ტერეზა კინის სამუშაოს მიმართ გარკვეულ მოწიწებას გრძნობდა, რადგან კინი მას ყოველთვიურად მაღალ ხელფასს უხდიდა და თბილ განწყობას არავის მიმართ არ ამჟღავნებდა, მასაც კი არ ელაპარაკებოდა. გულღია ადამიანების მიმართ, როგორიც, მაგალითად, დედამისი იყო, ბავშვობიდან დიდ სიძულვილს გრძნობდა. სამუშაოს ზედმიწევნით ზუსტად ასრულებდა. საჩუქრად არაფერი არ უნდოდა. თანაც თავიდანვე ერთმა გამოცანამ დააინტერესა. ტერეზას უყვარდა გამოცანები.
ზუსტად ექვს საათზე პროფესორი საძილე ტახტიდან დგებოდა. ჩაცმას და დაბანას ცოტა ხანი სჭირდებოდა. საღამოობით, სანამ თვითონ დაწვებოდა, ჯერ პროფესორს დივანზე ლოგინს გაუშლიდა და გორგოლაჭებიან პირსაბან მაგიდას სამუშაო ოთახის შუაგულში შემოუგორებდა. ღამით იქ იდგა ხოლმე. უცნობი ასოებით მოხატული ოთხნაწილიანი ესპანური შირმა ისე იდგმებოდა, რომ პროფესორს უგვანო სანახაობას აცილებდა. კინი ავეჯს ვერ იტანდა. ეს „პირსაბანი მანქანა“, როგორც თვითონ ამ მოწყობილობას ეძახდა, თვითონ გამოიგონა, რათა ეს საზიზღარი ნივთი მისი თვალსაწიერიდან გამოყენებისთანავე გამქრალიყო. 6 საათსა და ერთ მეოთხედზე კარებს აღებდა და მანქანას მთელი ძალით გარეთ ისროდა. ისიც გრძელ დერეფანს აწყვეტილი ჩაიგრიხინებდა და სამზარეულოს კართან კედელს ენარცხებოდა. ტერეზა სამზარეულოში იცდიდა. მისი პატარა ოთახი ხომ ზუსტად სამზარეულოს გვერდზე იყო. მერე კარს გამოაღებდა და დაიძახებდა: „უკვე ადექით?“ კინი არ პასუხობდა და კვლავ შიგნიდან იკეტებოდა. შვიდ საათამდე შინ იყო. ამ ხნის განმავლობაში რას აკეთებდა, კაციშვილმა არ იცოდა. ისე ყოველთვის საწერ მაგიდასთან იჯდა და წერდა.
ჩამუქებული მძიმე კოლოსი შიგნიდან ხელნაწერებით იყო გატენილი, ზემოდან კიდევ წიგნები ეწყო. ამა თუ იმ უჯრის ფრთხილი გამოღებისას უსიამო სტვენა ატყდებოდა ხოლმე. კინს ხმაური არ უყვარდა, მაგრამ ეს მექანიზმი ამ ოჯახურ რელიქვიაში იმ გათვლით დაიტოვა, რომ თუკი თვითონ შინ არ იქნებოდა, ეკონომ ქალს ქურდი არ გამოპარვოდა. ეს უცნაური ტიპები ხომ ძირითადად ფულს ეძებენ ხოლმე, ვიდრე წიგნებში ქექვას შეუდგებიან. მან ტერეზას ძვირფასი მაგიდის მექანიზმის ავან-ჩავანი მოკლედ და ამომწურავად, სულ სამი წინადადებით აუხსნა. თან მრავალმნიშვნელოვნად დაუმატა, რომ სტვენის შეწყვეტას ვერავინ შესძლებდა, თვითონაც კი. დღის განმავლობაში ქალს ეს სტვენა ყოველთვის ესმოდა, როცა კი კინი ხელნაწერს მოძებნიდა. ქალს უკვირდა. კინი ამ ხმაურს ითმენდა. ღამით კინი ყველა ქაღალდს აალაგებდა. დილის 8 საათამდე საწერი მაგიდა მუნჯდებოდა. ტერეზა რომ ასუფთავებდა, იქ მხოლოდ წიგნებსა და გაყვითლებულ ნაწერებს ხედავდა. კინის ხელით ახალ ფურცლებზე დაწერილ ასოებს ამაოდ ეძებდა. ამით ხვდებოდა, რომ ექვს საათსა და ერთი მეოთხედიდან შვიდამდე, ანუ საათის სამი მეოთხედი კინი არ მუშაობდა.
