სამაგიეროდ, ბავშვები ჰყავდა მეგობრებად ჩინოს. თვითონაც ლაღად, ძალდაუტანებლად გრძნობდა იმათთან თავს. მარტო თავის ძმისშვილებს არ გულისხმობს, რომლებზეც უზარმაზარი ამაგი ჰქონდა. ჯერ ხო, სასკოლო ასაკამდე, ძირითადად აქ დაიზარდნენ, ჩინოს ხელში. მოსვენება არც არდადეგებზე ჰქონდა. ჩამოვიდოდნენ ძმა და რძალი, ჩამოუყვანდნენ ორ გადარეულ ბიჭს, და თან იმის დასამტკიცებლად, უმადურები არ ვართო, ჩინოსთვის თითო წყვილ ფერად გეტრს, კიდეებშემოქარგულ რამდენიმე ცხვირსახოცს და ზოგჯერ, შოკოლადის ფილასაც გამოაყოლებდნენ ხელს. იმ ღამეს როგორღაც გადააგორებდნენ ლაპარაკსა და სანოვაგის ჩანთებში ჩალაგებაში, გამთენიისას თვალს მოატყუებდნენ და დილით უკვე ქალაქისკენ მიმავალ ავტობუსში ისხდნენ. ერთს არ ჰკითხავდნენ ჩინოს, შეგიძლია თუ არა ბავშვების დატოვებაო. თითქოს ევალებოდა ჯერ თავადაც პატარა, ახლა კიდევ ინვალიდ გოგოს მათი დაზრდა. მაგრამ ბავშვები რა შუაში იყვნენ? – ჭკუას კარგავდნენ ჩინოსთვის. მშობლები წასაყვანად რომ ჩამოაკითხავდნენ, იდგა ერთი წიოკი და გნიასი. ჩინოს კალთას ჩაბღაუჭებულებს, ცოცხალი თავით ხელს ვერ აშვებინებდნენ, სულ ძალისძალად, ხვეწნა-მუდარით და ტყუილი დაპირებებით მიათრევდნენ ატირებულ ბალღებს სადგურისკენ, – სუ, რა გატირებთ, ცოტა ხანში ჩინო თვითონ ჩამოვა რუსთავში და გნახავთო…

მარტო ბიჭებს კი არა, ჩინოსაც სჯეროდა ამ დაპირების. მართლა ძალიან უნდოდოდა, ერთხელ კიდევ, საახალწლოდ, ან ზაფხულის არდადეგებზე თავისთან წაეყვანა ძმას, მაგრამ არა და არ დადგა ჩინოსთვის ასეთი არდადეგები. ორად-ორჯერ იყო ნამყოფი რუსთავში და მაშინაც სულ რამდენიმე დღით. თან ძალიან პატარა იყო და არაფერი ახსოვს, თან ზამთარი იდგა და სახლიდან ფეხი არ გაადგმევინეს. მარტო ღამის ფანჯრიდან დანახული, გაკაშკაშებული ქუჩები დაამახსოვრდა. ერთი ოცნება ჰქონდა ჩინოს და იმისთვის უფრო უნდოდა წასვლა: ზევითაუბნელი მკერავი დარიკოს გოგომ, რომელიც ხშირად დადიოდა ხოლმე რუსთავში თავის დასთან, უთხრა ერთხელ, რომ იქ კინო-თეატრებში, ყოველ კვირა სულ ახალ-ახალ ინდურ ფილმებს უშვებენო. არც ეს ოცნება აუსრულდა…

უბნის ბავშვებზეც არ ჰქონდა ძმისშვილებზე ნაკლები ამაგი. აგე, დღემდე რამდენი ეძახის “ჩინოდედას”. რომ დაინახავდნენ ბალღები, სულ ზედ ებღოტებოდნენ, ხელებს იწვდიდნენ და დიდ მკერდზე თავმიდებულები უყუჩდებოდნენ. მიუხედავად იმისა, რომ სიმძიმის აწევა უჭირდა, ცოტას მოიცლიდა თუ არა, იღლიაში მუდმივად ვიღაცის ბალღი ჰყავდა ამოჩრილი და კალთაზეც ერთდროულად რამდენიმე ეკიდა. დაუფასდა კიდეც. განა არ ესმის, როგორ შემოირბენენ ხოლმე მის ხელში გაზრდილები, წინა ოთახის კართან აიტუზებიან და ჩურჩულით ეკითხებიან დედამისს: “კიდე წეეევს ჩინო, გარეთ როდის გამოვა, კარგად აღარ გახდებააა?”

