***
კვდებოდა ჩინო. აგერ უკვე მესამე თვე იყო, რაც ნიკელის ძველ, მორყეულ საწოლში თითქმის გაუნძრევლად იწვა. მოშვებულ, ლამის იატაკამდე დაწეულ მავთულის ბადეს ქვემოთ ჩაეხვეტა მისი მოკუნტული სხეული და საწოლის შუაში ერთად მოეგროვებინა. პირით ჭუჭყისფერი გაჯით გალესილი კედლისკენ გადაბრუნებულიყო. ჭროღა თვალები საიმედოდ მოექცია გახუნებულ, დიდ წამწამებში და გახელას აღარ აპირებდა. ასეც კარგად ხედავდა ყველაფერს.

აი, პირდაპირ რომ ოთახის და მარნის საერთო კედელია, ამ კედელზე ძველი “კუშეტკაა” მიდგმული, რომელზეც საღამოობით დაღლილი მამა წვებოდა ხოლმე ტელევიზორის საყურებლად. ახლა ტელევიზორი წინა, პატარა ოთახში გაიტანეს. მგონი აღარც რთავენ, ან ძალიან დაბალ ხმაზე. ყოველ შემთხვევაში, ჩინოს დიდი ხანია აღარ გაუგია იმ ლამაზი, ქერა დიქტორი ქალის ხმა, ძალიან რომ მოსწონდა. “- მაინც რა ლამაზია!..” – ხშირად უფიქრია მის დანახვაზე, მაგრამ შურით არასოდეს შეშურებია. მხოლოდ ღამღამობით, როცა თავის ჭრიალა საწოლში ოცნებებში ჩაიკარგებოდა, ზოგჯერ მის ადგილას წარმოიდგენდა თავს. იჯდა პროჟექტორებით გაჩახჩახებულ სტუდიაში მასავით მაღალი, წელში გამართული, ლამაზად დავარცხნილი თმით და ერთგულ მაყურებელს მომხიბლავი ღიმილით ესალმებოდა. მაგრამ საკმარისი იყო, ამ დროს თაგვს გაეფხაკუნა ჭერში, ან ქარი მოსწყდომოდა ხმაურით შიგნიდან მავთულით გადარაზულ ქუჩის კარს, რომ სასწრაფოდ შეწყვეტდა ოცნებას, თითქოს დანაშაულზე წაასწრესო, და დამფრთხალი, კიდევ უფრო ღრმად ჩაიყურსებოდა ატლასის იისფერგულიან, დალიანდაგებულ საბანში.

ჩინოს საწოლის თავი რომელ კედელსაც ებჯინება, იმას გზისკენ გამავალი ორი ფანჯარა აქვს. ფანჯრებს შუა, ზედ ჭერთან, ღუმლის მილისთვის ახლა უკვე გაუქმებული ჭუჭრუტანაა დატანებული, რომელზეც გვარიანდ შელახული შავ-თეთრი ფოტოა გაკრული. ეს ჯიმია – ჩინოს საყვარელი ინდური ფილმის, “დისკოს მოცეკვავის” მთავარი გმირი გიტარით ხელში. ჩინოს აღარ ახსოვს ამ მსახიობის ნამდვილი სახელი და გვარი. სამაგიეროდ, არასოდეს დაავიწყდება ფილმის ყურებისას დაღვრილი ცრემლები და ის სიხარული, როცა აღდგომა დღეს, მეორე უბნის ეკლესიის ეზოში, ლატარიაში მოიგო ეს ფოტო. გაზაფხულზე, ღუმელს რომ აიღებდნენ ხოლმე, ჩინო საიდანღაც გამოაძვრენდა კუთხეებში დახვრეტილ ჯიმის სურათს და მამას კედელში ჩარჭმულ წვრილ ლურსმნებზე ჩამოაცმევინებდა. ღუმლის ნაცვლად კი ამ დგილას მომცრო მაგიდას დგამდნენ ზედ დამაგრებული ნარდის მოზრდილი დაფით, რომელიც მამამ თავისი ხელით გამოთალა.

