ამ ხმელ “კუშეტკაზე” გადაყვანა რისთვისღა მოიგონეს… ან იმ ექიმის რაიონიდან ჩამოყვანა რაღა საჭირო იყო, ნეტავ ვინ ურჩია დედაჩემს? – აკლია წამება ჩინოს, რატომ არ აცლიან თავის საწოლში სიკვდილს? – სუნთქვა გაუადვილდებაო… ახლა მასზე უკეთ ვინ იცის, რა უფრო უადვილდება და უძნელდება? – უნდა, რომ მალე დამთავრდეს ყველაფერი. დაისვენოს და სხვაც დაასვენოს. არავის ესმის მისი. აგე, პატარა ბალღივით დასტაცა ხელი კაკაბურიაანთ ოლამ და სანამ დედა ქვეშაგებს უმზადებს, ასე ხელში აყვანილი უჭირავს სამარცხვინოდ. მძიმე კი აღარ არის, მაგრამ მაინც ეუხერხულება. რამდენიმე დიდი ზომის ბალიში, რომელზეც ჩინო იდაყვებით უნდა დაყრდნობილიყო, ერთმანეთზე ააკოკოლავა დედამ, – ასე დაარიგა ექიმმა. ერთი, შედარებით მომცრო, ცალკე დაუდო მუხლებისთვის. ყველაფერი რომ გაამზადეს, ოლამ ისე უხეშად, მოწყვეტით დასვა, პირდაპირ ბალიშებში წაარგვევინა ცხვირი. მერე ერთად გაუსწორეს ფეხები და თავი. თან ყურში ჩაჰყვიროდნენ, მიდი, ისუნთქე, გოგო, ღრმად ისუნთქეო…

რამდენიმე დღე მართლა მოიხედა. თვალებიც გაახილა, მარლაში გაწურული ბულიონიც ჩაყლაპა კოვზის წვერით. თითქოს სუნთქვაც უფრო გაუადვილდა. ღამე ისევ აწვენდნენ, “კუშეტკაზევე”, და გვერდიდან ზურგიან სკამებს უწყობდნენ ყოველ შემთხვევისთვის, რომ არ გადმოვარდნილიყო.

გრძნობა და აღქმის უნარი არ დაუკარგავს ჩინოს. ლაპარაკიც ესმის, ქუჩაში მოსიარულე მანქანების ხმაც, ძაღლის ყეფაც. იმასაც ხვდება, რომ ნელ-ნელა თადარიგს იჭერს დედა – იატაკს ხეხავს, ფანჯრებს წმენდს, ფარდებს რეცხავს. ისიც გაიგო, როგორ უთხრა რამდენიმე დღის წინ ჩინოს სანახავდ მოსულ ბიძას, თავის ნახევარძმას, ბაზარში ხბოს ფასები გაიგეო. ხორბლისა და ლობიოს მოტანაც სთხოვა. ალბათ ქელეხისთვის, თორემ სახლის სამყოფი, წესით, ჯერ არ უნდა შემოჰკლებოდათ. ჩინოსაც როგორ უყვარს ქელეხის ლობიო… სულ სხვანაირი გემო აქვს. კორკოტი კი ყოველთვის ერჩივნა წანდილს. როგორ მოუნდა ახლა უცებ ხახვში და ცხიმში მოშუშული დაბეგვილი ხორბალი… სიამოვნებით შეჭამდა ერთ-ორ ლუკმას…

 

***
მთელი ის ღამე ბალიშებზე დაყრდნობილმა გაატარა ჩინომ. ძალიან ცუდად იყო და დედას ლოგინში აღარ ჩაუწვენია. თვითონაც იქვე, ჩინოს ნიკელისთავიან საწოლზე მიწვა გაუხდელად. დროდადრო დგებოდა და დახედავდა ხოლმე. მაინცდამაინც მაშინ ჩაეძინა დაღლილს…

გამთენიისას, როცა ჯერ კიდევ ეძინა სოფელს, შემოდგომის სუსტი მზესავით მიებლიტა თვალები და გონება. უცებ, გეგონება, სლიკინა, ცივი ლოლუები დააყარესო შიშველ სხეულზე, სულიან-ხორციანად შეამცივნა, ცოტა შეეშინდა კიდეც. მთელი ამ ხნის განმავლობაში პირველად მოუნდა დედისთვის საშველად დაძახება, მაგრამ ხმა არ ამოუვიდა. უილაჯობისგან სუსტად, ძლივს შესამჩნევად გაიქნია თავი. მერე ღრმად, ძალიან ღრმად უნდოდა ამოესუნთქა, მაგრამ ჭიანი ფილტვებიდან წამოსული ჰაერი სადღაც ხორხის შუაში გაუჩერდა. ცოტა ხანს კიდევ იხრიალა, იწვალა და გათავდა.

დილით, ძაღლივით მუხლებზე წამოყუნცული, ბალიშებზე იდაყვებით დაყრდნობილი ჩინო, წელში უცნაურად გამართული დაუხვდა გამოღვიძებულ დედას. ოდნავ გაპობილი ბაგეებით ისე იმედიანად შეჰღიმოდა ფანჯრიდან შემოსულ მზის სხივს, თითქოს ელოდა, აი ახლა ჩამიდგამს გაყინულ თვალებში შუქს და აი ახლაო.

 

 

 

1 2 3 4 5 6 7