ხმაური რომ ატყდა, ტერეზა გახამებული ქვედაბოლოს მორგებას ცდილობდა და დილის ტუალეტს დაამთავრებდა კიდეც. შიშისგან კინაღამ გული წაუვიდა, ქვედაბოლო როგორღაც შეიკრა და სასწრაფოდ კაბინეტის კარისკენ გაქანდა. „ღვთის გულისათვის“, ხმას ფლეიტასავით უწვრილებდა, „რა მოხდა?“ ჯერ გაუბედავად აკაკუნებდა, მერე და მერე გათამამდა. არავინ რომ არ გამოეხმაურა, გაღებას შეეცადა, მაგრამ ამაოდ. კარიდან კარს აწყდებოდა. ბოლო ოთახიდან კინის ხმა გაიგონა, გაბრაზებული რომ ყვიროდა. აქ უკვე მთელი ძალით დასცხო კარებს. „ჩუმად!“ დაიყვირა კინმა ბრაზიანად, ასეთი გაბრაზებული ჯერ არ ყოფილა. თან აღშფოთებულმა, თან ბედს შეგუებულმა ტერეზამ თავისი უხეში ხელები გახევებულ ქვედაბოლოზე დაიწყო და ხის თოჯინასავით გაშეშდა. „ვაიმე, ეს რა უბედურებაა!“ ჩურჩულებდა „ეს რა უბედურება დაგვემართა!“ ასე იდგა, უფრო ჩვევის გამო, როცა კინმა კარი გამოაღო.
მართალია, ბუნებით ზოზინა იყო, თუმცა მაინც იმ წუთშივე მიხვდა, თუ რა შანსი ეძლეოდა. გაჭირვებით ამოთქვა: „ახლავე!“ და სამზარეულოში გაიძურწა. ზღურბლზე გაახსენდა: „ღმერთო ჩემო, ახლა კიდევ ჩაიკეტება, ჩვეულება ხომ რჯულზე უმტკიცესია! ბოლო მომენტში აუცილებლად ხელი უნდა შემეშალოს! არა, ბედი არ მწყალობს, სულ არ მწყალობს!“ ასეთი რამე საკუთარ თავს პირველად უთხრა, საერთოდ საკუთარ თავს დამსახურებულ პიროვნებად და ამდენად ბედის რჩეულად თვლიდა. შიშისგან თავის კანტური აუტყდა. კვლავ დერეფანში გაძვრა. ზედა ტანით წინ ძალიან გადაიხარა. ფეხებს მაღლა წევდა, ვიდრე დაბიჯებას გაბედავდა. გახამებული ქვედაბოლო ტალღებად ეშლებოდა. ფეხაკრებით სიარული მიზნის მიღწევას ბევრად უფრო გაუადვილებდა, მაგრამ ეს მისთვის ზედმეტად ჩვეულებრივი იქნებოდა. საზეიმო შემთხვევა საზეიმო ნაბიჯს ითხოვდა. ოთახი ღია იყო. შუაში ჯერ კიდევ ფურცლები ეყარა. კარები რომ არ მიჯახუნებულიყო, ხალიჩის კუთხე ჩააყოლა.
მერე სამზარეულოში დაბრუნდა და ცოცხით და აქანდაზით ხელში პირსაბანის დაგორების ნაცნობ ხმაურს დაელოდა. დიდი სიამოვნებით მიაკითხავდა და მოიკითხავდა, დღეს ეს ლოდინი აშკარად დიდ ხანს გაუგრძელდა. როცა ბოლოს და ბოლოს პირსაბანი კედელს შეასკდა, ტერეზამ თავი დაკარგა და როგორც ყოველთვის წამოიძახა: „უკვე ადექით?“ პირსაბანი სამზარეულოში შეაგორა და წინანდელზე უფრო მოკუზული გაძვრა ბიბლიოთეკაში. ცოცხი და აქანდაზი იატაკზე დააწყო. ერთმანეთში გამავალ ოთახებს დაუყვა და მისი საძინებლის ზღურბლამდე მივიდა. ყოველ ნაბიჯზე ჩერდებოდა და თავს მეორე მხარეს ატრიალებდა, რათა მარჯვენა, ნაკლებად გაცვეთილი ყური დაეცქვიტა. ოცდაათმეტრიანი გზის გასავლელად ათი წუთი დასჭირდა; თავი უზომოდ მამაცად წარმოიდგინა. შიში ზუსტად იმავე დოზით ემატებოდა, რითაც ცნობისმოყვარეობა. ათასჯერ მაინც წარმოიდგინა, როგორ მოიქცეოდა, მიზანთან რომ აღმოჩნდებოდა. კარის ჩარჩოს აეკრო. ახლადგახამებული ქვედაბოლო მაშინ გაახსენდა, როცა უკვე გვიანი იყო. რაც შეიძლება მეტის დანახვას ცალი თვალით ცდილობდა. სანამ მეორე თვალი არ უჩანდა, თავს მშვიდად გრძნობდა. ის არ უნდა შეემჩნიათ, თვითონ კი არაფერი არ უნდა გამორჩენოდა. ძლივს გაიჩერა მარჯვენა ხელი, რომლითაც დოინჯის შემოყრა უყვარდა ხოლმე და რომელიც ახლაც ჩვეული პოზის მიღებას ცდილობდა.
