კინმა გზა შინისაკენ ღიმილით გააგრძელა. ის იშვიათად იღიმებოდა. იშვიათად თუ სდომებია ვინმეს ასე დაჟინებით, რომ ბიბლიოთეკა ჰქონოდა. ცხრა წლის ასაკში წიგნების ფარდულზე ოცნებობდა. იმჟამად იმის წარმოდგენაც კი მკრეხელობად მიაჩნდა, რომ ოდესმე იქ მფლობელის რანგში თავისუფლად შესვლა-გამოსვლას შესძლებდა. ნებისმიერი წიგნებით მოვაჭრე არის მეფე, ნებისმიერი მეფე არ არის წიგნებით მოვაჭრე!  მაღაზიაში სამუშაოდ, ჯერ პატარა ვარო, ფიქრობდა. ხელზე მოსამსახურე ბიჭებს ხომ სულ აქეთ-იქით დაარბენინებენ. წიგნით როგორ ისიამოვნებს,  თუკი მას მხოლოდ პაკეტის სახით, იღლიაში ამოდებულს ნახავს? დიდხანს ეძებდა გამოსავალს. ერთ დღესაც, სკოლის შემდეგ, სახლში აღარ დაბრუნებულა. ქალაქის ყველაზე დიდ წიგნების მაღაზიაში შევიდა, ექვსი ვიტრინა წიგნებით რომ ჰქონდა სავსე და ხმამაღალი ტირილი მორთო: „ერთ ადგილას შესვლა მინდა, სასწრაფოდ უნდა შევიდე, მეშინია!“ საცოდავად ქვითინებდა. მიასწავლეს ის ადგილი, სადაც უნდოდა. მანაც კარგად დაიმახსოვრა. რომ დაბრუნდა, თანამშრომლებს მადლობა გადაუხადა და დახმარება შესთავაზა. ისეთი სახეგაბრწყინებული დაბრუნდა, ყველანი გაამხიარულა. სულ ცოტა ხნის წინ ხომ შიშისგან სახედაღმეჭილი იყო. ლაპარაკი გაუბეს. აღმოჩნდა, რომ წიგნებში კარგად ერკვეოდა. ასაკის კვალობაზე ჭკვიან ბიჭად ჩათვალეს. საღამოს სადღაც გაუშვეს, თან მძიმე პაკეტი გაატანეს. ტრამვაით წავიდა და მოვიდა. საამისო თანხა უკვე დაზოგილი ჰქონდა. ზუსტად მაღაზიის დახურვის დროს, უკვე შებინდებულზე გამოცხადდა და დავალების შესრულების დამადასტურებელი საბუთი დახლზე დადო. ჯილდოდ მძაღე კანფეტი მიაწოდეს. ვიდრე თანამშრომლები პალტოებს იცვამდნენ, კინი ჩუმად უკნისკენ გაძვრა, ის საიმედო ადგილი მონახა და შიგნიდან ჩაიკეტა. ეს ვერავინ შენიშნა. ყველანი მხოლოდ იმაზე ფიქრობდნენ, ეს საღამო როგორ გაეტარებინათ. დიდხანს იცდიდა. გამოსვლა მხოლოდ რამდენიმე საათის შემდეგ, ნაშუაღამევს გაბედა. მაღაზიაში ბნელოდა. ჩამრთველს დაუწყო ძებნა. დღისით ამაზე არ უფიქრია. ჩამრთველი როგორც  იქნა მონახა და ხელით მოსინჯა, მაგრამ ანთების შეეშინდა. ვაიდა ვინმეს ქუჩიდან შემამჩნიოს და შინ გამიშვასო.

