„სამართლიანმა არჩევნებმა“ და „დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოებამ“ წინასაარჩევნო პერიოდის მონიტორინგის მეორე შუალედური ანგარიში წარადგინა.
დოკუმენტში მიმოხილულია 9-დან 30 სექტემბრის ჩათვლით პერიოდი, თუმცა, ანგარიში მოიცავს გარკვეულ მოვლენებსაც, რომლებიც ამ პერიოდს მიღმა ახდენდა გავლენას საარჩევნო პროცესზე.
დოკუმენტის მიხედვით გამოვლინდა პოლიტიკური ნიშნით დაპირისპირების ერთი; ამომრჩევლის სავარაუდო მოსყიდვის ერთი; აგიტაციის წესების დარღვევის 12; ადმინისტრაციული რესურსის გამოყენების ცხრა; კამპანიისთვის ხელის შეშლის რვა და სააგიტაციო მასალების დაზიანების 14 ფაქტი.
ასევე, დაფიქსირდა „გირჩის“ ინიციატივა, საარჩევნოდ ტოტალიზატორის მოწყობასთან დაკავშირებით, რომელსაც ორგანიზაცია კანონდარღვევად აფასებს.
ორგანიზაციამ ცესკო-ს 17 საჩივრით მიმართა, რომელთა უმრავლესობა საჯარო მოხელეების მიერ უკანონო აგიტაციას შეეხებოდა, როგორც სოციალური ქსელებით, ისე აქტიური ქმედებებით.