ვითარება უკრაინაში

აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში დონალდ ტრამპის გამარჯვების შემდეგ, უკრაინის მთავრობა დამატებით საბრძოლო იარაღის მოპოვებასა და ბრძოლის ველზე პოზიციების დაკავებას ცდილობს, რომ გააძლიეროს თავისი პოზიცია რუსეთთან მომავალ სამშვიდობო მოლაპარაკებებში, – ამის შესახებ „როიტერი“ უკრაინელ მაღალჩინოსანზე დაყრდნობით წერს. როგორც „როიტერთან“ საუბარში მაღალჩინოსანმა ანონიმურობის დაცვით განაცხადა, შემდეგი ოთხი-ხუთი თვე იქნება გადამწყვეტი ამ ომში. როგორც მაღალჩინოსანი ამბობს, უკრაინაში ახლა ელოდებიან, თუ ვინ დაიკავებს ტრამპის ადმინისტრაციაში მთავარ პოზიციებს, რათა მიხვდნენ, რა პოლიტიკას გაატარებენ თანამდებობის პირები უკრაინასთან მიმართებით. უკრაინაში შიშობენ, რომ ტრამპმა, შესაძლოა, შეუწყვიტოს კიევს დახმარება და მაღალჩინოსანი იმედოვნებს, რომ ბაიდენის ადმინისტრაცია ეცდება ამ რისკის თავიდან აცილებას დახმარების ტემპის დაჩქარებით.