ოთახის შუაში, ასევე ჩინოს მამის ნახელავი, ვეფხვის თუ ლომის თათებიანი, გასაშლელი მაგიდა იდგა. ვიღაცის სახლში ენახა სოფლის დურგალს ასეთი და თვითონაც გააკეთა. მართალია ნარდის მაგიდასავით კოხტა ვერ გამოუვიდა, მაგრამ თავის მოვალეობას მშვენივრად ასრულებდა. მაგიდას გარშემო ოთხი მორყეული ჩალის სკამი ჰქონდა შემოწყობილი, ზედ კი წლების განმავლობაში უცვლელად ეფარა ყვითელფუნჯებიანი ხავერდის გადასაფარებელი, რომელსაც მხოლოდ გასარეცხად თუ აიღებდა ხოლმე ჩინო. როცა მამა სახლში სტუმრებს მოიყვანდა, მტკიცე, მწვანეფოთლებიან მუშამბას პირდაპირ ზემოდან გადააშლიდა და ისე აწყობდა სუფრას; ახალ წელს ან სადღესასწაულო დღეებში კი თხელ, გამჭვირვალე ცელოფანს აფარებდა. იმიტომ გაძლო ამდენ ხანს თორემ, აგე, მეზობლებს როგორ გაუცვდათ და ჩაუწყალდათ, ხავერდიც სულ ამოექუცა.

კარგად აღარც ახსოვს რამდენი წლის წინ იყო ეს. სოფლის ცენტრში ახალი უნივერმაღი რომ გაიხსნა, მაშინ იყიდეს უბნის გოგოებმა. ჩინოს ის ნაკოწიწები კაპიკები ჰქონდა, რომელსაც საკუთარი ინვალიდობის პენსიიდან აძლევდა დედა. ერთი ჯვარედინით ზემოთ მცხოვრებ გოგია ფოსტალიონს პენსია ხან თვითონ მოჰქონდა გაზეთებთან ერთად სახლში, ხანაც ჩინოს აგზავნიდა დედა მოსატანად. გულში ჩახუტებულს მოარბენინებდა ხოლმე ტკიცინა, ლენინისთავიან წითელ ათმანეთიანებს. მერე აიტუზებოდა შორიახლოს, სანამ დედა ფულს ითვლიდა და ყულაბაში ჩასაგდებ თავის წილს ელოდა. პატარაობაში “მამალოებისთვის”, “მაროჟნისთვის”, “პაპიროსი” და “დონალდო” კევების საყიდლად აგროვებდა ფულს; მერე და მერე კი, წლები რომ მოემატა, უფრო მნიშვნელოვანი სურვილი გაუჩნდა: სახლის ლამაზად, ქალაქურად მოწყობა უნდოდა. ოცნებად ჰქონდა გადაქცეული ხალიჩადაგებული, პრიალა ავეჯით გაწყობილი ლამაზფარდებიანი ოთახები, სადაც ზაფხულში ფეხშიშველი ივლიდა, ზამთარში კიდევ თბილ, ფუმფულა თეთრ ჩუსტებში ჩააღუნღულებდა ფეხებს და ზემოდან მოკლესახელოიანი კოფთა ეცმებოდა. თავის ძმას და რძალსაც როგორი მყუდრო სახლი ჰქონდათ რუსთავში… სულ ორჯერ იყო ნამყოფი და ახლაც ზედმიწევნით ახსოვს, სად რა იდგა. სოფელშიც ბევრი ცხოვრობდა ასე, ჰოდა, ამასაც უნდოდა. აბა, რა ავეჯის ფულის შემგროვებელი და მყიდველი თვითონ იყო, მაგრამ გადასაფარებლებს, ფარდებს, თეთრეულს და ასეთ წვრილმანებს მაინც ხომ იყიდდა ხანდახან. სწორედ ამიტომ, სრულწლოვანი რომ გახდა, დედას გაუბედა და სთხოვა, ჩემს პენსიას მე ავიღებ ხოლმეო, რაზეც ცივი უარი მიიღო. ძალიან დასწყდა გული, მაგრამ მეტად აღარასოდეს გაუმეორებია თხოვნა, არც საყვედური დასცდენია. აგერ უკვე ორმოც წელს მიღწეული, ისე კვდებოდა, რომ თავის გემოზე ერთხელაც არ დაუხარჯავს საკუთარი პენსია.

 

1 2 3 4 5 6 7