ყველაფერი საბოლოოდ დასრულდა. დარჩება მთელი ცხოვრება ჩინო ასე კუზიანი და იჩორხიალებს შინ და გარეთ, სანამ ცოცხალი იქნება. ან აქვს კი აზრი ასეთ სიცოცხლეს? – თუმცა, ერთი პატარა იმედი მაინც რჩება. რაღაცის გაკეთება უნდა ჩინოს. დიდი ხანია ამაზე ფიქრობს, მაგრამ კარგად არ იცის, შესძლებს თუ არა. თან ცოტა ეშინია. ამიტომ დროს წელავს, ჯერ ფეხს ითრევს.

 

***
არ იყო ურიგო დურგალი უშანგი. საიდან აღარ მოდიოდნენ და მიჰყავდათ სამუშაოდ. სადურგლო ოთახიც იმდენი უცნაური იარაღით ჰქონდა გამოტენილი, ვერ დაითვლიდი. სკოლაშიც ასწავლიდა. შრომის გაკვეთილების საათებს აძლევდა ხოლმე დირექტორი. დაახლოებით ნახევარი წლის წინ, რაღაც დანადგარი იყიდა. “მინი-სახერხიაო”, ამბობდა და ამაყობდა თავისი ახალი შენაძენით. ყველას ეპატიჟებოდა მის სანახავად. სულ ფერად-ფერადი ღილაკები ჰქონდა გარედან. დადებდი ზედ გასარანდ ფიცარს, დააჭერდი რომელიმე ღილაკს, წავიდოდა კაკალივით გაკროცილი თეთრი ფიცარი, კიდევ დააჭერდი, შუა გზაზე გაჩერდებოდა, ახლა გადმოაბრუნებდი და მეორე მხრიდან გარანდავდი. ხელს რომ გადაუსვამდი, ისე პრიალებდა, სულ სლიკინი გაჰქონდა. შენ მარტო ცერად ჩაწყობილ, გალესილ დანებზე უნდა დაგედო ფიცარი და ხელით მიგემარჯვებინა. ელექტროხერხიც ჰქონდა დანადგარს, ისეთი ბასრი, რომ რამდენიმე წუთში უმცირეს კუბიკებად ჭრიდა ფიცარს… ძალიან მოსწონდა ჩინოს აქ ყოფნა. მამისთვის ხელი რომ არ შეეშალა, მიიყუნჭებოდა თავისთვის კუთხეში და გაშტერებული სათობით უყურებდა, როგორ ცვიოდა მის გარშემო მშრალი, გაკაწკაწებული ბურბუშელა.

ამ სახერხის შემხედვარეს გაუჩნდა პირველად კუზის მოშორების იდეა. ნუთუ არ შეიძლება ექიმებმა მეც ასე ამათალონ კუზი, – ფიქრობდა ხშირად აქ მოსული და ეს აზრი სულ უფრო და უფრო უჯდებოდა ჭკუაში. უკვე მოსვენება დაკარგა. დღე იყო თუ ღამე, ამაზე ფიქრობდა. რამდენჯერ წარმოუდგენია ბურბუშელაში ჩამჯდარს, რომ ეს პატარა სადურგლო, საოპერაციო ოთახი იყო, ფიცრების ნაცვლად თვითონ იწვა იმ დანებზე კუზის ასათლელად გამზადებული, გარშემო კი თეთრხალათიანი, პირბადიანი ექიმები და ექთნები ეხვია, რომ “ოპერაციის” შემდეგ სისხლი სწრაფად მოეწმინდათ ხოლმე. სხვა გზა არ დაუტოვეს, თვითონ უნდა მიხედოს თავის თავს. ეს დაზგაა მისი უკანასკნელი იმედი. ალბათ მტკივნეული იქნება, მაგრამ უნდა გაუძლოს. ჩართვა-გამორთვა იცის, უთვალავჯერ უყურებია. მარანში მაგარი არაყი რომ აქვს მამას გადანახული, ჯერ იმას დალევს, ცოტა გააბუჟებს; პირშიც რამეს ჩაიტენის, რომ ყვირილის ხმა არავინ გაიგოს. ერთი სიტყვით, მარტო დღეღა უნდა შეარჩიოს. უფრო სწორად – ღამე. მშობლები რომ დაიძინებენ ჩუმად გამოიპარება ოთახიდან, არაყს წინასწარ გადმოისხამს ბოთლში, დანარჩენ რამეებზეც, ზეწარზე, ბამბაზე, ბინტებზე, წინასწარ დაიჭერს თადარიგს და მოიმარაგებს.

