„გირჩი – მეტი თავისუფლების“ ლიდერი ამ წუთებში ერთ-ერთ კლინიკაში იმყოფება, სადაც მას ექსპერტიზა უნდა ჩაუტარდეს. ზურა ჯაფარიძეს, მისი პრესსამსახურის ცნობით, ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს. პოლიტიკოსს დაზიანება თვალის არეში აქვს მიღებული.
ინციდენტი მაშინ მოხდა, როდესაც ზურა ჯაფარიძე ბორჯომში ტრენინგის ჩასატარებლად მიდიოდა. გორთან დროებით გაჩერებულ მანქანაში მჯდომ ჯაფარიძეს უცნობი მამაკაცი დაესხა თავს, – ამის შესახებ ინფორმაციას პარტიის პრესსამსახური სოციალურ ქსელში ავრცელებს.
ზურა ჯაფარიძე უკვე იმყოფებოდა პოლიციის განყოფილებაში, სადაც მან სამართალდამცველების შეკითხვებს უპასუხა. პოლიციაში გამოიკითხებიან მისი თანმხლები პირებიც. გავრცელებული ცნობით, თავდასხმა პატრიარქის შესახებ ჯაფარიძის ბოლოდროინდელ განცხადებებს უკავშირდება.
მომხდართან დაკავშირებით, კომენტარებს აკეთებენ პოლიტიკოსები. „ლელოს“ ერთ-ერთი ლიდერის, ბადრი ჯაფარიძის განცხადებით, ის სრულ სოლიდარობას უცხადებს ზურა ჯაფარიძეს და ყველა იმ ახალგაზრდას, ვისზეც თავდასხმა განხორციელდა.