მზადყოფნა ძლიერდება ჰოსპიტალურ სექტორში.
მიმდინარეობს „კოვიდ-19“-ით ინფიცირებულ პაციენტთა მიმღები კლინიკების დამატება და საწოლების მობილიზება გაზრდილი ნაკადების სამკურნალოდ. უსიმპტომო ან მსუბუქი პაციენტების ნაწილი კი სასტუმროებშია გადანაწილებული. ამ მომენტისთვის ახალი კორონავირუსით 1004 მოქალაქე მკურნალობს, მაშინ როცა პიკის დროსაც კი კლინიკებში მყოფ ინფიცირებულთა რაოდენობა გამოჯანმრთელებულთა ფონზე 300-ს არ ასცილებია. ამ ეტაპზე ჰოსპიტალური სექტორი დატვირთვას უძლებს, თუმცა რამდენიმე კლინიკაში უკვე ადგილების დეფიციტია. ხდება ე.წ. სარეზერვო კლინიკების მობილიზებაც, რათა ისინი საჭიროების, ანუ ინფიცირებულთა ზრდის დინამიკის გაგრძელების შემთხვევაში მკურნალობის პროცესში ჩართონ.