…სადურგლოს კარი საიმედოდ შეიკეტა. ჯერ შუქი ჩართო, მერე – მოწყობილობა. წელს ზევით სულ გაშიშვლდა, ქვემოთ, მარტო საცვალი და წინდები დაიტოვა. ნელ-ნელა, ფეხშიშველი მიუახლოვდა აბზუვლებულ ჩარხს და ნათურის შუქზე ალაპლაპებულ ბასრ დანებს. ამასობაში, ცოტა ხნის წინ დალეული ლამის ნახევარი ლიტრი არაყი ერეოდა და მოძრაობის უნარს უკარგავდა. უნდა ეჩქარა. როგორც იქნა, გაბედა და ფეხი ააბიჯა საშუალო სიმაღლის მაგიდის კიდეზე, რომელზეც დანადგარი იდო, მაგრამ თვალები აუჭრელდა და უკან გადმოვარდა. რამდენჯერმე ისევ ჯიუტად სცადა წამოდგომა. ვეღარ შეძლო, წელში ვეღარ გაიმართა… უმწეობის ცრემლი და ღმუილი ერთად წასკდა. მერე მოეშვა, ძილი მოუნდა. ცოტა შესცივდა კიდეც. ბურბუშელათი დასუსხულ შიშველ ტანზე ხელები ვითომ გასათბობად შემოიხვია და ჩაეძინა.

ჯერ მზე არ ამოწვერილიყო, უშანგი რომ საპირფარეშოში გამოვიდა. სადურგლოდან ხმაური მოესმა და მაშინვე ოთახში შევარდა. გვერდულად იწვა ბურბუშელაში თავჩარგული ჩინო. შიშველი კუზი კარისკენ მოეშვირა და მშვიდად, თანაბრად სუნთქავდა. შეშინებული დასცქეროდა უშანგი შვილს. ახლოს მისვლას ვერ ბედავდა. მერე, რაკი დარწმუნდა ცოცხალი იყო გოგო, მწარედ ამოიგმინა, ხელში ფრთხილად აიყვანა მძინარე და ცოლს რომ არაფერი გაეგო, ლოგინში ჩუმად ჩააწვინა.

ისე მოკვდა, ბოლომდე კარგად ვერც გაერკვა რა მოხდა მაშინ; იმას კი ხვდებოდა ალღოთი, რომ რაღაც დიდი უბედურებისგან დაიფარა ღმერთმა. არც ჩინოსთვის უკითხავს არცერთხელ არაფერი, არც ამას მოუნდომებია რამის თქმა. იმ ღამის ამბავი სამუდამოდ საიდუმლოდ შეინახეს მამა-შვილმა.

ის დღე იყო და, რაღაც დაემართა უშანგის. ცვილივით გაყვითლდა და ჩამოდნა საღსალამათი კაცი. შეიძულა სადურგლო ოთახიც და თავისი საქმეც. აღარც გარეთ გადიოდა. მარტო სახლის ვენახში მუშაობდა და საქონელს უვლიდა. თითქმის არაფერს ჭამდა, აღარც სასმელს ეკარებოდა. ძილითაც ცოტა ეძინა. ღამღამობით, ხშირად ესმოდა აივნიდან ჩინოს მისი ნაბიჯებისა და ხველის ხმა. ზოგჯერ საათობით იჯდა უხმოდ თავისსავე გაკეთებულ პატარა სკამზე, რომელზეც ბავშვობაში ჩინოს ათამაშებდა და გაზეთში გახვეულ თამბაქოს ეწეოდა. ამ სკამზევე მჯდარს ამოუვიდა ერთ დილას სულიც.

