„ვეტინგის სისტემის“ ამოქმედების მოთხოვნა

ე.წ. ვეტინგმა აზრი სასამართლო სისტემაშიც გაყო.

ხუთი მოსამართლე ოპოზიციის ნაწილის მიერ ინიცირებულ და მესამე სექტორის მხრიდან მხარდაჭერილ მოდელს სრულად იზიარებს. მათი პოზიცია მკვეთრ წინააღმდეგობაშია უზენაესი სასამართლოს ოფიციალურ განცხადებასთან, სადაც მოლდოვასა და ალბანეთში დანერგილი მექანიზმი მწვავედ არის გაკრიტიკებული. „ვეტინგის“, ანუ უცხოელი ექსპერტების მიერ მოსამართლეთა კეთილსინდისიერებისა და ქონების შემოწმების სისტემაზე დავა ახალ ბრალდებებში გადაიზარდა. პრემიერის და მმართველი პარტიის ცალკეულ წევრთა გუშინდელი კომენტარების გამო არასამთავრობო ორგანიზაციები ხელისუფლებას გასხვავებული აზრის მქონე მოსამართლეებზე შეტევაში ადანაშაულებენ.

ევროკომისიის რეკომენდაციის საფუძველზე სასამართლოს რეფორმირება თუ მართლმსაჯულების გაკონტროლების მცდელობა – რამდენიმე ოპოზიციური პარტიის მიერ ინიცირებულ მოდელს მოწინააღმდეგეები ოპოზიციაშიც ჰყავს.