არაღიარებულ მთიან ყარაბაღში აცხადებენ, რომ აზერბაიჯანის ქალაქ განჯის სამხედრო აეროპორტი განადგურებულია. „განჯის სამხედრო აეროპორტი გაქრა“ – განაცხადა მთიანი ყარაბაღის ე.წ. პრეზიდენტის პრეს-მდივანმა, თავად ყარაბაღის ე.წ. პრეზიდენტი, აზერბაიჯანის მოქალაქეებს მიმართავს, დატოვონ ის ქალაქები, სადაც სამხედრო ობიექტებია განთავსებული. ქალაქ განჯის მიმართულებით, ყარაბაღის მხრიდან ცეცხლის გახსნის ფაქტს, ქვეყნის თავდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით, ადასტურებს აზერბაიჯანის საზოგადოებრივი მაუწყებელიც. სომხეთის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, 3 ოქტომბერს აზერბაიჯანის არმიამ 450-მდე ჯარისკაცი, 100-ზე მეტი ჯავშანტექნიკა, 10 უპილოტო თვითმფრინავი, სამი თვითმფრინავი და ერთი ვერტმფრენი დაკარგა. აზერბაიჯანის პრეზიდენტი სომხური მხარის მიერ კონტროლირებადი კიდევ შვიდი სოფლის დაკავების შესახებ აცხადებს. ამასთან, აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტრო ამის ამსახველ ვიდეოკადრებსაც ავრცელებს. მანამდე, ილჰამ ალიევმა განაცხადა, რომ აზერბაიჯანის არმიამ ძალების დაშორიშორების ხაზთან მდებარე სოფელ მადაგიზში აზერბაიჯანის დროშა აღმართა. სომხურ მხარეს აზერბაიჯანის ძალების მიერ სოფლების დაკავებასთან დაკავშირებით ოფიციალური კომენტარი არ გაუკეთებია.