ბებერი პოეტის გაღვიძება

 

აბა, მე რანაირი პოეტი ვარ:

ერთი წიგნი არ მაქვს დაწერილი,

ერთი პრემია არ მიმიღია,

სხვა პოეტებსაც კი არ ვიცნობ წესიერად!

 

პოეტობა თუ გინდოდა, რას თხოვდებოდი, გოგო,

რას აჩენდი წყვილ-წვილად ბავშვებს,

შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოებას რას დირექტორობდი!

ეგრე სადაა,  თან ლექსებს წერდე და თან – ინვოისებს გამოწერდე,

სალაროდან ფული გამოგქონდეს.

 

გზისპირა ბუჩქებთან მგელივით ადგილი მონიშნე და

სულ ეს იყო შენი პოეტობა.

დაიბარე ერთ დღეს (შენი პოეტი თავი) და

„იცი, მე ვთხოვდები“ – უთხარი,

„ასე აჯობებს ორივესთვის: არ დამაწერინო, არ მომაკითხო“.

 

ისიც განა გამოგეტირა! ისე ადვილად შეგელია!

შეხვედი ახალ სახლში. კარი მიიხურე,

კერიასთან ჩაცუცქდი და მუხლებზე კაბა ჩამოიქაჩე.

ერთხელ არ მოგიკითხავს  – მოკვდა თუ დარჩა!

 

დაბერდი ახლა და ისევ მოგინდა პოეტობა!

ახლა, როცა ისიც არ გახსოვს, ვინ ხარ და რა ხარ:

გუგლში წერ შენს გვარ-სახელს, რომ გაგახსენდეს.

 

პატარა გოგო-პოეტებით გავსებულა ამასობაში ქუჩა.

რძეს ფსამენ. ჭაჭას სვამენ.

დალიე შენც და გადადექი აივნიდან.

„ეჰეჰეი,“ გადასძახე,

„ძალიან ნუ ხმაურობთ, პატარა გოგო-პოეტებო,

თორემ გაიღვიძებს ბებერი პოეტი და გაგჭყლეტთ!“

 

 

 

 

1 2 3 4 5 6 7 8