კინი თავისი წიგნების წინ მშვიდად გადი-გამოდიოდა გაუგებარ ბგერებს გამოსცემდა. იღლიაში ცარიელი პორტფელი ამოეჩარა. გაჩერდა, წუთით ჩაფიქრდა, კიბე გამოიტანა და აცოცდა. ყველაზე მაღალი თაროდან წიგნი გადმოიღო; გადაფურცლა და პორტფელში ჩაიდო. ჩამოვიდა, კიდევ გაიარ-გამოიარა, უეცრად შედგა, ერთ წიგნს მისწვდა, ვერა და ვერ აძრობდა, შუბლი შეიკრა და როცა ბოლოს და ბოლოს გამოიღო, სილა შემოსცხო. მერე ისიც პორტფელში ჩაუძახა. ხუთი ცალი ამოირჩია: ოთხი პატარა, ერთი დიდი. უეცრად აჩქარდა. ამ მძიმე პორტფელიანად კიბის უმაღლეს საფეხურზე აძვრა და პირველი წიგნი თავის ადგილზე დააბრუნა. აწოწილი ფეხები ერთმანეთში აებლანდა, კინაღამ გადმოვარდა.
ეს რომ ახლა დაეცეს და რამე მოუვიდეს, ეს ცოდვაც ხომ დამთავრდება. ტერეზას ხელი ზევით მიიწევდა, პატრონს უკვე აღარ ემორჩილებოდა. აი, ყურში ჩააფრინდა და მაგრად მოქაჩა. ქალი საფრთხეში მყოფ ბატონს ორთავე თვალით მიშტერებოდა. როცა კინის ფეხები სქელ ხალიჩას შეეხო, ქალმა ამოისუნთქა. წიგნებით ინიღბება. ნამდვილი ამბავი ახლა დაიწყება. ქალმა ბიბლიოთეკა ზუსტად იცის, თუმცა ბიწიერება გამჭრიახობას ანვითარებს. არსებობს ოპიუმი, არსებობს მორფი, არსებობს კოკაინი, როგორ გინდა შეამჩნიო? არა, ნამდვილად წიგნების უკან ინახავს. აბა, ოთახის გარდიგარდმო რატომ დადის? კიბესთან მივიდა და ის წიგნი, რომელიც მას უნდა, ზუსტად მის წინ, თაროზე დევს. ხომ შეიძლება, უბრალოდ აიღოს, მაგრამ არა, მაინცდამაინც კედელს უნდა აყვეს და ჩამოყვეს. თან ამსიმძიმე ჩანთა ამოუღლიავებია. ჰო, წიგნების უკან ინახავს. მკვლელს ხომ მკვლელობის ადგილი იზიდავს. აი, ჩანთა გაივსო. მეტი აღარ ჩაეტევა, მან ხომ ეს ჩანთა კარგად იცის, ყოველდღე მტვერს აცლის. ახლა უნდა მოხდეს რამე. ნეტა ჯერ შვიდი არ შესრულებულა? თუ შესრულდა, აუცილებლად გამოვა ოთახიდან. ნუთუ უკვე მართლა შვიდი საათია? შეუძლებელია, ჯერ შვიდი არაფრით არ იქნება.
