არაფოტოგენურობა

 

ზოგჯერ რა ლამაზი ვარ!

საუცხოო ფერისაა ჩემი თმა,

რომელიც არასოდეს შემიღებავს.

საუცხოოა ჩემი თვალები –

უცხოსთვის განკუთვნილი.

რა ლამაზი ვარ ზოგჯერ –

რუხი აღარაა დღე, მზეა.

ყველა მკვდარი მავიწყდება და

ქვისკენ პირი მიქნია (მამაჩემის გამოთქმაა) და – ცოცხლებიც.

ლამაზი ვარ ზოგჯერ.

მსუბუქი, ფარფატა.

პეპლის ფრთებიც მაქვს და პეპლის ეფექტიც.

რა ლამაზია ჩემი ასეთი მშვენიერება!

რა დიდებულია – მუსიკას ჰგავს,

სიზმრიდან გამოყოლილ ძილ-ღვიძილს.

ისეთი ლამაზი ვარ,

სურათს ვიღებ – მტკიცებულება მჭირდება!

ეს არ უნდა გექნა, ჩემო მშვენიერო თავო!

ეს ქალი არ ხარ შენ,

ეს ქალი – ბებერი და ულამაზო,

შემთხვევითაა მოხვედრილი კადრში.

შენ სხვა ხარ. სხვაგან ხარ. კადრს გარეთ ხარ.

ან კიდევ – არსებობს გამოთქმა  – არაფოტოგენური და

არაფოტოგენური ხარ შენ, ჩემო სინამდვილეში მშვენიერო თავო!

ფოტოზე შენი ალტერნატიული ვერსიაა –

როგორი შეიძლებოდა ყოფილიყავი სხვა დროს –

ხვალ, ზეგ, გუშინ.

ოღონდ დღეს არა!

დღეს ლამაზი ხარ – ყველაზე ლამაზი,

დამსახურებულად ლამაზი.

საუცხოოდ ლამაზი.

შეირგე. შეინახე. დაიმახსოვრე.

 

 

ფაროსანა

 

ზურგზე ამოტრიალებული ფაროსანა

გამწარებული იბრძვის ფეხზე დასადგომად.

მიდი, იბრძოლე, ვეუბნები, ეგაა ცხოვრება.

ფრთამოტეხილი ჯახირობს. ეტყობა, ფეხი დაადგა ვიღაცამ.

იმის ჯინაზე უნდა ადგეს. საკუთარი თავის ჯინაზეც.

მიდი, მავნებელო, ადექი, სანამ კეთილი ვარ,

გაუყევი შენს ფაროსნულ გზას ფაროსნულ ლაშქრობებში,

გაანადგურე, რაც გზაზე შეგხვდება, სანამ შენ გაგანადგურებენ.

აჰა, შეუცნობელ არიან გზანი უფლისანი:

ადგა და გაუყვა გზას გადარჩენილი, სამზეოზე გაღწეული.

მაგრამ ავდექი მეც, კაენის შვილი,

გავედი ველზე, აღვდექი მის წინააღმდეგ და მოვკალი იგი.

არაფერია უფრო დიდი სისასტიკე,

მაშინ მოგკლან, როცა გადარჩენილი გგონია თავი!

სასტიკი ვარ მე დღეს, რადგან, ძმაო აბელ – დაგაგვიანდა,

ვერ დაიჭირე წამი, როცა კეთილი ვიყავი.

წამია ყველაფერი.

ერთი წამია სიკეთიდან სისასტიკემდე.

კეთილ ინებე და ჩაეტიე.

 

 

 

1 2 3 4 5 6 7 8