იქნებ ლოცულობდა? არა, ამას ვერ დაიჯერებს. ნეტა ვინ ლოცულობს საერთოდ? თვითონ ლოცვას არ აღიარებდა. ეკლესიაში არ დადიოდა. საკმარისია, იმ ვიგინდარებს შეხედო, ეკლესიაში რომ დარბიან. სულ ერთი ჯილაგის ხალხი ზის ხოლმე. ეს გაუთავებელი მათხოვრობაც ეზიზღება. რაღაცა უნდა გასცე, რადგან ყველა შენ მოგჩერებია. იმ ფულს რა მოსდის მერე, კაციშვილმა არ იცის. სახლში ლოცვა კიდევ – რა საჭიროა? საუკეთესო დრო ამაში როგორ უნდა დახარჯო. წესიერ ადამიანს ეს არ სჭირდება. მან კიდევ იცის, რომ წესიერია. სხვამ ილოცოს, ვისაც უნდა. მას კი მხოლოდ ის უნდა, რომ გაიგოს, თუ რა ხდება იმ ოთახში ექვს საათსა და თხუთმეტი წუთიდან შვიდ საათამდე. სხვის საქმეებში ჩარევა არ უყვარს. დღევანდელი ქალები ხომ სულ ასეთები არიან, ყველაფერში ცხვირს ყოფენ. უბრალოდ თავისი სამუშაოს შესრულება უნდა, მეტი არაფერი. ცხოვრება დღითიდღე ძვირდება. კარტოფილი უკვე ორმაგი ღირს. ამ ფასებში თავის გატანას მოხერხება უნდა. ოთხივე კარს შიგნიდან იკეტავს, თორემ გვერდითი ოთახიდან მაინც შეუხედავდა კაცი. თანაც ვინ, ბატონი, რომელიც თავის დროს ასე ზედმიწევნით ზუსტად ანაწილებს და არც ერთ წუთს უსარგებლოდ არ აცდენს!
როგორც კი ბატონს სასეირნოდ გასულს დაიგულებდა, ტერზა მაშინვე ჩაბარებული ოთახების ჩხრეკას იწყებდა. რაღაც ცოდვას ვარაუდობდა; კერძოდ რომელს, ჯერ ვერ გადაეწყვიტა. ჯერ ჩემოდანში ჩაკუჭული ქალის გვამი წარმოიდგინა. რადგან ხალიჩების ქვეშ საამისო ადგილი არ იყო, საშინლად დასახიჩრებულ ქალზე უარის თქმა მოუხდა. ვერც ერთი კარადა ვერ უშველის, რამდენიც არ უნდა ინატროს, თუნდაც ყველა კედელს თავისი ჰქონდეს. ამდენად, დანაშაული შეიძლებოდა დაკავშირებოდა მხოლოდ წიგნებს. აბა სხვა რას? იქნებ მისი პასუხისმგებლობის გრძნობა დაკმაყოფილებულიყო, თუკი წიგნების ყდებს ტილოს გადაუსვამდა; ამორალური საიდუმლო, რასაც იგი კვალში ჩადგომოდა, აიძულებდა წიგნების უკანაც გადაეხედა. სათითაოდ გამოჰქონდა, ზემოდან აკაკუნებდა – შიგნიდან ცარიელი ხომ არ იყო -, თავის მსუქან, კოჟრიან თითებს ფიცრის ყალიბამდე ყოფდა, თავს უკმაყოფილოდ გადაიქნევდა და უკან დებდა. თავის ინტერესს არასდროს აძლევდა იმის უფლებას, რომ დადგენილ სამუშაო დროს გასცდენოდა. ხუთი წუთით ადრე იქამდე, ვიდრე კინი ბინის კარებს შემოაღებდა, უკვე სამზარეულოში იდგა. ძიებას გულდასმით აწარმოებდა, სტელაჟების მიხედვით მიყვებოდა, ყოველგვარი აჩქარების, დაუდევრობის ან იმედგაცრუების გარეშე.
