მერე წიგნი ისე მიაწოდა, თითქოს გაპრიალებული თეფში ყოფილიყოს. სიამოვნებით გაუბამდა საუბარს, მაგრამ არ გამოუვიდა. კინმა მოკლედ მოუჭრა, მადლობაო და ზურგი შეაქცია. ისიც მიხვდა და წასვლა დააპირა. ხელი კარის სახელურზე ედო, როცა კინი უეცრად მიუტრიალდა და ნაძალადევი მხიარულებით ჰკითხა:

– მაშ, თქვენ ეს ხშირად მოგსვლიათ?

ქალი მიხვდა, რაც ხდებოდა და გულწრფელად აღშფოთდა:

– კი მაგრამ… ბოდიში მომითხოვია, ბატონო პროფესორო! ეს “ბოდიში მომითხოვია”ეკალივით იყო გამოჩრილი მის დათაფლულ მეტყველებაში. ახლა ეს საერთოდ არ გამექცესო, გაიფიქრა კინმა და შემრიგებლურად აუხსნა:

– ეს ისე ვთქვი. თქვენ ხომ იცით, რა საგანძური ინახება ამ ბიბლიოთეკაში.

ამგვარი კაცთმოყვარული გაბაასება ქალისათვის უბრალოდ  მოულოდნელი იყო. საპასუხოდ ვერაფერი მოიფიქრა და ოთახი კმაყოფილმა დატოვა.  ქალი რომ გავიდა, კინმა საკუთარ თავს საყვედურები დააყარა. საკუთარ წიგნებზე ჭუჭყიანი ვაჭრუკანასავით ლაპარაკობო. მაგრამ აბა სხვანაირად როგორ შეძლებდა ამგვარი პიროვნება აეძულებინა, რომ წიგნებს კარგად მოპყრობოდა? ამას ხომ მათი ნამდვილი ფასი არ ესმოდა. იგი ხომ დარწმუნებული იყო, რომ კინი ბიბლიოთეკით ვაჭრობდა. ასეთია ხალხი!  ასეთია ხალხი!

უნებური თავის დაკვრის შემდეგ, რომელიც მაგიდაზეც გაშლილ იაპონურ ხელნაწერებს ეკუთვნოდა, კინი  საწერ მაგიდას, როგორც იქნა, მიუჯდა.

 

საიდუმლო

ოთხი წლის წინ კინმა გაზეთში შემდეგი განცხადება გამოაქვეყნა:

„არაჩვეულებრივად დიდი ბიბლიოთეკის მფლობელი მეცნიერი ეძებს ეკონომ ქალს, რომელსაც სრულიათ გათვითცნობიერებული ექნება თავისი პასუხისმგებლობა. გამოგვეხმაურონ მხოლოდ უმწიკვლო რეპუატაციის მქონე პირები. ნაყარ-ნუყარი ხალხი ნუ გამომეხმაურება, თორემ მოუწევთ კიბეზე დაგორება. ანაზღაურება უმნიშვნელოა.“

ტერეზა კრუმბჰოლცს იმ დროისათვის კარგი ადგილი ეკავა, სადაც თავს ასე თუ ისე მშვიდად გრძნობდა. ყოველ დილით, ვიდრე სახლის პატრონებს საუზმეს მოუმზადებდა, გულდასმით გადაიკითხავდა ხოლმე „ყოველდღიური გაზეთის“ განცხადებათა გვერდს, რათა მსოფლიოში მიმდინარე მოვლენებზე წარმოდგენა ჰქონოდა. სულაც არ აპირებდა, რომ თავისი ცხოვრება ამ არაფრით გამორჩეულ ოჯახში გაელია. ჯერ კიდევ ახალგაზრდა იყო, 48 წელიც არ შესრულებოდა და სიამოვნებით მოემსახურებოდა რომელიმე მარტოხელა ბატონს. იქ ბევრად უკეთესად მოეწყობოდა, ქალებთან ხომ ასე ძნელი იყო საერთო ენის გამონახვა. თუმცა ასე ალალბედზე არც ამ თბილი ადგილის დაკარგვა უნდოდა. ვიდრე კარგად არ გაარკვევდა, ვისთან ჰქონდა საქმე, მანამდე აქედან ფეხს არ მოიცვლიდა. ისიც მშვენივრად უწყოდა,  გაზეთები როგორ აბუქებდნენ ხოლმე,  რა ოქროს მთებს არ ჰპირდებოდნენ პატიოსან ქალებს. თუმცა საკმარისი იყო სახლში შეეტყუებინათ, რომ მაშინვე ნამუსს ახდიდნენ. ამ წუთისოფლის ჭაპანს აგერ უკვე 33 წელია მარტოდმარტო სწევდა, მაგრამ მსგავსი რამ არასდროს დამართნია. და არც დაემართებოდა, საკმარისად ფრთხილი იყო.

ამჯერად ერთი განცხადება პირდაპირ თვალებში შეეფეთა. „ანაზღაურება უმნიშვნელოა“ – ამაზე შეჩერდა და სქელი შრიფტით გამოყოფილი წინადადებები რამდენჯერმე ბოლოდან თავამდე გადაიკითხა. ძალიან მიმზიდველად ჟღერდა – მამაკაცი იგრძნობოდა. საკუთარი თავის უმწიკვლო რეპუატაციის მქონედ წარმოდგენამ სიამოვნება მოჰგვარა. თითქოს ხედავდა, ათასი ჯურის ნაძირლები კიბეზე როგორ მოგორავდნენ და გულით ხალისობდა. ერთი წუთითაც არ დაუშვია, რომ შეიძლებოდა, თვითონაც მათ რიცხვში მოხვედრილიყო.

