წასვლისწინა ლოცვა – 2

 

…ანდა არა – იყავი, სადაც ხარ.

უკვე სალაპარაკოც არაფერია. ყველაფერი უშენოდ გადაწყდა.

„ბავშვების საკვებს ნუ გამოგზავნით – ისინი დახოცეს.“

ცა დანაღმულია. უნდა დაგეკეტა.

აწი უკვე შემოვლითი ცით მოგიწევს წამოსვლა,

რომ კიდევ ერთხელ ნახო, რაც აღარ დაგხვდება.

არ ღირს –

დარჩი, სადაც ხარ და დაგვიმახსოვრე ისეთები, როგორებიც დაგვტოვე.

ცოცხლად დაგვიმახსოვრე, ღმერთო.

ჩვენ კი,

ვინც მოვასწრებთ, წავალთ.

ვინც ვერ გავძლებთ, წავალთ.

ვინც წავიქცევით, წავალთ.

და რას წავიღებთ იქ, იმ უცხო ქვეყნებში?

სასაზღვრო კონტროლი – რასაკვირველია, ფეხსაცმლის გარეშე,

შემთხვევით არ შეგვყვეს აქაური ჭუჭყი, ჩვენებურად – მიწა.

ვერ ვთარგმნით მათ ენაზე, ვერცერთ სხვა ენაზე –

ყველა სიტყვა ვადაგასულია.

და სანამ დამწერლობაც დაიწყებს გახრწნას,

გასანთლულ წერილს ბოთლში ჩავდებთ და ზღვაში გადავაგდებთ:

რომ ძაღლმა, რომელიც ჩემს გვამთან იჯდა და მიცდიდა, როდის ავდგებოდი,

ბოლოს შემჭამა;

რომ ცოლმა, რომელსაც აუპატიურებდნენ ჩემს თვალწინ, თქვა „ღმერთო ჩემო“

და არ ვარ დარწმუნებული, რომ შენ გიგულისხმა;

რომ შვილმა, რომელიც გარბოდა და ვერ ვეწეოდი, მთხოვა: „დარჩი!“

მე დავრჩი.

ის დარჩა.

შენც დარჩი, სადაც ხარ.

ყველა დავრჩეთ ჩვენ-ჩვენს ადგილებზე.

ანუ არსად – ყველაზე საიმედო სამალავში,

სადაც ვერასდროს მოგვაგნებენ.

ბოთლი კი ალბათ ოდესმე გამოირიყება ნაპირზე

და ახალი ადამიანები თავიან ახალ ენაზე გკითხავენ:

„მიწა ჰო, მაგრამ ცა?“

 

 

 

1 2 3 4 5 6 7 8