ამ დაუღალავი კვლევა-ძიების პერიოდში, რომელიც თვეების მანძილზე გრძელდებოდა, თავისი ხელფასი შემნახველ სალაროში ერთხელაც არ წაუღია, ხელსაც არ აკარებდა, ვინ იცის, რა ფულია. ფულის კუპიერებს როგორც კი აიღებდა, მაშინვე აწყობდა სუფთა კონვერტში, სადაც ოცი წლის წინანდელი საბარათე ფურცლები ისევე ხელუხლებლად ეწყო, როგორც იყიდა. დიდი ჭოჭმანისა და ორჭოფობის შემდეგ მან ეს ფული ჩემოდნის ძირში გადაიტანა, სადაც მისი მზითვი ეწყო, საგანგებოდ შერჩეული მშვენიერი ნივთები, ათწლეულობის მანძილზე დიდი ფულის ფასად რომ მოეგროვებინა.
თანდათან დარწმუნდა, რომ ეს ასე მალე არ გაირკვეოდა. არა უშავს, დრო აქვს. დაიცდის. მაგას რა, თუკი რამე აღმოჩნდება – მისი ბრალი არ იქნება. პატარა ლაქაც კი არ დაუტოვებია ბიბლიოთეკაში გამოუკვლეველი. ისე, პოლიციაში ნაცნობი რომ ჰყოლოდა, ვინმე წესიერი, სოლიდური პიროვნება, რომელმაც კარგი სამუშაო ადგილის ფასი იცის, ხომ გააცნობდა საქმის ვითარებას. კი ბატონო, ბევრ რამეზე ხუჭავს თვალს, მაგრამ დასაყრდენი სულ რომ არ გაქვს… ნეტა რა აინტერესებთ დღეს ადამიანებს? ცეკვა, ბანაობა, გართობა, ოღონდ სერიოზული ნაკლებად, მუშაობა მით უმეტეს. აი, მის ბატონს, ამ სერიოზულ ადამიანსაც აქვს თავისი ამორალური მხარეები. მხოლოდ თორმეტზე იძინებს. ძილისათვის საუკეთესო პერიოდი ხომ შუაღამემდეა. წესიერი ადამიანი ცხრაზე იძინებს. ისეთი რა უნდა ხდებოდეს.
ასე შეიკუმშა დანაშაული და საიდუმლოდ იქცა. უზარმაზარი, მტკიცე ზიზღი შემოეკრა ფარულ ცოდვას. თუმცა ცნობისმოყვარეობა დარჩა. 6 საათსა და თხუტმეტი წუთიდან შვიდ საათამდე ტერეზა სულ სტარტზე იყო. ადამიანისათვის იშვიათად, თუმცა ბუნებრივად დამახასიათებელი შემთხვევების იმედიღა ქონდა. იქნებ ერთ დღეს ბატონი მუცლის გვრემამ ოთახიდან გამოდევნოს. ისიც მაშინვე მიაფრინდება და კითხავს, რამე ხომ არ გჭირდებათო. გვრემა მალე არ გადაუვლის. ტერეზაც რამდენიმე წუთში გააარკვევს, რაც აინტერესებს. მაგრამ კინს თავისი ზომიერი და გონივრული ცხოვრების სტილი მშვენივრად ერგებოდა. იმ რვა ხანგრძლივი წლის მანძილზე, რაც ტერეზა მასთან მუშაობდა, მუცლის გვრემას არასდროს შეუწუხებია.