წინ უტიფრად და თავდაჯერებულად იხრება, ორივე დოინჯს შემოიყრის, ყურებს ცქვეტს და წვრილ-წვრილ თვალებს ფართედ აღებს. კინი ჩანთას კიდეებით იღებს და ნოხზე დებს. სახეზე სიამაყე აწერია. მერე წელში იხრება და ასე ჩერდება. ტერეზა ოფლში იწურება და მთელი სხეული უკანკალებს. თვალები ცრემლებით აქვს სავსე – მაშ, მაინც ნოხის ქვემოთაა არა. მაშინვე ასე იფიქრა. ასეთი სულელი როგორაა! კინი წელში სწორდება, სახსრების ძვლებს ატკაცუნებს და ფრუტუნებს. იქნებ უბრალოდ ამბობს: “ასე”? ჩანთას ხელს კიდებს, ერთ-ერთი ტომი ამოაქვს და თავის ადგილზე აბრუნებს აუჩქარებლად. იგივე ბედი ეწევა სხვა წიგნებსაც.
ტერეზას თავბრუ დაეხვა. ჯანდაბა და დოზანა! დასანახიც არაფერია. ეს ხომ სერიოზული ადამიანია, რომელიც არასდროს იცინის და რომელსაც ერთ სიტყვასაც ვერ დააცდენინებ. თვითონაც სერიოზული და ბეჯითია, მაგრამ ამას გააკეთებს? უწინამც ხელს მოიჭრის, ვიდრე ამას იზამს. თავს ისულელებს საკუთარი დიასახლისის წინაშე. და ასეთ ადამიანს აქვს ფული! დიდი, ძალიან დიდი ფული! სინადვილეში მაგას სპეციალური მზრუნველობა ესაჭიროება. ან ამ ფულს როგორ უძღვება! მაგას რომ შინ სხვანაირი ქალი ყავდეს, აი ისეთი, ხელიდან რომ არაფერი გამოდის, როგორც დღევანდელი ახალგაზრდობის უმეტესობაა, უკანასკნელ ზეწარსაც კი გამოაცლიდა ლოგინიდან. ერთი საწოლიც კი არა აქვს. რად უნდა ამდენი წიგნები? ყველას ერთბაშად ვერ წაიკითხავს. ასეთებს მათთან ბოთეებს ეძახიან, ფულს ართმევენ, ტყუილად რომ არ გადაყაროს და თავიანთ ნებაზე უშვებენ. აჩვენებს, თუ რას ნიშნავს სახლში წესიერი პიროვნების შემოშვება! მაგას ყველა სულელი ჰგონია. ტერეზა სულელად ჯერ არავის ჩაუთვლია. რვა წელი კიდევ ხო, მაგრამ ამიერიდან ნურას უკაცრავად! არავითარ შემთხვევაში!
კინმა თავისი გასეირნებისათვის წიგნების ნაკრების შედგენა რომ დაასრულა, ტერეზას რისხვის პირველი შემოტევა გადავლილი ჰქონდა. შეამჩნია, რომ კინი უკვე გასასვლელად ემზადებოდა და მისთვის ჩვეული, თავდაჭერილი მანერით დაუბრუნდა ქაღალდების გროვას და ნიჩაბი ღირსებით აღვსილმა ამოურია. საკუთარ თავს ამჟამად კიდევ უფრო მნიშვნელოვან და საინტერესო პიროვნებად თვლიდა.
არა, გადაწყვიტა, ამ ადგილზე უარს არ ვიტყვიო. თუმცა რა ჩიტიც ბრძანდებოდა, კი დაადგინა. გამოცდილება მიიღო. თუკი რამეს შეამჩნევს, გამოყენებაც შეუძლია. ცხოვრებაში ცოტა რამე თუ უნახავს. ქალაქის საზღვრები არასდროს დაუტოვებია. ექსკურსიებს არ წყალობს, – ფული ენანება. საბანაოდ ეგ არ დადის, რადგან ეს უწესობაა. მოგზაურობა არ უყვარს, რადგან გზას ვერ გაიკვლევს. საყიდლებზე გასვლა აუცილებელი რომ არ იყოს, სულ სახლში იქნება. ყველა მის მოტყუებას ლამობს. ფასები ყოველ წელს იზრდება და ადრე ყველაფერი სხვანაირად იყო.
გერმანულიდან თარგმნა
შორენა შამანაძემ
