მაინც ყველაფრისთვის მადლობელი იყო ჩინო დედისა, სულ ყველაფრისთვის. მთელი ეს ხანები, რაც ლოგინს მიეჯაჭვა, სუფთა, გახამებულ თეთრეულში იწვა, რომელსაც ოთხ-ხუთ დღეში ერთხელ უცვლიდა დედა. დილა-საღამოს, მართალია, ცოტა უხეშად, ბუზღუნით, მაგრამ მაინც თვისი ხელით აჭმევდა საჭმელს და ღამღამობით, როცა ჩინო წყალს ითხოვდა, დგებოდა და ტუჩებზე ლიმონის წვენით გაჟღენთილი ბამბას უსვამდა წყურვილის მოსაკლავად. საწოლში “ლახანკას” უდგამდა (როგორ ვერაფრით გადალახა ეს სირცხვილი, მიწა ერჩივნა გახეთქვოდა ყველა მოსაქმებაზე). კვირაში ან ათ დღეში ერთხელ მაინც, რის ვაი-ვაგლახით, საწოლშივე, გარდიგარდმო პირქვე დაწოლილს და თავგადმოგდებულს ბანდა ცხიმიან თმას. ორ-სამ დღეში ერთხელ კი მაგრად გაწურული ტილოთი მთელ ტანს უზელდა და უწმენდდა. ამისთვის განსაკუთრებით ემადლიერებოდა დედას. სწორედ ნაწოლების გაჩენის და ცოცხლად დალპობისა ეშინოდა ყველაზე მეტად. კარგად ახსოვს, მეორე უბანზე ლოგინად ჩავარდნილი მერაბაანთ სოლო მოუვლელობით ისე რომ ააყროლეს ცოლმა და დედამ, რომ ბზარდა იმათი სახლი, კაციშვილი ახლოს ვერ ეკარებოდა. რომ მოკვდა კიდევ, სამძიმარზე ვეღარ მიდიოდა ხალხი. ჰოდა, ამის შემდეგ, დედის სასაყვედურო რაღა უნდა ჰქონოდა ჩინოს? იმ ყველაზე მთავარ წყენას კი, ახლა აღარაფერი ეშველება. ის დარჩა და დარჩა ჩინოს გულში და, ალბათ, ასევე წაიღებს სამარეში.

მაგიდაზე რომ ბროლის თავსახურიანი წყლის გრაფინი დგას, თავისი ერთი თეფშითა და ჭიქით, ესეც მაშინ, გადასაფარებელთან ერთად რკინეულობის განყოფილებაში იყიდა ჩინომ. იქ იყიდებოდა მაშინ ჭურჭელი, ქვაბები, ტაფები, ჭრელ-ჭრელი მუშამბები თოფებით, ბოქლომები, ლურსმანი, სარეცხის საპონი, ფხვნილი და ასეთი რაღაცეები ერთად. ვითომ, საერთოდაც, ზამთრისთვის თბილი ჩუსტების საყიდლად წავიდა მაშინ, მაგრამ ჩუსტებისთვის ფული ვეღარ გაიმეტა, როგორმე ერთ წელიწადსაც ძველებით გავალ იოლასო და ეს იყიდა. არც უნანია. რამდენ ხანს შემორჩათ აგე… თან ვინც ნახავდა, ყველას მოსწონდა. ჩუსტი კიდევ, ყველაზე ბევრი, ორი წელი თუ გაუძლებდა. მერე როგორი ცუდი ხმარება იცოდა ფეხსაცმლისა? – გვერდზე გადაქანებული სიარულისა და მოღრეცილი ფეხის გამო, როგორ უშნოდ გაცვითა ის თეთრი, ქუსლებიანი საგარეო ფეხსაცმელიც, მამამ რომ უყიდა რვა კლასის დამთავრების შემდეგ. რა ექნა, ძალით ხომ არ უნდოდა. მარჯვენას კი ადგამდა სწორად, მაგრამ მარცხენა ფეხს ვერ მოუხერხა ვერაფერი. ტანის მთელი სიმძიმე, ძირითადად, ქუსლზე და ტერფის გარეთა მხარეს აწვებოდა, რის გამოც ეს ადგილები ძალიან სწრაფად უცვდებოდა. ფეხსაცმლის შიგნითა მხარე და წინა ნაწილი კი, რომელსაც საერთოდ ვერ აყრდნობდა მიწას, უშნოდ ეპრიხებოდა და მუდამ გაუცვეთავი, ახალივით რჩებოდა.
ოთახის ყველაზე დიდ, ყრუ კედელთან, რომლისკენაც ახლა ჩინო ზურგშექცევით წევს, კაკლის მძიმე, ძველებური ბუფეტი დგას, – ჯერ ჩინოს ბებიის, მერე დედამისის მზითვის ნაწილი. შუშის ვიტრინის ზედა თაროზე ლიქიორის სერვიზი დევს, ლურჯი, ოქროსფერფარფლებიანი პირღია თევზი თავისი თერთმეტი პაწაწინა, ასეთივე პირდაფჩენილი შვილი თევზებით. მეთორმეტეც იყო, მაგრამ ჩინოს გაუტყდა ერთხელ რეცხვისას. ძლივს გადაურჩა მაშინ დედის რისხვას და ხორცების მოჩქლერთას – მამა იყო სახლში ბედად და ის გამოესარჩლა. რაც თავი ახსოვს, ასე დევს ეს თევზი, სტუმრებთან არასოდეს გამოუტანიათ. მარტო წელიწადში ორჯერ – სააღდგომოდ და საახალწლოდ, პირგანიერ ორჯამიანში ჩასხმულ არყიან თბილ წყალში დარეცხავდა ჩინო თევზების ოჯახს, გაწმენდდა, გააპრიალებდა და ისევ უკან, მათთვის განკუთვნილ ადგილას შეაწყობდა.