მეორე დილა გათენდა თუ არა, შვიდ საათზე უკვე კინის წინაშე იდგა. მან იგი მისაღებში შემოუშვა და მაშინვე აუხსნა:

– კატეგორიულად გეკრძალებათ ჩემს ბინაში უცხო პირების შემოშვება. ხართ თუ არა მზად, აიღოთ პასუხისმგებლობა წიგნების უსაფრთხოებაზე?

თან დაჟინებით და ეჭვიანად ათვალიერებდა. ვიდრე მის პასუხს არ მოისმენდა, არ უნდოდა, რომ მასზე საბოლოო აზრი შექმნოდა.

– კი მაგრამ, ბოდიში მომითხოვია, ვინ გგონივართ საერთოდ?

მისი უხეშობით დაბნეულმა ქალმა სწორედ ისეთი პასუხი გასცა, ვერაფერში  რომ ვერ გამოედავებოდა.

– უნდა იცოდეთ, – წარმოთქვა მან – ბოლო ეკონომი ქალი რატომ გავუშვი. ბიბლიოთეკაში ერთი წიგნი დამაკლდა. მთელი სახლი გადავაქოთებინე, მაგრამ ვერსად ვიპოვე. იძულებული გავხდი, დაუყონებლივ გამეთავისუფლებინა. – კინი აღშფოთებით დუმდა. – თქვენ კი გაიგებთ ამას. – მერე ისე დაამატა, თითქოს ქალის ინტელექტში ეჭვიც არ ეპარებოდა.

– წესრიგია საჭირო, – მიიღო სასწრაფოდ პასუხად. კინი საბოლოოდ განიარაღდა. მან ქალი დიდებული ჟესტით  ბიბლიოთეკაში შეიპატიჟა. მან მორიდებით შეაბიჯა პირველ ოთახში და შეიცადა.

– თქვენი მოვალეობაა, – უთხრა კინმა სერიოზულად და მშრალად, – ყოველდღიურად თითო-თითო ოთახის თავიდან ბოლომდე დალაგება. მეოთხე დღეს ბოლოში გახვალთ. მეხუთე დღეს კი ყველაფერს ისევ თავიდან დაიწყებთ. შეგიძლიათ, რომ ამაზე პასუხისმგებლობა აიღოთ?

– სხვა რა საქმე მაქვს.

კინი კვლავ გარეთ გავიდა, ბინის კარი გამოაღო და წარმოთქვა:

– ნახვამდის. მუშაობას დღესვე შეუდგებით.

ქალი უკვე კიბეებზე იდგა და ჯერ კიდევ ყოყმანობდა. ანაზღაურების შესახებ კინს არაფერი უთქვამს. ვიდრე წინა სამუშაოს მიატოვებდა, ახალი ხელფასის შესახებ ხომ უნდა ეკითხა. არა, ჯობია, არ ჰკითხოს.  ვაიდა, წაგებული დარჩეს. თუ არ ჰკითხავს, შეიძლება  სინდისმა შეაწუხოს და უფრო მეტი მისცეს. სიფრთხილისა და სიხარბის, ამ ორი ურთიერთსაპირისპირო გრძნობის ჭიდილში ბოლოს მაინც მესამემ – ცნობისმოყვარეობამ გაიმარჯვა.

– და ხელფასის საქმე როგორღა იქნება? – იმის ფიქრში, ალბათ რამხელა სისულელეს ჩავდივარო, თავისი „ბოდიში მომითხოვია“ დაავიწყდა.

– რამდენსაც მოითხოვთ – მიუგო კინმა გულგრილად და ბინის კარები მიუხურა.

მის ჩვეულებრივ პატრონებს, რომლებსაც იგი სახლში თორმეტი წლის განმავლობაში მდგარი ძველი ავეჯივით ეიმედებოდათ,  თავზარი დასცა მოულოდნელმა ახალმა ამბავმა, რომ მას თურმე აღარ შეუძლია იქაურობის ატანა და ურჩევნია, ქუჩაში იდგეს, ვიდრე მათ მოემსახუროს. ვერაფრით ვერ მოხერხდა მისი გადარწმუნება. ახლავე უნდა წავიდეს, თორმეტი წელი რომ სახლში იცხოვრებ, იმის უფლება ხომ მაინც გაქვს, რომ წინაწარ გაუფრთხილებლად დატოვო სამსახური. ვირეშმაკა ოჯახმაც ამით ისარგებლა და მთელი თვის ანაზღაურება ოც დღეზე დაუყვანა. ტერეზამ იფიქრა, დანაკლისს კინს გადავახდევინებო და წამოვიდა.

კინის სასიხარულოდ, ტერეზა წიგნებთან დაკავშირებულ საკუთარ მოვალეობას პირნათლად ასრულებდა. გულში ემადლიერებოდა კიდეც, თუმცა პირში შექება  ზედმეტად მიაჩნდა. საჭმელი ყოველთვის დროზე მზადდებოდა. რამდენად კარგად ან ცუდად, კინმა ეს არ იცოდა და არც აინტერესებდა. საკვების მიღების პროცესში, რომელიც მის საწერ მაგიდაზე მიმდინარეობდა, სულ მნიშვნელოვან რაღაცებზე ფიქრობდა. როგორც წესი, ისიც არ იცოდა, რას ჭამდა. გონებას უფრო ფასეული აზრებისთვის ინახავდა: ისინი ხომ გონებას უნდა ესაზრდოებინა, მათ გონება სჭირდებოდათ. გონების გარეშე ეს წარმოუდგენელი იყო. ღეჭვა და მონელება კი თავისთავად ხდებოდა.

 

1 2 3 4 5 6 7 8