 

***
რამინას ამბავს ყველაზე ბოლოსთვის ინახავს გასახსენებლად. რამდენი წელი გავიდა, როგორ მოუძველდა ყმაწვილქალობის ერთადერთი სასიყვარულო ისტორია. მაგრამ ახლაც ისევ ძველებურად ბურძგლავს, ტანს აყრის მის გახსენებაზე. ნეტა იმ დროს…

უკვე მეხუთე გაზაფხული იდგა სკოლის დამთავრებიდან. მამა გამოგლოვილი ჰყავდა, დედასთან მარტო ცხოვრებას და თავის ბედსაც მეტ-ნაკლებად შეგუებული იყო. მამის სიკვდილის შემდეგ დაბლა აღარ დაწოლილა. მეორე სართულზე შებათქაშებულ, გაუმართავ ოთახში აათრია ნიკელის საწოლი, რომელშიც ახლა თავისი სიცოცხლის უკანასკნელ დღეებს ატარებს და დასაძინებლად იქ ადიოდა. ყოველ დილით, მათი სახლის წინ ბღუილით ჩერდებოდა კოლექტივის ორხიდიანი სატვირთო მანქანა და იმისი ხმა აღვიძებდა. სანამ დედამისიც შეუერთდებოდა მანქანის ძარაზე შეგროვილ, უბან-უბან წამოკრეფილ კოლექტივის ქალებს, თვითონაც აივნის მოაჯირზე გადმოეყუდებოდა ხოლმე. რძლის გამონაცვალი, ვარდისფერი სტოგანის ხალათში გადაცმული, თვალების ფშვნეტით მიესალმებოდა მეზობლებს და ერთი-ორი სიტყვითაც გამოელაპარაკებოდა. მერე, მანქანა რომ წავიდოდა, ჩამოჩლახუნდებოდა ხის კიბეზე, ხელ-პირს წყაროზე დაიბანდა, ზეზეულად, ყველით და პურით წაილუკმებოდა და სახლის საქმეებს მიუბრუნდებოდა.

იმ დილითაც ჩვეულებრივ გაჩერდა კოლექტივის მანქანა. გზისპირა ფანჯარა ფართოდ გამოეღო ჩინოს, თვალები მიელულა და ხარბად ისუნთქავდა დილის კამკამა ჰაერს. ფანჯრის რაფაზე იდაყვებით დაყრდნობილს, გადასადები ხალათი გულზე გადახსნოდა და სავსე, ქათქათა მკერდი მოუჩანდა. თუ არ იცოდი რომ კუზი ჰქონდა, წინიდან შემხედვარე იტყოდი, სასიამოვნო, ახალგაზრდა ქალი იყურებაო. ჯერ დაჟინებული მზერა იგრძნო, მალე ვიღაცის როხროხა ხმაც მისწვდა მის ყურს. თვალები ჭყიტა და სასწრაფოდ ხალათზე იტაცა ხელი. იცნო, როგორ არა, მესამე უბნელი, თავისი პარალელური კლასელის, ვარდიაანთ ნონას ძმა იყო, რამინა. მთელი სოფლის გოგოებს ზედ რჩებოდათ თვალი. თვითონ ახლოს არასოდეს ენახა. არც ის იცოდა, რომ კოლექტივის მანქანაზე მუშაობდა. – როგორი ქათქათა კბილები ჰქონია, ლამაზი, ხშირი თმა… ნამდვილი ჯიმია. ტანიც ზუსტად ისეთი აქვს… და უცებ, მოულოდნელად, რაღაც ძალიან უცნაური, ერთდროულად მტკივნეული და თან სასიამოვნო, სხეულზე ცეცხლივით შემოენთო ჩინოს. მერე სახეზეც მოედო და წითლად აავარვარა. ის კიდევ, იდგა გალაჯული. კაბინიდან გადმოსულს ცალი ფეხი მანქანის საფეხურზე ედგა, მეორე ჩინოაანთ ქუჩის ძელსკამზე. გარუჯული, დაძარღვული ხელებით ამათ შავი თუთის ტოტოებს იწვდიდა, მსხვილ-მსხვილ ნაყოფს არჩევდა და მუჭით იყრიდა პირში. “- ეგე, თუთასა გპარამთ… რა ვქნა, ისე მადის აღმძვრელად გამოიყურება რო… ეგეთი ცერისიმსხოები აღარც მინახავს კაი ხანია…”, – შესცინა ჩინოს უკვე თუთისგან შავად შეღებილი, ჯანსაღი კბილებით. “- მე კიდე ყვითელი, ადრეულა გოგრა ბალი მიდგა და იმაზე გეპატიჟებით… ბარი-ბარში ვიქნებით…”, – დაამატა ძარაზე აჟივჟივებული ქალების ხმაში. ხელის აწევით დაემშვიდობა ერთიანად ალანძულ, თვალებაპრიალებულ გოგოს, ჩაჯდა კაბინაში და “სახსოვრად” ადგილიდან გიჟივით მოწყვეტილი მანქანისგან ავარდნილი მტვრის ბუღი დაუტოვა.

მთელი დღე მთვარეულივით დაბორიალებდა, საქმეს გულს ვერ უდებდა. საღამოს მაღალი სიცხე მისცა, ერთი კვირა გაუგრძელდა. ძმრიანმა წინდებმა და ტილოებმა არ უშველა, არც წამალმა, სანამ ისევ თვითონ არ მოიკრიბა ძალა და სახელი არ დაარქვა იმას, რაც სჭირდა. რცხვენოდა, მაგრამ სხვა გზა არ ჰქონდა, უნდა გამოტყდომოდა თავს, რომ რამინა შეუყვარდა.

 

1 2 3 4 5 6 7