„საერთო სასამართლოების შესახებ“ კანონში ცვლილებებზე მოსაზრებას აქვეყნებს ვენეციის კომისია. სამართლის ევროპელი ექსპერტები მიესალმებიან 2023 წლის ივნისში მიღებულ ზოგიერთ შესწორებას, ისევე, როგორც სექტემბრის ცვლილებებს, მაგრამ კომისია აღნიშნავს, რომ მის მიერ აქამდე გაცემული მნიშვნელოვანი რეკომენდაციები ჯერ არ არის გათვალისწინებული. კომისია მოუწოდებს ხელისუფლებას, გაატარონ რეფორმის სტრატეგია დაუსაბუთებელი შეფერხების გარეშე“. დოკუმენტში აღნიშნულია, რომ 2023 წლის მარტის დასკვნაში კომისიამ ხუთი ძირითადი რეკომენდაცია დაასახელა. ეს ეხება იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ყოვლისმომცველ რეფორმას, ასევე, საბჭოს ფართო უფლებამოსილების შეზღუდვას მოსამართლეთა გადაყვანის ან მივლინებისას. მესამე ძირითადი რეკომენდაცია იყო მოსამართლეთა თანამდებობიდან გათავისუფლების პროცედურის გადახედვა. კომისია მიესალმება შესაბამის ცვლილებებს და მიიჩნევს, რომ ეს რეკომენდაცია შესრულებულია; მეოთხე რეკომენდაცია მოსამართლის მიერ „პოლიტიკური ნეიტრალიტეტის“ პრინციპის დარღვევის გამო, მოსამართლის დისციპლინური პასუხისმგებლობის საფუძვლების შეზღუდვას ეხებოდა, რაც ნაწილობრივ შესრულდა. ასევე, ნაწილობრივ არის შესრულებული უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებების სავალდებულო ხასიათის გაძლიერების შესახებ რეკომენდაცია. დოკუმენტში აღნიშნულია, რომ ვენეციის კომისია რჩება საქართველოს ხელისუფლებისა და საპარლამენტო ასამბლეის განკარგულებაში, აღნიშნულ საკითხში შემდგომი დახმარებისთვის.