პლაცებო

 

ვინც შევიყვარე, ყველა მოკვდა.

ზოგი ისე, რომ ვერც მოვასწარი გამხელა.

სანამ დანარჩენებიც დაიხოცებოდნენ,

დავიწყე ყვირილი – მიყვარხარ! მიყვარხარ!

ყველა იმ ენაზე, რომელზეც შევძელი.

ვფიქრობდი: იქნებ ესაა ვაქცინა.

დავთვალე მათი წასვლით მოყენებული ზარალი

საბუღალტრო პროგრამაში,

ისე, როგორც სეტყვის ანდა

მიწისძვრების მერე ითვლიან –

საოცარია – არც ისე დიდია….

ნიშნავს: სიყვარულიც პლაცებოა.

 

 

 

სუპერძალა

 

წერა სუპერძალა მეგონა და შევწყვიტე.

ვიფიქრე: ყველაზე ძალიან რომ გამიჭირდება, მაშინ დავწერ,

მანამდე ჩემით გავიტან თავს.

არაა შენახვა ჩემი სტილი,

ანაბარიც არასოდეს გამიხსნია ბანკში.

მარტო ეს შევინახე შავი დღისთვის

დემონებთან მებრძოლი ანიმეს გმირივით,

როგორც: წყლის სუნთქვა! მეოთხე სტილი! ცეცხლი!

დამჭირდა ახლა და გამოვიხმე,

მაგრამ დაწერისთანავე ქროლდება.

ეტყობა, ვადა გაუვიდა, როგორც _ იარაღის შენახვის უფლებას…

ესეც – შავი დღე,

როცა შენი სუპერძალა მოსახმარად კი არა,

შესანახადაც საშიშია – ერთი ნაბიჯი სასჯელამდე.

 

 

1 2 3 4 5 6 7 8