ისევ სროლის ხმა ისმის დონეცკის რეგიონიდან საევაკუაციო მარშრუტზე, საიდანაც შეთანხმების მიხედვით, მშვიდობიან მოსახლეობას ტერიტორია უნდა დაეტოვებინა. საბრძოლო მოქმედებების გამო, მოქალაქეთა გაყვანის პროცესი შეჩერებულია. ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს. განცხადებები გააკეთეს ვიცე-პრემიერმა და მარიუპოლის მერმაც.
ადგილობრივები სამ ლოკაციაზე იყვნენ შეკრებილები, საიდანაც მწვანე დერეფნის საშუალებით, ზაპოროჟიესა და დნეპრის მიმართულებით უნდა გამგზავრებულიყვნენ, თუმცა მარიუპოლის საქალაქო საბჭოს ინფორმაციით, რუსული ჯარები ისევ განაგრძობენ ქალაქისა და მისი შემოგარენის დაბომბვას.
ამასთან, უკრაინის ვიცე-პრემიერის ცნობით, ჰუმანიტარული ტვირთის გადასაზიდად დაწესებული დროებითი ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმის მიუხედავად, რუსეთის ჯარებმა ვოლნოვახის დაბომბვა მძიმე შეიარაღებით დაიწყეს. ახლა უკრაინის ხელისუფლება მოლაპარაკებებს აწარმოებს რუსულ მხარესთან, მარიუპოლიდან მშვიდობიანი მოსახლეობის ევაკუაციის მთელ მარშრუტზე დუმილის რეჟიმის დასადასტურებლად.