ბოლოს და ბოლოს, რა ვალდებულია, თავი გამოიდოს. ყველას ხომ ვერ უპასუხებს, რამდენი გამვლელი რაღაცა სისულელეს ჰკითხავს. ლაპარაკის შეუკავებლობა ხომ უაღრესად სახიფათოა სწავლულისათვის. კინს წერილობით უფრო ერჩივნა აზრის გამოხატვა, ვიდრე სიტყვიერად. ათზე მეტ აღმოსავლურ ენას ფლობდა. რამდენიმე დასავლურს ხომ თავისთავად. ადამიანის მიერ შექმნილი არც ერთი ლიტერატურა მისთვის უცხო არ იყო. ციტატებით აზროვნებდა, ჩამოყალიბებული აბზაცებით წერდა. უამრავი ტექსტის აღდგენას მას უმადლოდნენ. უძველესი ჩინური, ინდური, იაპონური ხელნაწერების დაზიანებული თუ გაფუჭებული ადგილების ნაცვლად იმდენი – კომბინაცია მოსდიოდა თავში, რამდენსაც მოისურვებდა. სხვებს ეს უნარი შურდა, მას კი სად წაეღო, აღარ იცოდა. ყველაფერს პედანტური სიფრთხილით თვეების მანძილზე წონიდა, მოსაბეზრებლად ნელა, საკუთარი თავის მიმართ მაქსიმალური სიმკაცრით გამოჰქონდა აზრი რომელიმე ერთი ასოს, ერთი სიტყვის ან მთელი წინადადების შესახებ და ისიც მხოლოდ მაშინ, როცა დარწმუნდებოდა, რომ ვერაფერში შეედავებოდნენ. აქამდე ჩატარებულმა მისმა  კვლევებმა, რიცხობრივად არც თუ ისე ბევრმა, შეუქმნა მას თავისი დროის უდიდესი სინოლოგის სახელი. ამ დარგის სპეციალისტებმა ეს შრომები ზუსტად, თითქმის ზეპირადაც კი იცოდნენ. მის მიერ ჩაწერილი წინადადებები ყველასათვის საბოლოო და გადამწყვეტი იყო. სადავო საკითხის წამოჭრის შემთხვევაში მას მიმართავდნენ, იგი ითვლებოდა უმაღლეს ავტორიტეტად მომიჯნავე დარგებშიც. იშვიათად თუ ვინმეს რგებია მისგან წერილის მიღების პატივი. მაგრამ თუკი ვინმეს ამოირჩევდა, იგი იმ ერთადერთი გზავნილიდან ისეთ იმპულსებს მიიღებდა, რომ მუშაობისთვის წლების მანძილზე ეყოფოდა, თანაც ამ იმპულსების წყაროს გათვალისწინებით საუკეთესო შედეგი გარანტირებული ჰქონდა. პირადად არავის ეკონტაქტებოდა. მიწვევებზე უარს ამბობდა. თუკი სადმე აღმოსავლური ფილოლოგიის კათედრა გათავისუფლდებოდა, ყველას ხელმძღვანელობას მას სთავაზობდნენ, მაგრამ ცივად და თავაზიანად უარობდა.

