ამ უკანასკნელი წინადადებით მან დაამტკიცა, რომ შეღავათს არც საკუთარ თავს უწევდა. იგი დაუნდობელი იყო ყველას მიმართ. ბლოკნოტი კმაყოფილმა შეინახა და ის კაცი დაივიწყა. წერის დროს წიგნებს ცოტათი ადგილი ეცვალათ და ახლა გაასწორა. მომდევნო ქუჩის კუთხეში გერმანულმა ნაგაზმა შეაშინა. ცხოველი ხალხში გზას სწრაფად და თავდაჯერებულად მიიკვლევდა. თან მაგრად მოჭიმული საბელით უსინათლოს მიარბენინებდა, რომლის ფიზიკურ ნაკლზეც ძაღლის გარდა ის თეთრი ხელჯოხიც მიანიშნებდა, მარჯვენა ხელში რომ ჰქონდა ჩაბღუჯული. თვით ყველაზე მოუცლელებიც კი, უსინათლოს გამო ერთი წუთითაც რომ არ მოცდებოდნენ, ძაღლისთვის აღტაცებულ მზერას არ იშურებდნენ. ის კი მათ დრუნჩს  ლმობიერად გაჰკრავდა ხოლმე  და გვერდზე გასწევდა. რახან ლამაზი და ძლიერი იყო, სიამოვნებით ხვდებოდნენ. უეცრად უსინათლომ ქუდი მოიხადა და ხელჯოხთან ერთად ხალხისკენ გაიშვირა. „გთხოვთ, ძაღლის გამოსაკვებად!“ – საბრალობლად იხვეწებოდა. მონეტების წვიმა წამოვიდა. მათ ირგვლივ, შუა ქუჩაში ხალხი შეჯგუფდა. მოძრაობა შეფერხდა. საბედნიეროდ, იქ პოლიციელი არ იდგა, რომელიც ამას დაარეგულირებდა. კინმა მათხოვარი ახლოდან შეათვალიერა. ღარიბულად, მაგრამ დახვეწილად ეცვა, ინტელიგენტური სახე ჰქონდა. რადგან თვალების გარშემო კუნთებს განუწყვეტლივ ამოძრავებდა – თვალებს ახამხამებდა, წარბებს მაღლა სწევდა, შუბლს იჭმუხნიდა, – კინმა არ დაუჯერა და თაღლითად ჩათვალა. საიდანღაც თორმეტი წლის ბიჭი გამოჩნდა, ძაღლი საქმიანად გვერდზე მისწია და ქუდში მძიმე ღილი ჩააგდო. უსინათლომ მისკენ მიიხედა და მადლობა სხვებთან შედარებით ცოტა უფრო თავაზიანად გადაუხადა. ქუდში ჩავარდნისას ღილი ისე გაწკარუნდა, ოქრომ რომ იცის ხოლმე. კინს გული მოეწურა. ბიჭუნას ქეჩოში ხელი წაავლო და რადგან მეორე ხელი თავისუფალი არ ჰქონდა, თავში პორტფელი წამოარტყა. „გრცხვენოდეს“, დაუყვირა, „უსინათლოს როგორ ატყუებ!“ საქმე რომ მოთავა, მერეღა გაახსენდა, პორტფელში რაც ეწყო – წიგნები! თავზარი დაეცა, ამხელა შესაწირი ჯერ არასდროს გაეღო. ბიჭუნა ატირებული გავარდა. თანაგრძნობის ჩვეულებრივ, ბევრად უფრო დაბალ დონეზე დასაბრუნებლად უსინათლოს ერთი მუჭა ხურდა ჩაუყარა ქუდში. შემოკრებილი მოყაყანე ხალხი თავს მოწონებით უქნევდა. ასე თავი უფრო ანგარიშიან ადამიანად და მეწვრილმანედ იგრძნო. ძაღლმა კვლავ გაიწია და საბელი მოქაჩა. როგორც კი მოგვიანებით პოლიციელი გამოჩნდა, გამძღოლმაც და მიმყოლმაც სვლა განაგრძეს.

კინმა საკუთარ თავს შეჰფიცა, რომ სიბრმავე თუკი დაემუქრებოდა, აუცილებლად თავს მოიკლავდა. უსინათლოს დანახვაზე სულ ეს მტანჯველი შიში იპყრობდა ხოლმე. მუნჯები უყვარდა. ყრუები, კოჭლები და სხვა სახის ინვალიდები მისთვის სულ ერთნი იყვნენ. ბრმები აფორიაქებდნენ. ვერ გაეგო, რატომ არ იკლავდნენ თავს. ბრაილის შრიფტიც რომ სცოდნოდათ, კითხვაში მაინც შეზღუდებოდნენ. არიტოსთენემ, ალექსანდრიის უდიდესმა ბიბლიოთეკარმა, ჩვ. წ.-მდე მესამე საუკუნის უნივერსალურმა სწავლულმა, რომლის განკარგულებაშიც ნახევარ-მილიონი ეტრატი მაინც იყო, ოთხმოცი წლის ასაკში საშინელი რამ აღმოაჩინა: თვალებმა ნელ-ნელა უმტყუვნეს და სამსახურზე უარი უთხრეს. ხედვით ჯერ კიდევ ხედავდა, მაგრამ კითხვა აღარ შეეძლო. სხვა მის ადგილზე სრულ დაბრმავებამდე დაიცდიდა. მისთვის კი წიგნებთან განშორება უკვე სიბრმავეს ნიშნავდა. მეგობრები და მოსწავლეები მუხლმოდრეკილი შესთხოვდნენ, ჩვენთან დარჩიო. მან ბრძნულად გაიღიმა, მადლობა გადაიხადა და რამდენიმე დღეში სიცოცხლე  შიმშილით მოისწრაფა.

