აშშ-ის სენატის საგარეო კომიტეტის აპარატის უფროსის, კრის სოჩას გიორგი ვაშაძესთან, ლევან ხაბეიშვილთან და გიორგი გახარიასთან შეხვედრას შეფასებები მოჰყვა პოლიტიკურ სპექტრში. გიორგი ვაშაძის განცხადებას, რომ აპარატის უფროსთან სანქციებთან დაკავშირებით ისაუბრეს, მიესალმებიან „ნაციონალურ მოძრაობაშიც“, მათი პოზიციაა, რომ კონკრეტული პირების მიმართ სანქციები უნდა დაწესდეს და არ მალავენ, რომ საკითხზე პარტნიორებთან დიდი ხანია მუშაობენ. ოპოზიციის ნაწილი აცხადებს, რომ პარტნიორები სანქციებს მხოლოდ მტკიცებულებების არსებობის შემთხვევაში, ნებისმიერი პირის მიმართ გამოიყენებენ. მმართველი გუნდი კი სანქციების მოთხოვნას ევროინტეგრაციის პროცესის ხელისშეშლად აფასებს და ოპოზიციური პარტიების პოლიტიკას მავნებლურ ქმედებას უწოდებს.