ორატორად არ იყო დაბადებული. საქმიანობაში აღებული ფული ხომ ამ საქმისგან მოგვრილ სიხარულს მოუწამლავდა. თავმდაბლურად მიაჩნდა, რომ უმაღლესი სასწავლებლების კათედრებს იგივე არაფრისმაქნისი პოპულარიზატორები უნდა ჩადგომოდნენ სათავეში, რომლებზეც საშუალო სკოლებში სწავლება იყო მინდობილი, რათა ჭეშმარიტ შემოქმედებით მკვლევარებს მისცემოდათ იმის საშუალება, რომ მხოლოდ თავიანთი საქმე ეკეთებინათ. საშუალო დონის მოაზროვნეთა ნაკლებობა ხომ ისედაც არ იგრძნობოდა. ის ლექციები კი, რომელთა ჩატარებაზეც უარს  იმის გამო ამბობდა, რომ მსმენელებს უმაღლეს მოთხოვნებს უყენებდა, ისედაც მხოლოდ ძალიან ვიწრო წრისათვის თუ იქნებოდა საინტერესო. სავარაუდოდ, მის გამოცდას ვერ ჩააბარებდა ვერც ერთი კანდიდატი. თავის პატივმოყვარეობას ალბათ იმისთვის გამოიყენებდა, რომ ეს უმწიფარი ახალგაზრდები იმდენჯერ ჩაეჭრა, ვიდრე ოცდაათი წლის არ შესრულდებოდნენ და მობეზრებისა თუ დასერიოზულობის გამო თუნდაც რამეს, დასაწყისისთვის თუნდაც ცოტაოდენს მაინც არ ისწავლიდნენ. თუმცა ფაკულტეტის აუდიტორიებში იმათი შემოშვებაც კი, რომელთა მეხსიერებაც საგულდაგულოდ შემოწმდა, სარისკოდ და სულ მცირე უსარგებლოდ მაინც მიაჩნდა. წინასწარი გამოცდების შედეგად შერჩეული ათი სტუდენტი თავიანთ წრეში ბევრად მეტს მიაღწევდა, ვიდრე ის ინერტული, ლუდის მოყვარულთა მასაში გარეული ასობით სტუდენტი, ყველა უნივერსიტეტის აუდიტორიას რომ ავსებდა. ამდენად, მას უფრო მნიშვნელოვანი და პრინციპული ხასიათის მოსაზრებები ჰქონდა ამასთან დაკავშირებით. ამიტომაც სთხოვდა სამეცნიერო საბჭოს, რომ აღარ მოემართათ მისთვის ამ წინადადებით, რომელიც ვერ იტყვის, რომ მისთვის საპატიოა, თუმცა არც იმას  უარყოფს, რომ   მისდამი პატივისცემითაა განპირობებული.

კონგრესებზე, სადაც ისედაც დიდი სჯა-ბაასია ხოლმე, ყველაზე მეტს მაინც კინზე ლაპარაკობდნენ. ეს ბატონები, მთელი ცხოვრება უხმაურო, მფრთხალი და ახლომხედველი თაგვები, რამდენიმე წელიწადში ერთხელ სრულიად იცვლებოდნენ და აცუნდრუკდებოდნენ ხოლმე. ერთმანეთს დიდის ამბით ესალმებოდნენ, მოურიგებელ თავებს ერთმანეთს ადებდნენ, ებუტბუტებოდნენ, წესიერად არც არაფერს ამბობდნენ, ბანკეტებზე ერთმანეთს ჭიქებს მოუხერხებლად უჭახუნებდნენ. გულის სიღრმემდე შეძრულები და ერთიანად აღტაცებულები თავიანთ ალამს მაღლა ამართულს, ხოლო ღირსების ფარს შეუბღალავს ატარებდნენ. ყველა ენაზე ერთსა და იმავეს იფიცებოდნენ. აღთქმა ხმამაღლა და საქვეყნოდ  რომც არ დაედოთ, მისი დამრღვევი მაინც არ იყვნენ. შესვენებებზე ერთმანეთს ენიძლავებოდნენ: კინი ამჯერად მაინც გამოჩნდება თუ ისევ პირში ჩალაგამოვლებულებს დაგვტოვებსო? მასზე, როგორც ადამიანზე უფრო მეტს ლაპარაკობდნენ, ვიდრე როგორც სახელგანთქმულ კოლეგაზე, მისი ქცევა საყოველთაო ცნობისმოყვარეობას აღძრავდა. ის რომ, იგი თავისი დიდებით ტკბობას არ ცდილობდა, ამ მისალმებებსა და ბანკეტებს ათწლეულების განმავლობაში ჯიუტად უგულებელყოფდა, რომლებსაც ახალგაზრდული ასაკის მიხედავად, მაინც უმართავდნენ, ის რომ ყოველი კონგრესისათვის პირობას დებდა – უაღრესად მნიშვნელოვან მოხსენებას წარმოვადგენო, რომელსაც მერე რომელიმე კოლეგა მის ნაცვლად  ხელნაწერიდან კითხულობდა, მათთვის სხვა არაფერი იყო, თუ არა დროის გაწელვის ტაქტიკა. ერთხელაც იქნებოდა და, შეიძლება სულაც ახლა, გამოჩნდებოდა და ამდენ ხანს ჩრდილში ყოფნის გამო უფრო მეტ ტაშს დაიმსახურებდა, საყოველთაო აღტაცების ფონზე კი კრების თავმჯდომარეობაც გარანტირებული ჰქონდა. ეს ადგილი ხომ მას ეკუთვნოდა და არყოფნის მიუხედავად თავისებურად მაინც ეკავა კიდეც. მაგრამ ეს ბატონები ცდებოდნენ. კინი არსად ჩნდებოდა.  წაგებული რჩებოდნენ ისინი, ვისაც მისი გამოჩენისა სჯეროდა.

