უპირატესობა

 

ჩემი სახლი მიწაზე დგას.

მტკაველით არ გამიზომია,

ახლა სიდიდეები სხვა ერთეულებით იზომება.

გვერდით ახალი კორპუსი დგას და

ადამიანები შედიან და გამოდიან –

ჭიანჭველებივით ეზიდებიან თავიანთ ახალ ბინებში შესაზიდს.

ორგვლივ ღარიბული სახლებია – უშნო ხედი ზემოდან.

ჩემი სახლიც უშნო ზედხედია,

ღარიბულ სახლებს შორის ჩაკვეხებული,

უბრალოდ, სიმწვანე აყრია ფერუმარილად და

მტკივანი ხერხემლის მუხედავად, მაინც ქუსლებზე დგას –

ხანშიშესული პრანჭია ქა„ლივით.

მიწაშია ჩარჭობილი მისი ქუსლები.

მიწაში, სადაც წუხელ ჭიაყელების ბუდეს მივაგენი და

წყლის ჭავლით დავშალე

(ასე შლიან დემონსტრანტებს ჩემს ქვეყანაში).

თან ვფიქრობდი: მაინც მათი ვახშამი ვარ,

სჯობს, აქედანვე შევეჩვიო.

ვუთხრა: ჰეი, მეც ერთ-ერთი თქვენიანი ვარ…

მაინც დავშალე. დავათითოკაცე და

სანიაღვრე მილისკენ გავისტუმრე.

მომწამვლელი გაზი არ გავუშვი – დავინდე.

მერე ჩემს მიწაზე ჩამოვჯექი და უმიწო მეზობლებს ავხედე:

შუქები აანთეს, ქალებმა თმები გაიშალეს,

ბავშვმა ხმაურით გაახრიგინა სკამი სადღაც მეხუთე სართულზე.

კაცებმა აივნიდან უშნო ზედხედისკენ

უპირატესობის შეგრძნებით გადმოაფერფლეს.

ჰეი, უმიწო ხალხო,

წადით ახლა თქვენს უმიწო სიზმრებში,

პარკეტზე ჩამოსრიალებული საბნები შემოიკეცეთ.

მაცადეთ ჩემს მიწაზე ჯდომა და უპირატესობის შეგრძნებით ტკბობა:

რომ ჩემი მიწა მაქვს. არ ვიცი, რამდენი მტკაველი,

მაგრამ მაინც მიწა, რომელზეც ვზივარ

(მიწაზე არ დაჯდე – შვილი არ გეყოლება,

მაფრთხილებდა ბებიაჩემი).

თამამად ვზივარ ჩემს მიწაზე:

შვილები მყავს.

მიწა მაქვს, რომელსაც აქედანვე ვეჩვევი

და ესაა ჩემი უპირატესობა.

 

 

 

1 2 3 4 5 6 7 8