პოლონეთის პრეზიდენტის სასახლეში დაკავებულმა ყოფილმა შინაგან საქმეთა მინისტრმა მარიუშ კამინსკიმ შიმშილობა დაიწყო. ყოფილი მაღალჩინოსანი განმარტავს, რომ მის წინააღმდეგ საქმე პოლიტიკურად მოტივირებულია, რასაც კატეგორიულად არ ეთანხმებიან პოლონეთის იუსტიციის სამინისტროში. იუსტიციის მინისტრის მოადგილემ ვარშავაში გამართულ პრესკონფერენციაზე თქვა, რომ დაკავებულები არ არიან პოლიტპატიმრები და მათ მიმართ ამ ტერმინის გამოყენება შეურაცხმყოფელია სხვა პოლიტპატიმრების მიმართ მთელს მსოფლიოში, რომლებიც ამ დრომდე ციხეებში რჩებიან. კამინსკის და მასთან ერთად დაკავებულ ყოფილ სახელმწიფო მდივანს, მაჩეი ვასიკს მხარდაჭერა გამოუცხადა თანაპარტიელმა პრეზიდენტმა, ანჯეი დუდამ, რომელმაც მოქალაქეებს მოუწოდა, მშვიდობიანად წარმართონ საპროტესტო აქცია, თუკი ასეთი აქციის ჩატარების სურვილი ექნებათ.