თვალი სიბნელეს თანდათან შეაჩვია. მაგრამ კითხვა მაინც ვერ შესძლო. ეს ძალიან სამწუხარო იყო. თაროდან წიგნებს ერთმანეთის მიყოლებით იღებდა, ფურცლავდა და ბოლოს რამდენიმე სათაურის გარჩევაც მოახერხა. მერე გასაშლელ კიბეზე დაიწყო ძრომიალი. აინტერესებდა, ზემოთ საიდუმლო რაღაცეები ხომ არაა დამალულიო. კიბიდანაც გადმოვარდა და მაშინვე ისა თქვა: არაფერი მტკენია! იატაკი მაგარი იყო, სამაგიეროდ წიგნები იყო რბილი. წიგნების მაღაზიაში სხვა რაზე დაეცემი, თუ არა წიგნებზე. წიგნებისგან კოშკის ახოხოლავებაც კი შეეძლო, მაგრამ უწესრიგობას ვერ იტანდა და ვიდრე თაროდან ახალ წიგნს აიღებდა, ძველს თავის ადგილას აბრუნებდა. ზურგი ასტკივდა. ეტყობა, დაიღალა. სახლში რომ ყოფილიყო, უკვე დიდი ხნის დაძინებული იქნებოდა. აქ ეს არ გამოდიოდა, მღელვარება არ აძინებდა. თუმცა უკვე თვალები ყველაზე დიდი ასოებით დაწერილ სათაურებსაც კი ვეღარ არჩევდა, ეს ძალიან აბრაზებდა. დაიწყო გამოთვლა, რამდენი წელი დასჭირდებოდა ამ წიგნების წაკითხვას, თანაც ისე, რომ არც ქუჩაში გასულიყო და არც იმ სულელურ სკოლაში ევლო. ნეტა სულ აქ დარჩენა შეიძლებოდეს! ერთი პატარა საწოლისთვის ფულს როგორ ვერ მოაგროვებს. დედას კი შეეშინდება. თვითონაც, ოღონდ სულ ცოტათი, რადგან აქ ისეთი სიწყნარეა. ქუჩაში გაზის ფარნები ჩაქრა. ჩრდილები შემოლაგდნენ. აქ მოჩვენებებიც იქნება უეჭველად. ღამ-ღამობით ყველანი აქ მოფრინავენ და წიგნებზე სხდებიან, კითხულობენ. მათ ხომ შუქი არ სჭირდებათ, მაგათ იმხელა თვალები აქვთ. ახლა უკვე წიგნებს უკვე ვერაფრისდიდებით ვერ მიეკარება, ვეღარც ზემოთ და ვეღარც ქვემოთ. კინი დახლის ქვეშ შეძვრა და კბილების კაწკაწი აუვარდა. ათიათასი წიგნი, თითოეულზე თითო მოჩვენება. ამიტომაცაა ასეთი სიჩუმე. ხანდახან ესმოდა, წიგნებს როგორ ფურცლავდნენ. მასავით სწრაფ-სწრაფად კითხულობდნენ. კი მიიჩვევდა კაცი, მაგრამ ათიათასობით იყვნენ, ერთ-ერთს ხომ შეეძლო მისთვის ეკბინა. მოჩვენებები ბრაზობენ, თუკი ვინმე მათ ხელს კიდებს, ჰგონიათ, რომ მათ მასხარად იგდებენ. კინი ერთიანად მოიკუნტა; მოჩვენებები მის თავზე დაფრინავდნენ. მრავალმა ღამემ ჩაიარა, ვიდრე დილა დადგებოდა. და ამ დროს ჩაეძინა. არ გაუგია, მაღაზია როგორ გაიღო. დახლის ქვეშ იპოვეს და ჯანჯღარით ძლივს გააღვიძეს. თავიდან თავს იმძინარებდა, მერე  უეცრად აბღავლდა. გუშინ აქ ჩამკეტეს, ახლა კი დედაჩემის მეშინია, ხომ ვიცი, რომ ჩემს ძებნაში ქვეყანას შესძრავდაო. მაღაზიის პატრონმა ყველაფერი გამოკითხა  და როგორც კი მისი გვარი გაიგონა, შინ გაუშვა, თან თავისი თანამშრომელიც გააყოლა, ქალბატონს ბოდიში მოუხადეო. ბიჭუნა შეცდომით ჩაკეტეს, მაგრამ სხვა მხრივ ყველაფერი კარგადაა, პატრონს მათ მიმართ საუკეთესო დამოკიდებულება აქვს. კინის დედამ ყველაფერი დაიჯერა და სიხარულით ცას ეწია. მაშინდელი პატარა ცრუპენტელა ამჟამად უკვე დიდებული ბიბლიოთეკის მფლობელი და სახელგანთქმული მეცნიერი იყო.

