რა სახით შეიძლება გატარდეს საქართველოში ევროკომისიის მოთხოვნებში არსებული მართლმსაჯულების რეფორმა. რეფორმის აუცილებელ ნაწილად ე.წ. ვეტინგს ასახელებენ „ნაციონალურ მოძრაობაში“, რაც მოსამართლეთა ხელახალ შეფასებაში საერთაშორისო ექსპერტების მონაწილეობას გულისხმობს. ნაფიც მსაჯულთა ინსტიტუტის გაძლიერებაში ხედავს გზას პარტია „გირჩი“, სადაც მიიჩნევენ, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ სასამართლო რეფორმაში არ უნდა იყოს ჩართული. ყოფილი სახელისუფლებო პარტიის მოთხოვნები და ჩართულობა მართლმსაჯულების რეფორმაში მიუღებელია გიორგი გახარიას გუნდისთვის. „ქართულ ოცნებაში“ კი მიიჩნევენ, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ ინიციატივა მხოლოდ პარტიულ ინტერესს ემსახურება.
საკითხს დღეს ევროკავშირის ელჩი გამოეხმაურა. დიპლომატი ამბობს, რომ თბილისსა და ბრიუსელს შორის მიმდინარეობს კომუნიკაცია, თუ რას ნიშნავს მოსამართლეთა ვეტინგი.