კიდევ ერთი სადავო კანონპროექტი პირველი მოსმენით მიღებულია.
არასრულწლოვანთა და ოჯახური ღირებულებების დაცვის მოტივით მომზადებული საკანონმდებლო პაკეტის პირველმა კენჭისყრამ ოპოზიციის გარეშე ჩაიარა. ხელისუფლების შეთავაზების მიუხედავად, ოპონენტები დღეს, მცირე გამონაკლისის გარდა, დარბაზში არ შევიდნენ. ოპოზიციის დიდი ნაწილი წარდგენილ ცვლილებებს პიარაქციად და წინასაარჩევნო პროექტად აცხადებს და განხილვებში მონაწილეობას არც მომავალში აპირებს. „ქართული ოცნების“ მიერ ლგბტ და ფსევდოლიბერალური პროპაგანდისგან დაცვის არგუმენტით ინიცირებულ პაკეტს, ისევე როგორც ბოლო პერიოდში მომზადებულ სხვა ინიციატივებს, ვენეციის კომისია აკრიტიკებს. მმართველი გუნდისთვის ევროპელი ექსპერტების შენიშვნები სამართლებრივის ნაცვლად პოლიტიკურ ხასიათს ატარებს.