ვენეციის კომისიის ვიზიტი - შეფასებები

ვენეციის კომისიის დელეგაციის ვიზიტს ოპოზიცია მნიშვნელოვანს უწოდებს და აცხადებს, რომ კომისიის შეფასებები არის ერთ-ერთი მძლავრი ინსტრუმენტი, რომლის საშუალებითაც ხელისუფლებას მანიპულაციის შესაძლებლობა ვერ ექნება. რაც შეეხება მმართველ გუნდს, ისინი ვენეციის კომისიასთან თანამშრომლობას კონსტრუქციულს უწოდებენ.

ვენეციის კომისიის დელეგაციამ პირველი შეხვედრა პარლამენტის თავმჯდომარესთან გამართა, შემდგომ კი, „ქართული ოცნების“ თავმჯდომარეს, საპარლამენტო უმრავლესობის და ოპოზიციის წარმომადგენლებს შეხვდა. მოგვიანებით, შეხვედრები პრემიერთან და პრეზიდენტთან გაიმართა. მხარეებმა საქართველოსა და ვენეციის კომისიის თანამშრომლობა განიხილეს, დისკუსიების დროს განხილვის მთავარი თემა სასამართლო და საარჩევნო რეფორმა იყო.

პოლიტიკოსების შეფასებები ვენეციის კომისიის დელეგაციის შემაჯამებელ პრესკონფერენციას მოჰყვა, რომელიც გუშინ, დღის ბოლოს გამართეს და განაცხადეს, რომ ნაყოფიერი შეხვედრები ჰქონდათ სხვადასხვა უწყებასთან, რა დროსაც, კომისიის რეკომენდაციებთან დაკავშირებით ისაუბრეს.