საოკუპაციო რეჟიმის მორიგი უკანონო ქმედება. ე.წ. ბორდერიზაციის პროცესი გრძელდება. ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ დვანის მიმდებარედ, უკანონოდ დაამონტაჟეს ლითონის ბოძები და მავთულხლართები, – ამის შესახებ ინფორმაციას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ავრცელებს. ფაქტთან დაკავშირებით, გააქტიურდა ცხელი ხაზი. ინფორმირებულია ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია.
„საოკუპაციო ძალების უკანონო აქტივობების თითოეული შემთხვევა, მათ შორის უკანონო ე.წ. ბორდერიზაცია, საქართველოს ცენტრალური ხელისუფლებისა და ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების მწვავე რეაგირების საგანს წარმოადგენს. საკითხი მწვავედ დაისმება ერგნეთის ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის შეხვედრის ფარგლებში, ასევე, ჟენევის საერთაშორისო დისკუსიებზე. უკანონო ე.წ. ბორდერიზაცია და მის ფარგლებში აღმართული უკანონო ინსტალაციები ხელს უშლის თავისუფალ გადაადგილებას, ართულებს ადგილობრივი მოსახლეობის ყოველდღიურ ცხოვრებას და აზიანებს ადგილზე არსებულ უსაფრთხოების გარემოს. მიმდინარე პროცესზე სრული პასუხისმგებლობა ეკისრება საოკუპაციო ძალას“, – აღნიშნულია სუს-ის ინფორმაციაში.