უარაფრობა

 

ვინ შემარჩენს ამდენ უარაფრო დილას.

არაფერი მაქვს გასაკეთებელი.

არაფერი მაქვს გასაკეთებელი.

რა დიდებული მანტრაა,

რა დიდებული დასვენებაა ყველა გაკეთებული საქმისგან,

რა ნაკურთხია არაფრის კეთება,

თვალიც რომ ისვენებს,

ზანტად ვაყოლებ მეზობლის ბებერ კატას,

საყვავილე ქოთნისკენ რომ მიიწევს,

მიდი, გადმოაგდე,

დღეს უქმეა,

დღეს ცის და ქვეყნის მორთულობა არ ამაღელვებს,

ყურიც ყრუა დღეს

ტყიდან მოტანილი ჩიტების ჭიკჭიკისთვის.

შესაძლოა. ასეთია სამოთხე და იქ ვარ უკვე.

არაფრის კეთებაა სამოთხე

და ამის გამო დანაშაულის გრძნობის არქონა.

გაგრძელდი არაფრის კეთებაო.

არ გათენდე.

არც დაღამდე.

ვის შერჩენია ასეთი უარაფრო დილები,

მე რომ შემრჩეს?

ასე არ ხდება – მიწა სკდებოდეს სადღაც,

ა წერტილიდან აფრენილი რაკეტა

სამშობიარო სახლს ეცემოდეს ბ წერტილში,

ქოთნის ყვავილი წყლის დასხმას ითხოვდეს,

მამაშენი მიწისქვეშ იწვეს,

შენ იწვე ამ ერთი შეხედვით უბოროტო დილას და

ბუზისთვის ხელის აქნევაც გეზარებოდეს.

მოგეკითხება ეს უარაფრო დილები!

 

 

 

1 2 3 4 5 6 7 8