კინი უარს მაშინ ამბობდა ხოლმე, როცა ბოლო საათი ჩამოკრავდა. თავის ხელნაწერს მის მიერ შერჩეულ პიროვნებას გაუგზავნიდა და თან ირონიულ მინაწერსაც დაურთავდა. თუკი ვინიცობაა და დატვირთული გასართობი პროგრამით დატკბობის შემდეგ პატივცემული მეცნიერები კვლავ დადგებიან მუშაობის ხასიათზე, რასაც იგი მათ სულაც არ უსურვებდა, გამომდინარე კარგად ყოფნის საყოველთაო ინტერესებიდან, მისი უმორჩილესი თხოვნა იქნებოდა, რომ კონგრესისათვის წარედგინათ ეს მცირედი, როგორც მისი ორწლიანი მუშაობის შედეგი. თავისი კვლევების ახალ და გამაოგნებელ შედეგებს იგი ყოველთვის ამ წუთებისთვის ინახავდა ხოლმე. ყველაფერ იმას, რაც ამას მოჰყვებოდა,  შთაბეჭდილება იქნებოდა თუ დისკუსია, შორიდან თვალს ისე გაფაციცებით და ეჭვიანად ადევნებდა, თითქოსდა იქ წარმოთქმულ ყოველ სიტყვაზე პასუხისმგებლობა მას ეკისრებოდა.  კრება მის სარკაზმს არ აპროტესტებდა. ასი დამსწრედან ოთხმოცი მაინც მის შრომებს ეყრდნობოდა. მისი მიღწევები შეუფასებელი იყო. უსურვებდნენ დღეგრძელობას. მისი სიკვდილის  სიკვდილივით ეშინოდათ.

იმ რამდენიმე ადამიანს, მას შორეულ ახალგაზრდობაში რომ შეხვედროდნენ, უკვე დავიწყებული ჰქონდა მისი სახე. წერილობით გამუდმებით თხოვდნენ ფოტოსურათს. ფოტოსურათი არ მაქვსო, პასუხობდა და არც აპირებდა, რომ ჰქონოდა. ორივე ნათქვამი სიმართლეს შეესაბამებოდა. თუმცა ერთ დათმობაზე მაინც წავიდა. ოცდაათი წლის ასაკში საკუთარი თავის ქალა მთელი თავისი შიგთავსით უანდერძა ერთ-ერთ ინსტიტუტს თავის ტვინის გამოსაკვლევად, თანაც ისე, რომ ანდერძი არ დაუწერია. ამ ნაბიჯს იგი ასაბუთებდა იმ სარგებლით, რასაც ეს ნაბიჯი მოიტანდა, თუკი მისი ჭეშმარიტად ფენომენალური მეხსიერების ახსნა მოხერხდებოდა თავის ქალის განსაკუთრებული სტრუქტურით, ან თუნდაც ტვინის უფრო დიდი წონით. მართალია, მას არ სჯერა, – მისწერა მან იმ ინსტიტუტის ხელმძღვანელს, – რომ გენია მეხსიერებაა, როგორც ამას ამ ბოლო დროს ძალიან ხშირად თვლიან ხოლმე. თავად იგი არავითარ შემთხვევაში არ მიიჩნევს თავს გენიოსად. მაგრამ არამეცნიერული იქნებოდა იმ სარგებლის უარყოფა, რაც სამეცნიერო მუშაობისთვის მოაქვს იმ თითქმის შიშისმომგვრელ მეხსიერებას, რომელიც მას აქვს. იგი მეორე ბიბლიოთეკას ატარებს თავით,  თანაც ისეთივე მდიდრულს და საიმედოს, როგორიც ორიგინალია და რომელიც, როგორც მას სმენია, საყოველთაო აღტაცების ობიექტია. როცა მაგიდას უზის და იკვლევს, საკითხს ძირისძირობამდე ისე ჩაყვება ხოლმე, რომ ნამდვილ ბიბლიოთეკაში ერთი წიგნის გადაშლაც არ სჭირდება. რა თქმა უნდა, მოგვიანებით ციტატებს თუ წყაროებს რეალური ლიტერატურის მიხედვით აუცილებლად ამოწმებს; მაგრამ მხოლოდ სინდისის დასმშვიდებლად. რაც თავი ახსოვს, ვერ გაიხსენებს მეხსიერების გამო დაშვებულ ერთ შეცდომასაც კი. თვით სიზმრებიც კი უფრო მკაფიოდ ჩამოყალიბებული აქვს, ვიდრე სხვა ადამიანებს. უფორმო, უფერული, ბუნდოვანი ხილვები უცხოა იმ სიზმრებისთვის, რომლებიც მას აქამდე უნახავს. ღამეს მისი სამყარო არასდროს ამოუყირავებია. ბგერები, რაც მას ესმის, სრულიად ნორმალური წარმომავლობისაა. საუბრები, რასაც კი აწარმოებს, არ გამოდის გონივრულობის ფარგლებიდან. ყველაფერი ინარჩუნებს თავის აზრს. მის კომპეტენციაში არ შედის იმის გამოკვლევა, ნამდვილად არსებობს თუ არა სავარაუდო კავშირი ზუსტ მეხსიერებასა და ერთმნიშვნელოვან, ცხად სიზმრებს შორის. იგი მხოლოდ მოწიწებით მიუთითებს მათ ამის შესახებ და უმორჩილესად ითხოვს, რომ აქ მოწოდებული პიროვნული მოსაზრებანი, რომლის გამოთქმის უფლებაც მან ამ წერილში საკუთარ თავს მისცა, არ ჩათვალონ თავდაჯერებულობისა თუ ყბედობის გამოვლინებად.

