„ვეტინგის“ მოდელის ინიცირების გამო ვნებათაღელვაა სასამართლო სისტემაში.
ცხრა მოსამართლის განსხვავებულმა პოზიციამ საკმაოდ მძიმე რეაქციები გამოიწვია. არაკოლეგიალობასა და კოლეგების პროფესიული ღირსების შელახვაში ადანაშაულებენ სხვადასხვა ინსტანციის სასამართლოების იმ მოსამართლეებს, რომლებიც უცხოელი ექსპერტების მხრიდან მოსამართლეთა კეთილსინდისიერების და ქონების შემოწმების სისტემის დანერგვას მხარს უჭერენ. უზენაესი სასამართლოს ოფიციალური განცხადების შემდეგ მოსამართლეებს პოზიციების დაფიქსირება ინდივიდუალურად უწევთ. „ვეტინგისთვის“ ხელოვნური საფუძვლების შექმნის კონტექსტში განიხილება ის ინფორმაციაც, რომელიც ცალკეული მოსამართლეების ქონებაზე ვრცელდება. ოპოზიციის ნაწილის მიერ ინიცირებული წინადადება დავის საგანია პოლიტიკურ სივრცეშიც. თუ ინიციატორებისთვის ევროკომისიის მიერ მოთხოვნილი სასამართლო რეფორმა „ვეტინგზე“ გადის, ხელისუფლება და მოსამართლეების უმეტესობა ინიციატივის მიღმა მართლმსაჯულებაზე პოლიტიკური გავლენების მოპოვების მცდელობას ხედავს.