უსინათლოსთან და მის ძაღლთან შეხვედრის მომდევნო დილას ისე მოხდა, რომ კინს რამდენიმე თავისი ძველი ნაშრომი სასწრაფოდ დასჭირდა. საწერი მაგიდის უჯრები ამოქექა. ფურცლების მთები დადგა. ყველაფერს – მონახაზებს, კორექტურებს, ასლებს -, რაც კი მის სამუშაოს ეხებოდა, კინი საგულდაგულოდ ინახავდა. პოულობდა ჩანაწერებს, რომელთა შინაარსი მოძველებული და უკვე უარყოფილიც იყო. თითქმის სტუდენტობის დროიდან მოდიოდა ეს არქივი. სულ პატარა დეტალის მოსაძებნად, რომლის შინაარსიც ზეპირად იცოდა და უბრალოდ შემოწმება უნდოდა, საათებს კარგავდა ხოლმე. ოცდაათ ფურცელს კითხულობდა, როცა მხოლოდ ერთი სტრიქონი სჭირდებოდა. ხელთ გამოუსადეგარი, უსარგებლო ჩანაწერი მოხვდა. წყევლიდა, რაში სჭირდებოდა. რასაც კი მისი თვალი მისწვდებოდა, დაბეჭდილი იქნებოდა თუ დაწერილი, აუცილებლად ბოლომდე უნდა წაეკითხა. მის ადგილზე სხვა ასეთ გულდასმით წაკითხვაზე უარს იტყოდა. იგი გმირულად უძლებდა პირველი სიტყვიდან უკანასკნელამდე. მელანი გაფერმკთალებულიყო. მქრქალი კონტურების გარჩევას მთელი ძალით ცდილობდა. ქუჩაში ნანახი უსინათლო გაახსენდა. კინი საკუთარი თვალებით ისე თამაშობს, თითქოს თვალის ჩინი სამუდამოდ გარანტირებული აქვს. ნაცვლად იმისა, რომ დატვირთვა შეამციროს, თვიდან თვემდე ფუქსავატურად აძლიერებს. ყოველი ფურცელი, რომელსაც იგი ადგილს უნცვლებს, მხედველობის გარკვეულ დაძაბვას საჭიროებს. ძაღლები ცოტა ხანს ცხოვრობენ და ძაღლები არ კითხულობენ! სამაგიეროდ თავიანთი თვალებით ეხმარებიან უსინათლოებს. ადამიანი, რომელიც მხედველობას დაუფიქრებლად ფლანგავს, ღირსია ძაღლის სატარებელი გახდეს.
კინმა გადაწყვიტა თავისი საწერი მაგიდა ნაგვისგან გაეთავისუფლებინა. ოღონდ დილით, როგორც კი წამოდგებოდა, რადგან ახლა სამუშაო ჰქონდა დასამთავრებელი.
მეორე დღეს, ზუსტად ექვს საათზე, ჯერ კიდევ სიზმრებში გახვეული, დივანიდან ფართაფურთხით წამოხტა, გადავსებულ კოლოსს ეცა და ყველა უჯრა ერთბაშად გამოაღო. ისეთი სტვენა ატყდა, თითქოს თითოეულ მათგანს ცალკე ყელი ჰქონოდა. ყველანი ერთმანეთზე უფრო ხმამაღლა გაყვიროდნენ და შველას ითხოვდნენ. თითქოს მათ ქურდავდნენ, აწამებდნენ, სულს ხდიდნენ. იმის დანახა არ შეეძლოთ, ვინ გაბედა მათზე თავდასხმა. თვალები არ ესხათ. მათი ერთადერთი ორგანო გამყინავი ხმა იყო. კინი ქაღალდებს არჩევდა. ეს დიდხანს გრძელდებოდა. ხმაურს არ იმჩნევდა. უნდოდა, დაწყებული ბოლომდე მიეყვანა. მაკულატურის გროვა გამხდარ მკლავებში აიიღლიავა და ბარბაც-ბარბაცით მეოთხე ოთახში გაიტანა. აქ, სტვენა-ხმაურისგან მოფარებულში წყევლა-კრულვის თანხლებით სათითაოდ ფხრეწდა. კარზე დააკაკუნეს. კინიმ კბილები ააკრაჭუნა. კვლავ დააკაკუნეს. კინმა ფეხები დააბაკუნა. კაკუნი ბრახუნში გადავიდა. “წყნარად!” უბრძანა კინმა თავს და შეიკურთხა. სპექტაკლის მოწყობა სულ არ უნდოდა. თავისი ხელნაწერები ენანებოდა. მხოლოდ ბრაზი აძლევდა ძალას მათ გასანადგურებლად. ოჩოფეხა, მარტოსული მარაბუსავით იდგა ნაკუწების გროვაში, დარცხვენილი და ნირწამხდარი. მათ ფრთხილად ეხებოდა, თითქოს ცოცხლები ყოფილიყვნენ და ჩუმად ნანობდა. უნებლიედ კიდევ უფრო რომ არ დაეზიანებინა, ფეხებს ფართოდ აბიჯებდა. სასაფლაო უკან რომ მოიტოვა, თავისუფლად ამოისუნთქა. კართან თავისი დიასახლისი დახვდა. კინმა გროვაზე უწყინარი გამომეტყველებით მიანიშნა და უთხრა: ეს უნდა დალაგდეს! სტვენა და კვნესა შეწყდა. კინი დაუბრუნდა საწერ მაგიდას და უჯრები მიხურა. ჩქამიც არ გაისმა. ეტყობა, მაგრად მოქაჩა. მექანიზმი გაფუჭდა.