალა ბიჭუნა, რომელიც ამ თავის ცინცხალ, ალბათ უკვე კითხვამოწყურებულ გონებას ასეთ უგვანობებზე რომ ხარჯავდა. ზოგიერთ უბადრუკობას ალბათ მოგვიანებით მხოლოდ იმიტომ წაიკითხავდა, რომ მისი დასახელება თავში ადრიდანვე ჩაებეჭდებოდა. ნეტა როგორ შეიძლება პირველი წლების ათვისების უნარის შეზღუდვა? საკმარისია, ბავშვმა სირბილი და ასოების გარჩევა ისწავლოს, რომ მაშინვე ხვდება რომელიმე ცუდად დაგებული ქუჩაზე, რომელიღაც მოვაჭრის ხახაში, რომელიც მხოლოდ ეშმაკმა უწყის, მაინცდამაინც წიგნებზე რატომ გადაირია. პატარა ბიჭები უნდა იზრდებოდნენ ცნობილ, კერძო ბიბლიოთეკებში. მხოლოდ სერიოზულ მოაზროვნეებთან ყოველდღიური ურთიერთობები, ჭკვიანური, ხმაურისგან დაცული ატმოსფერო, დროისა და სივრცის ურყევი წესრიგისადმი ჯიუტად მიჩვევა – რომელი სხვა გარემო მოახერხებს უკეთესი მეგზურობა გაუწიოს ამ ფაქიზ არსებებს სიყმაწვილის დაძლევის გზაზე? ერთადერთი ადამიანი ამ ქალაქში, ვისი კერძო ბიბლიოთეკაც კი ამ მხრივ სათვალავში მიიღებოდა, თავად კინი იყო. მას კი ბავშვების აყვანა არ შეეძლო. სამუშაო სულის მოთქმის საშუალებას არ აძლევდა. ბავშვები ხმაურობენ, ყურადღებას ითხოვენ. მათ მომვლელი ქალი სჭირდებათ. მარტო სამზარეულოსთვის უბრალო ეკონომი ქალიც კმაროდა. ბავშვებისთვის კი დედა იყო საჭირო. ის კი მხოლოდ დედობას დასჯერდება? განა ვინმეს აკმაყოფილებს მხოლოდ ძირითადი როლის შესრულება? მთავარ სპეციალობად ყველა მაინც ცოლობას მიიჩნევს და ისეთ მოთხოვნებს აყენებს, რომელთა დაკმაყოფილებასაც პატიოსანი სწავლული სიზმრადაც ვერ შესძლებს. კინმა უარი თქვა ცოლზე. ქალების მიმართ აქამდეც გულგრილი იყო და არც მომავალში აპირებდა რამის შეცვლას. ამიტომაც არც ამ ბიჭუნას ეშველებოდა რამე, წიგნებს თვალმოუცილებლად რომ მიშტერებოდა და თავს წამდაუწუმ უკან ატრიალებდა.
სიბრალულის გამო მაინც გამოელაპარაკა, თუმცა ზოგადად ასეთი რამ არ სჩვეოდა. ამ აღმზრდელობითი გრძნობების შემოტევისგან თავს ერთი შოკოლადით სიამოვნებით დაიხსნიდა, მაგრამ აღმოჩნდა, რომ ისეთი ცხრა წლის მოზარდებიც არსებობდნენ, რომელთაც შოკოლადს წიგნი ერჩივნათ. ხოლო ამ ამბის შემდგომმა გაგრძელებამ კინი კიდევ უფრო განაცვიფრა. ბიჭუნას ჩინეთი აინტერესებდა; მამამისის ნების საწინააღმდეგოდ კითხულობდა; ჩინური დამწერლობის სირთულე დაფრთხობის ნაცვლად კიდევ უფრო აგულიანებდა. მიუხედავად იმისა, რომ ჩინური ნაწერი იქამდე თვალითაც არ ენახა, შეხედვისთანავე იცნო. ინტელექტში გამოცდა ბრწყინვალედ ჩააბარა. როცა კინმა წიგნი აჩვენა, ბიჭს მისი შეხების სურვილიც არ გამოუთქვამს. შეიძლება, ჭუჭყიანი ფრჩხილები ჰქონდა და დაიმორცხვა. კინი ბიჭს თითებზე საგანგებოდ დააკვირდა – ფრჩხილები სუფთა ჰქონდა. თუმცა მის ადგილას სხვა რომ ყოფილიყო, ფრჩხილები ჭუჭყიანიც რომ ჰქონოდა, წიგნს მაინც ეძგერებოდა. ბიჭს ეჩქარებოდა, სკოლა ხომ რვაზე ეწყებოდა, მაგრამ მაინც ბოლო წუთამდე დარჩა. მოპატიჟებას დამშეულივით დაეხარბა, თუმცა ამის გამო მამამისგან მოხვდებოდა. მასთან მოსვლას იმავე დღეს აპირებდა, თანაც გაგანია სამუშაო საათებში. ისიც ხომ იმავე სახლში ცხოვრობდა.
კინმა საკუთარ თავს ეს საუბარი აპატია. საკუთარ თავთან დაშვებული ეს გამონაკლისი დახარჯულ ენერგიას ნამდვილად ამართლებდა. თვალსმიფარებულ ბიჭუნას ფიქრებში უკვე როგორც მომავალ სინოლოგს, ისე მიესალმა. ნეტა ეს მივიწყებული დარგი დღეს ვიღას აინტერესებს? ბიჭები ფეხბურთს თამაშობენ, დიდები თავს ირჩენენ; თავისუფალ დროს სასიყვარულო ამბებს უთმობენ. იმისათვის, რომ რვა საათი იძინონ და რვა საათი არაფერი აკეთონ, დარჩენილ დროს მთლიანად საძულველ სამუშაოს უძღვნიან. მარტო მუცელს კი არ აფეტიშებენ, არამედ მთელ სხეულს. ჩინელთა ზეციური მეუფეც კი მათზე უფრო მკაცრად და ღირსეულად გამოიყურება. იმ შემთხვევაშიც კი, თუკი ბიჭი მეორე კვირაში არ ესტუმრება, რაც ძნელი დასაჯერებელია, თავში ერთი სახელი ხომ მაინც დარჩება და არასდროს დაავიწყდება: ფილოსოფოს მენის სახელი. ასეთი შემთხვევები და მოულოდნელობები ხომ ცხოვრებას ხშირად გეზს უცვლის.