დრო მოვა და ამ დიად მაგალითს თამაშ-თამაშით გაიმეორებს პატარა კინიც, რომლის ბიბლიოთეკას მხოლოდ ოცდახუთი ათასი წიგნი შეადგენს.

ბინამდე დარჩენილი გზა მან უფრო დაჩქარებულ ტემპში დაფარა. რვა უკვე ნამდვილად იქნებოდა. რვაზე მუშაობა ეწყებოდა. არაპუნქტუალურობა გულს ურევდა ხოლმე. დრო და დრო უჩუმრად თვალებზე იკიდებდა ხელს. ისინი თავიანთ მოვალეობას კარგად ასრულებდნენ და თავს  მშვენივრად და უვნებლად გრძნობდნენ.

ერლიხის ქუჩის 24 ნომერში მდებარე სახლის მეოთხე, სულ ზედა სართულზე იყო განლაგებული მისი ბიბლიოთეკა. ბინის უსაფრთხოებას კარზე დამონტაჟებული სამი რთული საკეტი უზრუნველყოფდა. კინმა ყველა ერთმანეთის მიყოლებით გახსნა, გაიარა მისაღები, სადაც მხოლოდ ტანსაცმლის საკიდარი იდგა და კაბინეტში შევიდა. ფრთხილად ჩამოდო პორტფელი ტყავის სკამზე. მერე რამდენჯერმე ჩამოუარა ოთხი მაღალჭერიანი, ფართო ოთახის ანფილადას, რაც მის ბიბლიოთეკას შეადგენდა. აბსოლუტურად ყველა კედელი ჭერამდე იყო გაჭედილი წიგნებით. ნელ-ნელა ააყოლა მათ მზერა. ჭერში ფანჯრები იყო ამოჭრილი. ზედა განათებით კინი მართლა ამაყობდა. გვერდითი ფანჯრები კი აგურით ამოქოლა სახლის მეპატრონესთან მრავალწლიანი ბრძოლის შემდეგ. ასე მოიგო ყოველ ოთახში კიდევ ერთი კედელი, ანუ მეტი ადგილი წიგნებისათვის. ისედაც, უფრო სამართლიანად და წიგნებთან დამოკიდებულებაში უფრო შესაფერისადაც კი ეჩვენებოდა ისეთი შუქი, რომელიც ზემოდან ჩამოვიდოდა და ყველა თაროს თანაბრად მოეფინებოდა. გვერდითა ფანჯრებს წაჰყვა თან ქუჩაში ყურებისა და თვალთვალის ცდუნებაც, ეს დროის მფლანგველი, მავნე ჩვევა, რომელიც ყველა ადამიანის თანდაყოლილი თვისება უნდა იყოს. ყოველდღიურად სამუშაო მაგიდას რომ მიუჯდებოდა, ხოტბას ასხამდა ამ ბედნიერ იდეას და იმ შეუპოვრობას, რომელსაც უმადლოდა სწორედ თავისი ყველაზე სანუკვარი სურვილის ასრულებას, კერძოდ კი მდიდარი, მოწესრიგებული, ყოველი მხრიდან დაცული ბიბლიოთეკის ფლობას, სადაც სერიოზულ ფიქრებს არც ზედმეტი ავეჯი  ურღვევდა და არც ადამიანი.

პირველი ოთახი კაბინეტად ჰქონდა მოწყობილი. მასიური, მამაპაპური საწერი მაგიდა, მის წინ ერთი სავარძელი, მეორე კი მოპირდაპირე კუთხეში – სულ ეს იყო ოთახის მთელი ავეჯეულობა. ჰო, კიდევ ერთი დივანი იყო კუთხეში ჩაკვეხებული, რომელსაც კინი სათვალავში არ აგდებდა, რადგან იმაზე უბრალოდ ეძინა. კედელზე ეკიდა გადასატანი კიბე. ის დივანზე ბევრად მნიშვნელოვანი იყო და დღის განმავლობაში ერთი ოთახიდან მეორეში მოგზაურობდა. დანარჩენი სამი ოთახის სიცარიელეს ერთი სკამიც კი არ უშლიდა ხელს. არ იდგა არც ერთი მაგიდა, კარადა, ან ღუმელი, რაც თაროების ფერადოვნებას დაარღვევდა. ლამაზი, მძიმე ნოხებით მთლიანად მოფენილი იატაკი პირქუშ ბინდბუნდს ოდნავ ათბობდა და ფართოდ გაღებული კარებების მეშვეობით ოთხივე ოთახს ერთ მაღალჭერიან დარბაზად წარმოაჩენდა.

