ანდერძი

 

თუ რამე – ასე ვარქმევ ერთ ფოლდერს და

როგორც შავ ყუთში, მასში ვყრი ყველაფერს,

რაც მინდა, რომ ჩემს შემდეგ დარჩეს.

აი, ეს ერთი ფოლდერი ვიქნები – სახელად თუ რამე.

ვტოვებ, როგორც ანაბარზე შენახულ კაპიკებს

და ვნიშნავ მარწმუნებელს, რომელიც, თუ რამე,

გახსნის და მთელ ამ ხარახურას

მაგიდაზე წამოაპირქვავებს მოწმეების თანდასწრებით.

 

აზომავენ, აწონიან,  შეაფასებენ და იტყვიან:

მოდი, დავლუქოთ ხანდაზმულობის ვადის გასვლამდე.

მერე კი ჩამოვწეროთ, როგორც უსარგებლო აქტივები.

 

 

 

 

როგორც უპატრონო ბავშვები

 

არის ასეთი დილებიც: ჩაიხედავ სარკეში,

გაიხედავ ფანჯარაში და იტყვი:

დღეს მთას გადავდგამ!!!

იმ ადგილიდან, სადაც დაიბადე,

იმ ადგილამდე, სადაც ახლა ცხოვრობ,

ცხრა მთა და ცხრა ზღვაა,

მაგრამ ზღვასაც გადაცურავ ასეთ დილებში…

მერე, როცა  ღამდება და

უკუღმა ითვლი, დღეს რა გააკეთე,

(თავს ანგარიშს აბარებ  – ალცჰაიმერსაც ებრძვი);

აღმოაჩენ, რომ ყველა მთა ადგილზეა.

 

თავს იმით იმართლებ: ამდენი მთიდან

რომელი ერთი უნდა აგერჩია გადასადგმელად,

უპატრონო ბავშვთა სახლიდან ამოსარჩევი ერთი ბავშვივით.

 

 

 

1 2 3 4 5 6 7 8