კინს ტყუილი ეზიზღებოდა. პატარაობიდანვე ჭეშმარიტებას უჭერდა მხარს; არც ერთი ტყუილი არ ახსენდებოდა, გარდა ამ ერთისა. ისიც რამდენი ხნის დავიწყებული ჰქონდა. ის შემთხვევა მხოლოდ ამ მოსწავლესთან საუბარმა გაახსენა, პატარა კინის  ალიკვალად რომ წარმოუდგა. მოვეშვათ ახლა ამას, გაიფიქრა მან, სადაცაა რვა შესრულდება. ზუსტად რვა საათზე იწყებოდა მისი სამუშაო – მსახურება ჭეშმარიტებისადმი. მეცნიერება და ჭეშმარიტება მისთვის იდენტური ცნებები იყო. როცა ჭეშმარიტებას უახლოვდები, ამ დროს ადამიანებს ეთიშები. მისთვის ყოველდღიურობა ტყუილების ზედაპირული ქაოსია. ქუჩაში რამდენი ადამიანიც დადის, ზუსტად იმდენივე მატყუარაა. ამიტომაც არავის არ უყურებდა. იმ უხეირო მსახიობთა შორის, რომლებიც მასას ჰქმნიან, მოინახება განა ისეთი სახე, რომელსაც მისი დატყვევება შეუძლია? სახეებს მომენტის შესაბამისად იცვლიან; ერთსა და იმავე როლში ერთ დღესაც ვერ ძლებენ. მან ხომ ეს წინდაწინვე იცის, აქ ხომ გამოცდილებაც არ არის საჭირო. მისი  პატივმოყვარეობა გამოიხატებოდა ზნე-ჩვეულებათა ჯიუტად დაცვაში. საკუთარ თავს უბრალოდ ერთი თვის, ან ერთი წლის კი არა, არამედ მთელი თავისი სიცოცხლის მანძილზე არ ღალატობდა და მუდამ ისეთივე რჩებოდა, როგორიც თავიდან იყო. ხასიათი, თუკი საერთოდ  ასეთი რამ არსებობს, განსაზღვრავს გარეგნობას. რაც თავი ახსოვდა, სულ გამხდარი და აწოწილი იყო. საკუთარ სახეს თვალს მხოლოდ ხანდახან თუ შეავლებდა, ისიც წიგნის მაღაზიების ვიტრინებში. სახლში სარკე არ ჰქონდა, სარკისთვის ამდენ წიგნს შორის ადგილი ვერ მოინახა. იცოდა, რომ გამხმარი, მკაცრი და ძვლებამოჩრილი იყო და ეს აკმაყოფილებდა.

ადამიანების დანახვის იოტისოდენა სურვილიც არ გააჩნდა და ამიტომაც სიარულისას სულ ქვემოთ, ან ზემოთ, ან მათი თავების მიღმა იყურებოდა. წიგნის მაღაზიებს შეხედვის გარეშეც ზუსტად ხვდებოდა. წყნარად შეეძლო საკუთარ ინსტიქტს მინდობოდა. ზუსტად ისე, ცხენი რომ საკუთარ სადგომს აგნებს ხოლმე. სასეირნოდაც ხომ იმიტომ გადიოდა, რომ უცხო წიგნების ჰაერი შეესუნთქა, ისინი გამოლაპარაკების სურვილს აღუძრავდნენ, ცოტათი გამოაცოცხლებდნენ ხოლმე. ბიბლიოთეკაში ყველაფერი შეუფერხებლად მიდიოდა. შვიდიდან რვა საათამდე იგი თავს აძლევდა იმის უფლებას, რაც სხვებისთვის მთელ ცხოვრებას შეადგენდა.