კინი მძიმ-მძიმედ და ენერგიულად დადიოდა. ნოხებზე განსაკუთრებით გულდასმით ადგამდა ხოლმე ნაბიჯებს. უხაროდა, ამ ნაბიჯებს სულ მცირე ხმაურიც რომ არ ახლდა. მის ბიბლიოთეკაში სპილოსაც კი გაუჭირდებოდა იატაკზე რამე ხმაურის გამოწვევა. ამიტომაც აფასებდა ნოხებს ასე ძალიან. იგი ჯერ დარწმუნდა, რომ ერთი საათის წინ დატოვებული ყველა წიგნი წესრიგში იყო. მერე პორტფელში რაც ჰქონდა, იმის ამოლაგება დაიწყო. ჩვევად ჰქონდა, რომ შემოსვლისას ყველა მათგანს საწერ მაგიდასთან რომ სკამი იდგა, იმაზე აწყობდა. სხვანაირად შეიძლებოდა, დავიწყებოდა და სამუშაოს ისე მისჯდომოდა, რომ ისინი წესრიგში არ მოეყვანა. რვა საათისთვის ხომ ასე მიუწევდა გული მუშაობისკენ. კიბის საშუალებით წიგნები თავ-თავიანთ ადგილებზე გადაანაწილა. სიფრთხილის მიუხედავად, სულ ბოლო წიგნი – რადგან ბოლო იყო, კიდევ უფრო ჩქარობდა – გადმოუვარდა მესამე თაროდან, სადაც  კიბეც კი არ სჭირდებოდა და იატაკზე დაუვარდა. ეს ზუსტად ის მენ-ძი იყო, რომელიც ყველაზე მეტად უყვარდა. „სულელო“, შესძახა საკუთარ თავს, „ბარბაროსო! უწიგნურო!“ ფრთხილად აიღო და სასწრაფოდ კარისკენ გაეშურა. კართან მისვლამდე რაღაც მნიშვნელოვანი გაახსენდა. უკან დაბრუნდა და შემთხვევის ადგილისკენ რაც შეიძლება უხმაუროდ მისწია კიბე, რომელიც ზუსტად მოპირდაპირედ ეკიდა. მენ-ძი  კიბის ფეხებთან, ნოხზე ორივე ხელით ფრთხილად დადო. ახლა უკვე შეეძლო კარისკენ წასულიყო. კარი გამოაღო და დაიძახა:

„საუკეთესო სამტვრე ტილო, გეთაყვა!“

ცოტა ხანში ეკონომმა ქალმა მიხურულ კარებზე დააკაკუნა. კინს არ უპასუხია. ქალმა ღრიჭოში თავი მორიდებით შემოყო და იკითხა:

– რამე მოხდა?

– არა, ჩვარი მომაწოდეთ.

მის პასუხში ქალს უნებური შეჩივლება მოესმა. იგი კი ისეთი ცნობისმოყვარე იყო, რომ ამას უყურადღებოდ ვერ დატოვებდა.

– კი მაგრამ ბოდიში მომიხდია, ბატონო პროფესორო! – შეეპასუხა საყვედურით, შიგნით შევიდა და ერთი შეხედვით მიხვდა, რაშიც იყო საქმე. იატაკზე დადებულ წიგნთან გასრიალდა. ცისფერი, გახამებული კაბა ნოხამდე უწევდა და ფეხებს უმალავდა. თავი მხრებზე მოღრეცილად ედგა. ყურები ორივე განიერი, ბრტყელი და პარტყუნა ჰქონდა.  მარჯვენა ყურს მხარი ეხახუნებოდა და ნაწილობრივ უფარავდა, ამიტომ მარცხენა კიდევ უფრო დიდი მოუჩანდა. სიარულისა და ლაპარაკისას თავს აკანტურებდა. მხრებიც შესაბამისად მონაცვლეობით ქმნიდა თავის მუსიკას. ქალი დაიხარა, წიგნი აიღო და ჩვარი თორმეტჯერ მაინც გადაუსვა. კინს შეშველება არ უცდია. თავაზიანობა ეზიზღებოდა. ქალს გვერდით ედგა და თვალს ყურადღებით ადევნებდა თვალს, ამ სამუშაოს  რამდენად სერიოზულად შეასრულებდა.

– დიახ, ეს სავსებით მოსალოდნელია, როცა კიბეზე ადიხარ, ბოდიში მომიხდია.

 

1 2 3 4 5 6 7 8