ზაზა სარალიძის შეხვედრა პრემიერ-მინისტრთან

ზაზა სარალიძე ხელისუფლებას ვადას 10 ივნისამდე აძლევს.

ხორავას ქუჩაზე მოკლული არასრულწლოვნის მამა პრემიერთან შეხვედრის შემდეგ გამოძიებისგან კონკრეტულ ნაბიჯებს ელოდება.

მოთხოვნა უცვლელი რჩება: სარალიძე ითხოვს, დააკავონ მისი შვილის მკვლელები და ის ადამიანები, რომლებიც თვეების განმავლობაში დანაშაულში მონაწილეებს ხელს აფარებდნენ. სახელდება კონკრეტული გვარები. სხვა შემთხვევაში, მოკლული მოზარდის მამა უკან დახევას და პოზიციის შეცვლას არ აპირებს.

შეხვედრის დასრულების შემდეგ ვრცელდება მთავრობის ადმინისტრაციის განცხადება, რომლის მიხედვით, პრემიერმა მოკლულთა ოჯახებს პირადად მიუსამძიმრა და უთხრა, რომ მომხდარი მისთვისაც ისეთივე ტრაგედიაა, როგორც ნებისმიერი ადამიანისთვის. ასევე, ზაზა სარალიძემ პირობა მიიღო, რომ სახალხო დამცველის მეშვეობით საქმის მასალებზე წვდომა ექნება.