მიუხედავად იმისა, რომ ამ ერთ საათს ბოლომდე ირგებდა, წესრიგს მაინც არ არღვევდა. გამოცოცხლებულ ქუჩაზე გადასვლის წინ ცოტათი შეყოყმანდა. ნება-ნება სიარული უყვარდა და აჩქარება რომ არ დასჭირვებოდა, ხელსაყრელ მომენტს დაელოდა. უეცრად ხმა შემოესმა, რომელიც ვიღაცას ეკითხებოდა: „ხომ ვერ მეტყვით, სად არის აქ მუტის ქუჩა?“ შეკითხვის ადრესატი ხმას არ იღებდა. კინს გაუკვირდა; ამ ქუჩაზე კიდევ ყოფილა მასავით მდუმარე გამვლელი. თვალები დახარა და მიაყურადა. ნეტა რას იზამს შემკითხველი ამ სიმუნჯეს რომ წააწყდება? „მაპატიეთ, გეთაყვა, ხომ ვერ მეტყოდით, სად არის აქ მუტის ქუჩა?“ სულ ზრდილობად დაიღვარა, მაგრამ იმასთან მაინც ვერაფერს გახდა, პასუხი ვერ მიიღო. „მგონი, ვერ გამიგეთ. ინფორმაციისთვის მოგმართავთ. იქნებ გამოიჩინოთ თავაზიანობა და ამიხსნათ, თუ როგორ მოვხვდე მუტის ქუჩაზე!“ კინს ცოდნის წადილი გაეღვიძა, აბა, ცნობისმოყვარეობა ხომ მისთვის უცხო ხილი იყო. გადაწყვიტა, მდუმარესთვის შეეხედა, თუკი იგი დუმილს კვლავაც ასე ჯიუტად გააგრძელებდა. ნამდვილად ფიქრებშია ჩაფლული და ყველანაირ ჩარევას თავს არიდებს. მისგან კვლავ არაფერი ისმოდა. კინმა უცნობი გონებაში შეაქო. ათასთა შორის ნებისყოფიანი მარტო ეგ აღმოჩნდა, რომ შემთხვევითობასს შეწინააღმდეგებოდა. „რა იყო, ყრუ ხართ?“ მას უკვე ხმამაღლა უყვიროდნენ. ახლა კი ნამდვილად უპასუხებს და ვალშიც არ დარჩებაო, გაიფიქრა კინმა და თავისი ფავორიტით აღტაცება გაუნელდა. განა არის ისეთი ვინმე, რომელიც პირზე ხელს აიფარებს, როცა შეურაცხყოფას აყენებენ? კვლავ ქუჩისკენ შეტრიალდა. გადასვლისათვის ხელსაყრელი მომენტი დამდგარიყო. გაჭიანურებულმა სიჩუმემ ცოტა არ იყოს შეაცბუნა. ის სხვა კი კვლავ ჩუმად იყო. ამიტომაც შემკითხველისგან უფრო დიდი მრისხანების ამოფრქვევა იყო მოსალოდნელი. კინს იმედი ჰქონდა, რომ ჩხუბი ატყდებოდა. მაგრამ თუკი ის ადამიანი, ვისაც შეკითხვა დაუსვეს, სხვებივით მოიქცეოდა, მაშინ კინი უდავოდ კვლავ იმად დარჩებოდა, რადაც თავს თვლიდა: ერთადერთ ნებისყოფიან პიროვნებად, ვისაც კი აქ ოდესმე გაუვლია. უკვე იმასაც ფიქრობდა, ხომ არ შევხედოო. ყველაფერი მის სასარგებლოდ მიდიოდა. იქ ის კაცი უკვე ცოფებს ყრიდა: „უზრდელი ხართ და მეტი არაფერი! მერე როგორ  თავაზიანად ვკითხე! თავი ვინ გგონიათ? ნამდვილი ხეპრე ხართ! დაყრუვდით თუ რაშია საქმე?“ ის სხვა კი დუმდა. „ახლავე ბოდიში მომიხადეთ! მუტის ქუჩა საერთოდ ფეხებზე მკიდია! მაგას ნებისმიერი მეტყვის! აი, თქვენ კი ბოდიშს მომიხდით ახლავე! გესმით თუ არა?“ იმას მაინც არაფერი ესმოდა. ამის გამო კინის პატივისცემა მის მიმართ უფრო და უფრო იზრდებოდა. „მე თქვენ პოლიციას გადაგცემთ! იცით კი, ვინ ვარ მე! ჩონჩხო, ძვლების გროვავ! რომ კითხოს კაცმა, განათლებულია! ეს ტანსაცმელი საიდან ამოქექეთ? საიდან და ლომბარდიდან! ზუსტად გეტყობათ. ეს რა არის, იღლიაში რომ ამოგიჩრიათ? მე თქვენ გაჩვენებთ ახლა სეირს! ძაღლიც მიგკვდომიათ სულში! იცით კი, ვინა ხართ საერთოდ?“

ამ დროს კინმა იგრძნო, რომ გამეტებით უბიძგეს. პორტფელზე წააფრინდნენ და მოქაჩეს. ერთი ისეთი დარტყმით, რომელიც მის ნორმალურ ძალას ბევრად აღემატებოდა, კინმა თავისი წიგნები უცხო თავდამსხმელისგან იხსნა და მარჯვნისაკენ მკვეთრად შებრუნდა. მისი მზერა პორტფელისაკენ იყო მიპყრობილი, მაგრამ თვალში დაბალ-დაბალი, ჩასუქებული მამაკაციც მოხვდა, რომელიც გამწარებული უყვიროდა რაღაცას. „თავხედო! თავხედო! თავხედო!“ თურმე ის სხვა, მდუმარე და ნებისყოფიანი, რომელიც მძვინვარებაშიც კი ახერხებდა თავის ფლობას, თავად კინი არ ყოფილა?! მშვიდად შეაქცია ზურგი ამ უბირს, ხელების ქნევით რომ ელაპარაკებოდა. ასე თითქოს ბასრი დანით გადაჭრა შუაზე მისი ყაყანი. ეს მსუქანა ტიპი, რომლის თავაზიანობაც სულ რამდენიმე წუთში თავხედობაში გადავიდა, მას შეურაცხყოფას ვერ მიაყენებდა. მაგრამ ყოველი შემთხვევისათვის ფეხი მაინც აუჩქარა და ქუჩა იმაზე სწრაფად გადაკვეთა, ვიდრე აპირებდა. წიგნები რომ თან გაქვს, ყველანაირად უნდა მოერიდო ხელჩართულ ბრძოლებში ჩაბმას. არადა, წიგნებს ხომ სულ თან ატარებს.

 

1 2 3 4 5 6 7 8