ბუფეტის მეორე თაროზე ვერცხლით მოპირკეთებული ოთხი საშუალო ზომის ყანწი იდო, – წყვილ-წყვილად, აქეთ-იქიდან, და ორიც მოზრდილი თიხის ტიკჭორა, – “განსხვავებული სასმისი”; მათ შუაში კი, დღემდე როგორ უყვარდა ჩინოს ეს არსება, ელო პაპიდას ხელით გამომცხვარი ოქროსფერი, ჩამიჩისთვალებიანი და წითელბაფთიანი ხუჭუჭა ბატკანი ჩაჩოქილიყო წინა ფეხებზე. ეს ბატკანი ნამცხვარი დიდი ხნის წინ, სააღდგომოდ მოართვა პაპიდამ. თვითონ ხომ პირი არ დააკარა და არც სხვებს მისცა გაჭრის უფლება. ახლაც ბავშვივით სჯერა, რომ სული უდგას. მაგრამ ბოლო დროს ძალიან დაიჩრჩილა, სულ ნამცეც-ნამცეც იშლებოდა. ან ამდენ ხანს როგორ გაძლო… კიდევ კარგი, მოიფიქრა და რამდენიმე წლის წინ ცელოფანში ჩასვა. ჩინო როგორც კი აღარ იქნება, დედა, ალბათ, ამასაც მოაშორებს ბუფეტიდან, ქათმებს დააკენკინებს.

***
ჯერ ისედაც სული ელეოდა საყვარელი პაპიდისთვის, ამ ბატკნის შემდეგ კი კიდევ უფრო მეტად შეუყვარდა. სანამ პატარა იყო, დღე ისე არ გავიდოდა, რომ რამდენიმე წუთით არ გადაერბინა ელო პაპიდასკენ, რომელიც მათგან ორი გზაჯვარედინის იქით ცხოვრობდა. რა უნდოდა იქ გადასვლას? – სახლიდან ქუჩას ზევით აუყვებოდა ნაპირ-ნაპირ, ოღონდ, იქ ფორეაანთ ძაღლი, ფაჩუჩა იყო ხოლმე ჩასაფრებული და ფეხაკრეფით უნდა გაევლო; მერე, პირველი გზაჯვარედინი რომ დამთავრდებოდა, ქუჩაზე გადასვლა არც სჭირდებოდა, ბოგირს გადაივლიდა და ესვე მარცხნივ აუხვევდა. დიდპლანამდე რომ მივიდოდა, ცოტა ხნით სადალაქოსთან გაჩერდებოდა, სოფლის მთავარ, მოასფალტებულ ქუჩას კარგად დაათვალიერებდა, ან მანქანა, ან ორთვალა, ან მოტოციკლეტი ხომ არ მოდიოდა და სულშეგუბებული, ქანაობით გადაირბენდა ქუჩას.

რაც უნდა დაღლილი ყოფილიყო ელო პაპიდა, ყოველთვის ჰქონდა საყვარელი ძმის შვილიშვილისთვის სიფრიფანა, უგემრიელესი ხაჭაპურების დაცხობის თავი. იქვე, გზის მეორე მხარეს, მერის მაღაზიაში გადაირბენდა, ცომის წასაზელად ერთ ბოთლ ბორჯომს გადმოიტანდა და თან ჩინოს საყვარელ, გულაბი მსხლის ლიმონათსაც მოაყოლებდა; მერე სახელდახელოდ მოზელდა ცომს, ტაფას გაახურებდა და სანამ ჩინო ერთ ჭიქა ლიმონათს ხმაურიანი წრუპვით ბოლომდე ჩაიყვანდა, ხაჭაპურიც მზად იყო. დღესაც ვერ ხვდება, ან ცომი როგორ ფუვდებოდა ასე სწრაფად, ან სახაჭაპურედ გამზადებული ყველი საიდან მოჰქონდა პაპიდას. “- არა, არა, რაღაც შელოცვა იცი და არ მეუბნები, თორემ ასე მალე როგორ გამოაცხობდი…”, – კიკინით თავს დასტრიალებდა პაპიდას ეშმაკურად თვალებმოჭუტული ჩინო. სულის ბერვით ხელიდან ხელში გადაჰქონდა ორად მოკეცილი მთლიანი ხაჭაპური და დროდადრო ქათქათა ნაფოტა კბილებით ახევდა პატარ-პატარა ლუკმებს.

ყოველთვის კარგად, ხალისიანად გრძნობდა ჩინო პაპიდასთან თავს, – თანატოლებივით საუბრობდნენ, ხუმრობდნენ; მაგრამ ზოგჯერ, პაპიდა როგორც მართლა დიდს, ისე დაუსვამდა ხოლმე მისთვის უხერხულ და უსიამოვნო კითხვებს: “- კიდე ხო არ გაუმწარებია მამაშენს დედაშენი იმ საღამოს მერე?” – მოულოდნელად შემობრუნდებოდა ხოლმე ჩინოსკენ ცომიანი ხელებით და თვალს მანამდე არ მოაშორებდა, სანამ პასუხს არ გასცემდა. სიკვდილი ერჩივნა ჩინოს ამ კითხვის დასმას, – “კარგათა ვართ, არა, კარგათ…”, – ეტყოდა პაპიდას თავდახრილი, სახეზე ერთიანად წამონთებული. პაპიდა კი ყოველთვის ხვდებოდა, როდის იტყუებოდა და როდის მართალს ამბობდა ჩინო.

 

1 2 3 4 5 6 7