წასვლისწინა ლოცვა – 1

 

არა, ხვალ ვერა, ხვალ ქალაქიდან გავდივარ.

ერთნაირად ითქმის, სადაც არ უნდა მიდიოდე.

თუნდაც ნიუ იორკში,

თავაწეულად სასიარულოდ შექმნილ ქალაქში.

ესაა ჩვენს შორის განსხვავება.

სხვა ყველგან ყველაფერი ერთნაირია ბაბილონის დროიდან:

არსად არაფერი შეცვლილა.

ადამიანსაც არაფერი მიემატა, შიშის გარდა.

ღმერთმა რა ხანია, ჩაალაგა ჩემოდანი და ქალაქგარეთ წავიდა.

ბორბლებზე, როგორც ოთხთვალაზე შემოდებული ბარგი –

23 კგ. ცოტა ხელბარგიც. მომწერე. დამირეკე.

კოვიდტესტი, როგორც – ხელწერილი.

ასეთია წასვლა – ქალაქგარეთ. ქვეყნისგარეთ. სულ გარეთ.

ხომ არაფერი მავიწყდება: თუ რამე, იქ ვიყიდი

(ყიდვა – მარადიული ვნება, სიყვარულისგან განსხვავებით).

დასაწერი, წასაკითხი – სერვერზეა ატვირთული.

სულ ესაა წასვლისწინა მზადება:

აქ ატვირთავ – იქ ჩამოტვირთავ.

ღმერთო, ვიცი, რომ რაღაც დაგრჩა აქ,

რისთვისაც აუცილებლად დაბრუნდები.

დღეს იაფია უკანა გზა: ბარემ დღეს დაბრუნდი.

ჩემს წასვლამდე.

გადავიკვეთოთ. ორი წუთი ჩამოვსხდეთ. ნიღბების გარეშე.

ჩემს ენაზე მინდა, დაგელაპარაკო.

 

 

 

1 2 3 4 5 6 7 8