ვითარება უკრაინაში

დონბასში გასული ღამის განმავლობაში ერთი უკრაინელი სამხედრო დაიღუპა. უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით აცხადებს, რომ რუსეთის სამხედრო ფორმირებებმა ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმი 17-ჯერ დაარღვიეს. მათივე ცნობით, რუსეთის სამხედრო ფორმირებებმა აკრძალული ნაღმტყორცნები და ყუმბარმტყორცნები გამოიყენეს. ამავდროულად, დიდი შვიდეულის ქვეყნებმა შეშფოთება გამოთქვეს უკრაინის საზღვართან რუსეთის სამხედროების გააქტიურების გამო. დიდი შვიდეულის ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრები და ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო და უსაფრთხოების საკითხებში, მოუწოდებენ რუსეთს შეწყვიტოს პროვოკაციები და დაუყოვნებლივ განმუხტოს ვითარება. უკრაინის აღმოსავლეთ რეგიონებში სიტუაცია აპრილის დასაწყისში დაიძაბა.

მოამბე