კინმა კიდევ რამდენიმე ფაქტი გაიხსენა თავისი ცხოვრებიდან, რომლებიც სწორი კუთხიდან წარმოაჩენდა მის თავშეკავებულ, სიტყვაძუნწ და ყოველგვარი ამაოებისაგან დაცლილ ბუნებას. მაგრამ ყოველი ნაბიჯის გადადგმაზე სულ უფრო მეტად ბრაზდებოდა იმ თავხედზე, რომელმაც ჯერ რაღაც ქუჩაზე დაუსვა შეკითხვა, მერე კი ლანძღვა აუტეხა. „როგორც ჩანს, სხვა აღარაფერი დამრჩენია“, – წარმოთქვა მან, პირველივე ჭიშკარში შევიდა, მიმოიხედა, დარწმუნდა, რომ მარტო იყო და პორტფელიდან მოგრძო, წვრილი ბლოკნოტი ამოიღო. თავფურცელზე დიდი, ოთხკუთხა ასოებით ეწერა „სიბრიყვენი“. ჯერ ამას დახედა. მერე გადაშალა, ბლოკნოტი უკვე თითქმის სანახევროდ ჰქონდა შევსებული. აქ შეჰქონდა ხოლმე, თუკი რამის დავიწყება უნდოდა. იწყებდა ხოლმე თარიღის, საათისა და ადგილის მითითებით. ამას მოაყოლებდა თავად იმ შემთხვევას, ადამიანის სიბრიყვეს რომ კიდევ ერთხელ აჩვენებდა. ყველაფერს კი შესაფერისი ფრაზით აგვირგვინებდა, ყოველ ჯერზე სულ ახალ-ახალით. თავმოყრილ სიბრიყვეებს არასდროს კითხულობდა, თავფურცელზე თვალის ერთი შევლებაც ჰყოფნიდა. მოგვიანებით მათ გამოცემას გეგმავდა სათაურით „სინოლოგის სეირნობანი“.

პორტფელიდან წვერწათლილი ფანქარი ამოიღო და პირველივე სუფთა ფურცელზე დაწერა: „23 სექტემბერი, რვის 3/4. მუტის ქუჩაზე ერთი კაცი შემხვდა და მკითხა, მუტის ქუჩა სად არისო. რომ არ შემერცხვინა, გავჩუმდი. მაგრამ მან თავი უხერხულად არ იგრძნო და კიდევ რამდენჯერმე მკითხა; თავაზიანად იქცეოდა. უცბად აბრაზე ქუჩის დასახელებას მოჰკრა თვალი და თავისი სიბრიყვე იგრძნო. ნაცვლად იმისა, რომ სასწრაფოდ გამქრალიყო, რასაც მე მის ადგილზე გავაკეთებდი, მოუთოკავ ბრაზს აჰყვა და ძალიან უხეშად გამომლანძღა. რომ არ დამენდო, ამ უხერხულ სცენას ავცდებოდი. ვინ  უფრო მეტი ბრიყვი იყო?“

 

1 2 3 4 5 6 7 8