სოფელ ქვემო ბოლნისსა და მიმდებარე ოთხ სოფელში მკაცრი საკარანტინე რეჟიმი მოიხსნა.
პირველი აპრილის შემდეგ გამკაცრებულ პირობებში მყოფი ხუთი სოფლის მცხოვრებლებს, დღეიდან ერთმანეთთან მიმოსვლა შეზღუდვების გარეშე შეეძლებათ. თუმცა მოქალაქეები ვერ შეძლებენ იმ დასახლებებში გადაადგილებას, სადაც ჯერ კიდევ მკაცრი საკარანტინე რეჟიმი მოქმედებს.
ახალი წესების შესახებ ქალაქის მერი და მაჟორიტარი დეპუტატი დღეს ადგილობრივებს ესაუბრნენ. ასევე დასახლებაში მოხალისეთა ჯგუფებმა სამ ენაზე საინფორმაციო პლაკატები გააკრეს.
ქვემო ბოლნისსა და მიმდებარე ოთხ სოფელში ექვსი აპრილის შემდეგ კორონავირუსის შემთხვევა არ გამოვლენილა, რის შემდეგაც ორი საინკუბაციო ვადაა გასული, შესაბამისად ეპიდემიოლოგების მხდრიდან შეზღუდვების მოხსნის რეკომენდაცია გაიცა.
რაც შეეხება მუნიციპალიტეტში არსებულ ეპიდვითარებას, 15 გაგზავნილი ნიმუშიდან ლაბორატორიული კვლევის შედეგებით ყველა უარყოფითია. მათ შორის იყო ბოლნისის ცხელების ცენტრში მყოფი ოთხი პაციენტი და სასწრაფო სამედიცინო დახმარების 11 პერსონალი. ორი დღეა მუნიციპალიტეტში კორონავირუსის შემთხვევა არ დაფიქსირებულა. ამ დროისთვის 120 დადასტურებული შემთხვევაა, მათგან 24 გამოჯანმრთელდა, სამი გარდაიცვალა.