დედა უკვე კოლექტივში იყო წასული. იმ დიდი ჩხუბის მერე ერთმანეთს აღარ ელაპარაკებოდნენ. სახლშიც რომ ყოფილიყო ცოლი, მაინც არ ეტყოდა, ვერა ვარ კარგადო. ჩუმი ხმით დაუძახა ფორმისკაბით იქვე, ახლო-მახლო მოწრიალე ჩინოს. სკოლაში აგვიანდებოდა ამასაც (იმ წელიწადს სკოლას ამთავრებდა და გაცდენას ერიდებოდა), მაგრამ გული არ უშვებდა. კიდევ კარგი, რომ არ წავიდა. დასუსტებულ მუხლებზე პატარა გოგოსავით დაისვა შვილი, თავზე გამხდარი, მოთონთლოვებული ხელი გადაუსვა და მსუბუქად, უძალოდ მიიკრა მკერდზე. “- ბოდიში, მამას თვალის ჩინო”, – უთხრა და ცოტა ხანში, აკანკალებულმა, შვილის ხელებში დალია სული.

ამ დღის გახსენებაზე ცრემლს ვერც ახლა იკავებს ჩინო. თუმცა, სატირალი რა აქვს, პირიქით, უნდა უხაროდეს, რომ მამასთან მიდის. ოღონდ, თავს უნდა გამოუტყდეს, რომ ამჯერად ცოტა სხვანაირად არის საქმე; რომ მისი ეს ცრემლები მამას კი არა, დედას უფრო ეკუთვნის. იმ დედას, რომელსაც სიკვდილის წინაც კი არ დაუძახებდა ბოლო წუთებში მყოფი მამა… და პირველად თავის სიცოცხლეში, მკვდარ მამაზე მეტად შეეცოდა ცოცხალი დედა ჩინოს; ეს კერკეტი კაკალივით გაუტეხელი და ჯიუტი ქალი, რომელსაც სადღაც, აუცილებლად ექნებოდა თავისი გულის სიჩვილე, რომელიც, შეიძლება არც ისეთი გულქვაა და ღამღამობით ჩუმჩუმად ტირის კიდეც ლოგინში და ნანობს თავის შეცდომებს… ან რა ქალობა ჰქონდა, ან რა უნახავს კარგი თავის ცხოვრებაში? – დღე და ღამე ცხვირი მიწაში აქვს ჩარგული და შრომობს… არა, ჩინომ პირველმა უნდა აპატიოს, დაივიწყოს ყველა გულის ტკენა, რაც დედისგან ახსოვს. ცოდოა, რაც უნდა იყოს, მაინც დედაა, ინვალიდი და უკვე მომაკვდავი შვილის დედა.

***
გულითადი დაქალი და მესაიდუმლე არასოდეს ჰყოლია ჩინოს. თითქმის ყველა თავის კლასელ და მეზობლის გოგოსთან კარგად იყო, მაგრამ გულის გადაშლამდე მაინც ვერავის ენდობოდა. ალბათ იმიტომ, რომ დიდად არც ისინი ამჟღავნებდნენ ამის სურვილს. ბევრჯერ შეუმჩნევია, რომ მასთან ერთად სადმე წასვლას გაურბოდნენ გოგოები. კინოშიც ბევრჯერ გაპარვიან უჩუმრად. საღამოობით, როცა ჯვარედინიდან ჯვარედინამდე მზესუმზირის ჭამით სეირნობდნენ, მაშინაც სულ რაღაც საბაბს ეძებდნენ, რომ ჩინო მათ გვერდით არ ყოფილიყო. სწყინდა ჩინოს, მაგრამ მათიც ესმოდა. დაქალდნენ გოგოები, თითქმის ყველას ჰყავდა უკვე ამორჩეული გულის სწორი, ყველა კეკლუცობდა, იპრანჭებოდა და, აბა, რომელ ყმაწვილ გოგოს ენდომებოდა, მიდიოდეს მახინჯი ამხანაგის გვერდით და ამ დროს შეყვარებულს გადააწყდეს მოულოდნელად? ჰოდა, ცდილობდა ჩინო, ეს ყველაფერი მორჩილად მიეღო. კუზიანი იყო, შტერი ხომ არა? ამიტომაც იყო თავისთვის და არასოდეს არავის ჩამოჰკიდებია კალთაზე, გინდა თუ არა, ჩემი სიხარული და მწუხარება გაიზიარეთო.

 

1 2 3 4 5 6 7