ზურაბ აზარაშვილი ჯანდაცვის მინისტრის თანამდებობის დატოვების შემდეგ, სოციალურ ქსელში პირველ განცხადებას ავრცელებს. ის ორწლიან საქმიანობას აჯამებს, სადაც აღნიშნულია, რომ გუნდის ერთიანი სულისკვეთებით და ირაკლი ღარიბაშვილის ძლიერი პოლიტიკური მხარდაჭერით განხორციელდა რეფორმები, რომლებზე საუბარიც ბევრს წარმოუდგენელი ეჩვენებოდა.
„გულწრფელი მადლობა მსურს, გადავუხადო ირაკლი ღარიბაშვილს ოთხი წლის წინ გამოჩენილი ნდობისთვის, 20-წლიანი საბანკო საქმიანობის შემდეგ რომ მომცა შესაძლებლობა, მემსახურა ჩემი ქვეყნისთვის, ჯერ ქვეყნის თავდაცვის მიმართულებით და 2022 წლიდან, ჯანდაცვის სამინისტროში. ამიტომ ჩემთვის უძვირფასესი ჩემი საქმიანობის მისი გულწრფელი შეფასებაა. სწორედ ამ მხარდაჭერითა და ერთსულოვნებით შევძელით სისტემაში იმ დროისთვის გადაუჭრელი პრობლემებისა და ბოლო 30 წლის განმავლობაში შეუძლებელი რეფორმების ორ წელიწადში განხორციელება.
იმ დროისთვის ჯანდაცვის სექტორში მოცემულობა იყო კრიტიკულად რთული, სუსტი კონტროლით და სრული დერეგულაციით მიღებული სავალალო შედეგები კი, მყისიერად მოსაგვარებელი. ამას თან ერთვოდა კოვიდის მიმდინარე საფრთხეები; ზოგიერთი კლინიკისა და ზოგიერთი ფარმაცევტული კომპანიის მხრიდან არაკეთილსინდისიერად ფულის მიტაცების ცხადი ფაქტები.
კლინიკებისთვის დიაგნოზთან შეჭიდული გადახდის სისტემა იყო 30 წლის მანძილზე წინამორბედი ყველა მინისტრის დიდი სურვილი, რომ დაენერგათ. პირველივე წელს შევძელით და ამოქმედდა ეს სისტემა, რომელმაც ტრანსფარენტული გახადა ყველა არაკეთილსინდისიერი მოთამაშის ქმედება და დარღვევის ყველა დეტალი ზედაპირზე გამოიტანა. სწორედ ამიტომ, დავაინიცირეთ სამედიცინო რეგულირების კანონში ცვლილება, რომელსაც, სამწუხაროდ, კიდევ უფრო დიდი პროტესტი მოჰყვა, ეს ხომ ზოგიერთისთვის არაკეთილსინდისიერად, ხალხის სიცოცხლისა და ბიუჯეტის ხარჯზე გამდიდრების შესაძლებლობას მნიშვნელოვნად ამცირებდა.
დიდი უკმაყოფილება იყო ონკოლოგიური ბავშვების მკურნალობის ნაწილში. მშობლებთან არაერთი შეხვედრის შემდეგ, გადავწყვიტეთ, დაგვენერგა ბავშვების საზღვარგარეთ მკურნალობის პროგრამა. წინა წლის აგვისტოდან, მსოფლიოს სამ ქვეყანაში, შვიდ საერთაშორისო სტანდარტის მრავალპროფილურ კლინიკაში, სრულყოფილი სერვისით ვფარავთ ბავშვთა ონკოლოგიას, რომლითაც ამ დროისთვის 60-ზე მეტმა ბავშვმა უკვე ისარგებლა,“ – წერს ყოფილი მინისტრი.